ახალი ამბები

მარია გაბრიელი: მინდა მადლობა გადავუხადო ქართველებს მოთმინებისა და თანმიმდევრულობისათვის

2 თებერვალი, 2017 • 2549
მარია გაბრიელი: მინდა მადლობა გადავუხადო ქართველებს მოთმინებისა და თანმიმდევრულობისათვის

“დღეს ისტორიული დღეა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც”, – ეს განცხადება ევროპარლამენტის წევრმა, მარია გაბრიელმა გააკეთა ბრიუსელში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე. მარია გაბრიელი (EPP) საქართველოს სავიზო საკითხზე მომხსენებელია ევროპის პარლამენტში.

მისი თქმით, თუ ევროკავშირს სურს, რომ საქართველოს მის ღირებულებებს დაუახლოვდეს, ამისათვის აუცილებლად უნდა გააუქმოს სავიზო რეჟიმი, რათა ადმაიანებმა ადვილად მოახერხონ გადაადგილება ერთმანეთის კულტურის გასაცნობად.

“სავიზო რეჟიმის გაუქმება ამ ქვეყანასთან ჩვენს ურთიერთობას ახალ სტადიაზე გადაიყვანს”, – თქვა მარია გაბრიელმა.

მან ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებს და თქვა, რომ ქვეყანამ ყველა ის კრიტერიუმი დააკმაყოფილა, რომელიც მის წინაშე სავიზო მოლაპარაკებების პროცესში ევროკავშირმა დააყენა.

“მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს კოლეგას დახმარებისთვის ამ საკითხზე მუშაობაში. ეს სამუშო არ იყო ადვილი, თუმცა ღირდა. ევროკავშირის სიძლიერე მის თანმიმდევრულობაშია. თუ ყველა კრიტერიუმი შესრულებულია, სავიზო რეჟიმი უნდა გაუქმდეს. ეს ნაბიჯი ძალიან ძლიერი სიგნალია ქართველებისთვის. მე მინდა მადლობა გადავუხადო ქართველებს  თანმიმდევრულობისთვის, მოთმინებისთვის. საქართველომ შეასრულა ყველა კრიტერიუმი”, – განაცხადა მარია გაბრიელმა და საქართველოს ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორი უწოდა.

მისი თქმით, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ამოცანაა, რომ მეზობლად პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები ჰყავდეს. მან დეპუტატებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილებას დღევანდელ კენჭისყრაზე, რომელიც თბილისის დროით 14:30 საათე დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი