ახალი ამბები

ფანჯიკიძის თქმით, ივანიშვილთან პირველი ვიზიტის დეტალებს შეათანხმებს

29 ოქტომბერი, 2012 • 853
ფანჯიკიძის თქმით, ივანიშვილთან პირველი ვიზიტის დეტალებს შეათანხმებს

“უნდა დავაზუსტოთ თარიღები და ორგანიზაციული საკითხები. ჩვენი პირველი განცხადება იყო, რომ პირველი ვიზიტი შედგებოდა ვაშინგტონში, მაგრამ 6 ნოემბერს არის არჩევნები ამერიკაში და ამიტომ ამაზეა დამოკიდებული, როდის განხორციელდება იქ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი. თუკი ამ ვიზიტის თარიღი გადაიწევს, შეიძლება პირველი ვიზიტი შედგეს ბრიუსელში. სწორედ ამ საკითხებზე გვექნება დღეს საუბარი ბატონ ბიძინასთან,” – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ პრემიერთან შეხვედრამდე.

 

მისივე თქმით, უკვე ყველა ახალდანიშნული მინისტრი იმყოფებოდა თავის სამინისტროში, სადაც გაეცნენ აქტუალურ და პრობლემურ საკითხებს, რომლებსაც ჭირდება შეთანხმება პრემიერთან და აქედან გამომდინარე, დაიგეგმა დღეს ბიძინა ივანიშვილთან მინისტრების შეხვედრები.

 

ფანჯიკიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში მოადგილეების დანიშვნის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, ამ დროისთვის დანიშნულია სამი მოადგილე, აქედან ერთი – ნიკოლოზ ვაშაკიძე მანამდეც ამავე პოზიციაზე მუშაობდა. შესარჩევია კიდევ ორი მინისტრის მოადგილე. ფანჯიკიძის თქმით, ცვლილებები ასევე განხორციელდება დიპლომატიური კორპუსის შემადგენლობაში და საქართველოს ელჩი გაეროში კახა ლომაია არ იქნება ერთადერთი, რომელიც თანამდებობას დატოვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი