ახალი ამბები

გომელაური: გურჯისტანის ვილაიეთზე გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია

18 ნოემბერი, 2015 • • 2352
გომელაური: გურჯისტანის ვილაიეთზე გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია

ეს განცხადება გომელაურმა დღეს, 18 ნოემბერს გააკეთა კრიზისებისა და უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.


 

“ვილაიეთი არ შექმნილა ჯერ, ეგ არის ტყუილი ინფორმაცია”, – თქვა გომელაურმა.

 

 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ისლამურმა სახელმწიფომ” საქართველოში გურჯისტანის ვილაიეთი შექმნა, 10 ნოემბერს გაზეთმა “რეზონანსმა” გაავრცელა სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიაზე დაყრდნობით:


“მალე 10-წუთიანი კლიპიც გამოვა, სადაც საქართველოდან წასული ჯიჰადისტები წარმოჩინდებიან და, სავარაუდოდ, მაშინ გახდება ცნობილი ვილაიეთის ხელმძღვანელის ვინაობაც. როგორც ჩანს, გურჯისტანის ვილაიეთის მთავარი დანიშნულება იქნება უზრუნველყოს სატრანზიტო კომუნიკაცია ჩრდილო კავკასიასთან, რომლის მიმართაც ისლამურ ხალიფატს საკმაოდ დიდი ინტერესი გააჩნია”, – ამბობს მაისაია რეზონანსის სტატიაში.


ნეტგაზეთმა მაისაიასთან სცადა დაეზუსტებინა, რა ინფორმაციას ფლობს იგი. მაისაიამ სატელეფონო საუბარში თქვა, რომ ეს ინფორმაცია აქვს, როგორც ღია, ასევე თავისი წყაროებიდან, რომლის ვინაობასაც ვერ გაამხელს. რაც შეეხება ღია წყაროებს, ანალიტიკოსის თქმით, მსგავსი ინფორმაცია BBC-მ და CNN-მაც გაავრცელეს, თუმცა ნეტგაზეთმა შესაბამისი ნიუსები ვერ მოძებნა.


[“ისლამური სახელმწიფოს” წევრებმა გურჯისტანის ვილაიეთის შექმნა] დააანონსეს ჯერ კიდევ ივლის/აგვისტოში, უბრალოდ ამის აფილირებას მაინცდამაინც არ ახორციელებენ. გუგლზე და საინფორმაციო წყაროებზე ხომ არ არის დამოკიდებული გურჯისტანის ვილაიეთი შეიქმნა. ქართული საიტების [გამოჩენა] ხალიფატზე სწორედ მაგას უკავშირდება”, – გვითხრა მაისაიამ.


რაც შეეხება ინფორმაციას, ვიდეორგოლის შესაძლო გავრცელების თაობაზე, მაისაიას თქმით, მას ეს ინფორმაციაც ღია წყაროებიდან აქვს მიღებული, თუმცა ვერ გაიხსენა კონკრეტულად, რომელი საიტიდან. მისივე თქმით, ტრენდი, რომლის მიხედვითაც, გურჯისტანის ვილაიეთი უკვე არსებობს, დადასტურებულია იმით, რომ “ისლამურმა სახელმწიფომ” ქართულენოვანი ვებგვერდები შექმნა. 


ქართულენოვანი ვებგვერდი ერთია, მაგრამ მეორეა ვილაიეთი, რომელსაც თავისი ხელმძღვანელი და შეფიცულები უნდა ჰყავდეს, ამის შესახებ მაისია ამბობს, რომ პროცესი ჯერ ჩამოყალიბების ეტაპზეა.


მაისაიას თქმით, რეზონანსის სტატიის შემდეგ მას დაუკავშირდა პირი, რომელმაც უთხრა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდანაა და მასთან გასაუბრება სურს. ანალიტიკოსის თქმით, იგი ამჟამად ევროპაში იმყოფება და საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში მზად არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ითანამშრომლოს.


ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გურჯისტანის ვილაიეთი არსებობს უცხოური გამოცემებიდან პირველად ევრაზია დეილის ვებგვერდზე გვხვდება, რომელსაც მსგავს ცნობას პანკისის რაოინის მკვიდრი, ISIS-ის მებრძოლო აბდულა აწვდის. სწორედ ეს წყარო აქვს გაზიარებული მაიასაიას თავის ფეისბუკ-გვერდზე. მან ნეტგაზეთს უთხრა, რომ გურჯისტანის ვილაიეთის შესახებ ერთ-ერთი ღია წყარო ფეისბუკზე, თავის გვერდზე განათავსა.

ISIS კავკასიაში
ISIS კავკასიაში

 

ჩრდილოკავკასიაში “ისლამურმა სახელმწიფომ” თავისი ვილაიეთი მიმდინარე წლის ივნისის თვეში შექმნა და ამის შესახებ თვითონვე განაცხადა პრესსპიკერის მეშვეობით. საქართველოს ვილაიეთზე ISIS-ის “ოფიციალური განცხადება” ჯერ არ გავრცელებულა. თუ რას ნიშნავს კავკასიის ვილაიეთი და რა მიზნების შეიძლება ამოძრავებდეს “ისლამურ სახელმწიფოს” კავკასიაში, შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ინტერვიუში.


ჯერ კიდევ 2014 წელს აქვს “ისლამურ სახელწმიფოს” გამოქვეყნებული თავისი გაფართოების პოტენციური რუკა, რომელიც კავკასიასთან [მათ შორის საქართველოსთან] ერთად უამრავი ტერიტორიას მოიცავს, აზიის დიდ ნაწილს, ჩრდილოაფრიკას, ევროპის ნაწილს: ესპანეთს, ბალკანეთს, ავსტრიას და ა.შ.


 

ნიშნავს თუ არა ამ რუკაზე საქართველოს “ისლამური სახელმწიფოს” შემადგენლობაში მოხსენიება ავტომატურად, ჩრდილოვანი ვილაიეთის დაფუძნებას? აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი სანიკიძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ არა. მისი თქმით, ვილაიეთი ვილაიეთი ეს არის პროვნაცია სახალიფოში, რომელიც მეტნაკლებად  ავტონომიური გამგებლების მიერ იმართება.


“ლოგიკურად რომ მივუდგეთ ამ რუკას, საქართველოს შესახებ “ისლამური სახელმწიფოს” მესვეურებს ბევრი ინფორმაცია არ უნდა ჰქონდეთ, რაიმე ინფორმაცია თუ აქვთ, საქართველოდან წასული მებრძოლებიდან. მეორე რაც შეეხება გაფართოებას, საქართველო ჰიპოთეტურ გეგმებში შეიძლება ჩაჯდეს იმ თვალსაზრისით, რომ თითქოს, საქართველო ოდესღაც ისლმაური მიწა იყო, ანუ მუსლიმებს ეკუთვნოდათ, რაც პრინციპში რეალობას არ შეესაბამება, ეს მითოლოგიზებული წარმოდგენების მომენტია. თუ ვილაითზე ვილაპარკაებთ ზოგადად, არსებობდა გურჯისტანის ვილაიეთი ოსმალეთის იმპერიის დროს საქართველოში, მაგრამ იმ ვილაიეთის უმეტესი ნაწილი დღეს თურქეთის ტერიტორიაზეა.


მაგ რუკაზე ესპანეთიც ხვდება [“ისლამური სახელმწიფოს” შემადგენლობაში] იქიდან გამომდინარე რომ ოდესღაც არაბული გამგებლობის ქვეშ იყო, ბალკანეთიც… იდეა არის ასეთი, რომ ყველა ისლმაური მიწა, რაც მუსლიმებს ეკუთვნოდათ გავაერთანოთ, ხოლო უფრო შორეული იდეაა, რომ მთელი მსოფლიო მოიცვას სახალიფომ. ეს ძალიან არასერიოზულია. ამიტომ, არც ზედმეტი პანიკა გვმართებს, მაგრამ არც ზედმეტი უდარდელობა დღეს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით”, – ამბობს სანიკიძე.



მასალების გადაბეჭდვის წესი