ახალი ამბები

ევროპარლამენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა

2 თებერვალი, 2017 • 4565
ევროპარლამენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა. საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას ხმა მისცა 553-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი აღმოჩნდა 66, ხოლო თავი შეიკავა 28 დეპუტატმა.

ეს იყო ევროპარლამენტის ფინალური კენჭისყრა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე, თუმცა უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე კიდევ რჩება რამდენიმე პროცედურა:

[checklist]

  • შემდგომი პროცედურის თანახმად, რეგულაციას  დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო მინისტრების დონეზე.
  • ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ხელმოწერის შემდეგ რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში.
  • ამის შემდეგ უვიზო რეჟიმი ოფიციალურად 20 დღეში ძალაშია, თუმცა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროპარლამენტში შეჩერების მექნიზმზე კენჭისყრა ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოში თებერვლის ბოლომდე დასრულდება.

[/checklist]

საქართველოს მთავრობაში ვარაუდობენ, რომ უვიზო რეჟიმი საბოლოოდ ძალაში მარტის ბოლოდან ან აპრილის დასაწყისიდან შევა.

“იმედი გვაქვს, რომ დარჩენილი საკანონმდებლო პროცედურები უახლოეს პერიოდში დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს შეძლებენ ისარგებლონ ევროკავშირის/ შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმით (90 დღე 180 დღის განმავლობაში)”, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი