ახალი ამბები

“ISIS საქართველოს ტრანზიტისთვის იყენებს” – ევროპარლამენტარი “რეზონანსზე” დაყრდნობით

2 თებერვალი, 2017 • 5768
“ISIS საქართველოს ტრანზიტისთვის იყენებს” – ევროპარლამენტარი “რეზონანსზე” დაყრდნობით

ევროპარლამენტარი დიდი ბრიტანეთიდან, სტივენ ვულფი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოწინააღდეგეა. ამის მიზეზად კი ტერორიზმის საფრთხის გაზრდას ასახელებს. ვულფი ქართულენოვან გაზეთ “რეზონანსზე” დაყრდნობით აცხადებს, რომ ტერორისტული დაჯგუფება ISIS საქართველოს იყენებს, როგორც დერეფანს ევროკავშირის ქვეყნებში გადასასვლელად.

“დღეს მართლაც სასწაული ხდება. ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში ვიმყოფებით, რომელშიც ჩვენ უკვე ვიხილეთ შედეგები. ევროკავშირი და მისი სურვილი, რომ განაგრძოს გაფართოება, თავის ზეგავლენას ახდენს: პირველი გახლავთ ის, რომ შეიძლება უშვებდეს იმავე შეცდომებს, ვინაიდან ის არ ამოწმებს, ვინ შემოდის [ევროკავშირის წევრ ქვეყნებში]. მაშინ, როდესაც განსახილველი გახლავთ ტერორიზმის საფრთხე და საზღვრის საკითხები, ასევე, ISIS-ის დაჯგუფება, რომელიც სპეციალური ტრანსპორტით საქართველოს გავლით გადმოდიოდა. გასული წლის ივნისში ქართული გაზეთი  “რეზონანსი” იუწყებოდა, რომ 600–700 ტერორისტი გადმოვიდა საქართველოდან ევროპაში. გთხოვთ, ნუ დაუშვებთ შეცდომას, მიუხედავად იმისა, რომ გაგაჩნიათ სურვული, გააფართოოთ მასშტაბები,” – განაცხადა ევროპარლამენტარმა, სტივენ ვულფმა დიდი ბრიტანეთიდან.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ისლამურმა სახელმწიფომ” საქართველოში გურჯისტანის ვილაიეთი შექმნა, გაზეთმა “რეზონანსმა” სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიაზე დაყრდნობით 2015–16 წლებში ორჯერ გაავრცელა, რასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა ტყუილი უწყოდა.

ნეტგაზეთმა ვახტანგ მაისაიასთან სცადა დაეზუსტებინა, რა ინფორმაციას ფლობს იგი. მან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ ეს ინფორმაცია აქვს, როგორც ღია, ასევე, თავისი წყაროებიდან, რომლის ვინაობასაც ვერ გაამხელს. რაც შეეხება ღია წყაროებს, ანალიტიკოსის თქმით, მსგავსი ინფორმაცია BBC-მ და CNN-მაც გაავრცელეს, თუმცა ნეტგაზეთმა შესაბამისი ნიუსები ვერ მოძებნა.

2 თებერვალს, საქართველოს დროით 12:00 საათზე, ევროპარლამენტი განიხილავს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს. მომხსენებელი დეპუტატი მარია გაბრიელია. 14-დან – 16 საათამდე დროის პერიოდში, ევროპარლამენტარები ამ საკითხს კენჭს უყრიან და გადაწყვეტენ, დაუჭერენ თუ არა  საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის ზონაში უვიზოდ დაშვების გადაწყვეტილებას მხარს. იმისათვის, რომ საკითხი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდეს, საჭიროა პლენარულ სხდომაზე დამსწრე დეპუტატთა ქვორუმის უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერა.

ეტივენ ვულფი, ევროდეპუტატი დიდი პრიტანეთიდან. ფოტო: PA

ეტივენ ვულფი, ევროპარლამენტარი დიდი პრიტანეთიდან. ფოტო: PA

მასალების გადაბეჭდვის წესი