ახალი ამბები

დოლიძის თქმით, სავიზო რეჟიმის გაუქმების გამო რუსეთიდან განსაკუთრებულ საფრთხეს არ ელიან

3 თებერვალი, 2017 • 2965
დოლიძის თქმით, სავიზო რეჟიმის გაუქმების გამო რუსეთიდან განსაკუთრებულ საფრთხეს არ ელიან

ევროპულ და ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელისუფლება ფართომასშტაბიან კამპანიას გეგმავს.

“გვინდა, მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ მოქალაქეებს კონკრეტულ დეტალებზე. ეს იქნება მასშტაბური კამპანია, გამოვიყენებთ მიწისქვეშა და მიწისზედა ტრანსპორტს, ჩავალთ რეგიონებში, ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ ადგილებში და სხვა. ასევე, მედიით გავავრცელებთ ინფორმაციას, რათა მოსახლეობა ინფორმირებული იყოს,” – ამბობს ვიქტორ დოლიძე.

მისივე თქმით, სავიზო რეჟიმის გაუქმების გამო რუსეთისგან განსაკუთრებულ საფრთხეს ხელისუფლება არ ელოდება:

“რუსეთი ისედაც საფრთხეა. რუსეთი ოკუპანტია, ცენტრალური მაგისტრალიდან 2 კილომეტრში დგას. ამიტომ რაიმე განსაკუთრებული საფრთხეების მოლოდინში აღარ ვართ უკვე, იმის მიუხედავად, რომ კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ, რათა ეკონომიკური, კულტურული, ხალხთაშორისი ურთიერთობა გაუმჯობესდეს. თუმცა რუსეთი ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომელიც ცივილური სამყაროსგან შორს დგას. ჩვენ ევროკავშირში ინტეგრაციის პარალელურად შევეცდებით, რუსეთთან კეთილმეზობლურ, ნორმალურ დამოკიდებულებაში ვიყოთ. ბუნებრივია, გეოგრაფიას ვერ შევიცვლით, მაგრამ ჩვენი უპირველესი მიზანია სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში,” – აღნიშნავს დოლიძე.

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, მასზე მეტად არავის ეჩქარება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, თუმცა დღეს წევრობაზე განაცხადის გაკეთება მიზანშეუწონლად მიაჩნია:

“ჩვენ მიზანმიმართულები და თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ, კონკრეტულად შედეგებზე ორიენტირებულად უნდა წავიდეთ და არა ისტერიულები. ისტერიას კარგი არასდროს მოაქვს”.

მისივე თქმით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის განცხადება, რომ აფხაზები უვიზო მიმოსვლით არ ისარგებლებენ, პუტინის ოკუპანტური რეჟიმის განცხადებაა:

“აფხაზური მხარე კი არ აცხადებს ამას, არამედ პუტინის ოკუპანტური რეჟიმი და მეტი არავინ. ჩვენ ვაგრძელებთ იგივე ნაბიჯების გადადგმას, რასაც აქამდე ვაკეთებდით.”

2 თებერვალს ევროპარლამენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა.  გაუქმებას ხმა მისცა 553-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი აღმოჩნდა 66, ხოლო თავი შეიკავა 28 დეპუტატმა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების ოფიციალური განცხადების თანახმად, აფხაზეთში მაცხოვრებლებს ეს ცვლილება არ ეხებათ:

“აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრი საჭიროდ მიიჩნევს აღნიშნოს, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე და აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს არ შეეხება”, – წერია განცხადებაში.

ეს იყო ევროპარლამენტის ფინალური კენჭისყრა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე, თუმცა უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე კიდევ რჩება რამდენიმე პროცედურა:

  • შემდგომი პროცედურის თანახმად, რეგულაციას  დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო მინისტრების დონეზე.
  • ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ხელმოწერის შემდეგ რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში.
  • ამის შემდეგ უვიზო რეჟიმი ოფიციალურად 20 დღეში ძალაშია, თუმცა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროპარლამენტში შეჩერების მექნიზმზე კენჭისყრა ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოში თებერვლის ბოლომდე დასრულდება.

საქართველოს მთავრობაში ვარაუდობენ, რომ უვიზო რეჟიმი საბოლოოდ ძალაში მარტის ბოლოდან ან აპრილის დასაწყისიდან შევა.

“იმედი გვაქვს, რომ დარჩენილი საკანონმდებლო პროცედურები უახლოეს პერიოდში დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, შეძლებენ ისარგებლონ ევროკავშირის/ შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმით (90 დღე 180 დღის განმავლობაში)”, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი