ახალი ამბები

ჯანელიძე: ბევრი რეფორმა განვახორციელეთ, რომ საქართველო გამხდარიყო სანდო პარტნიორი EU-სთვის

2 თებერვალი, 2017 • 2952
ჯანელიძე: ბევრი რეფორმა განვახორციელეთ, რომ საქართველო გამხდარიყო სანდო პარტნიორი EU-სთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის თქმით, მიუხედავად გასულ წელს არსებული არასახარბიელო ფონისა, საქართველოს მთავრობამ და დიპლომატიურმა კორპუსმა შეძლო ევროპელი პარტნიორების დარწმუნება, რომ საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაცია- როგორც ქვეყნისთვის, ასევე ევროკავშირისთვისაც- მნიშვნელოვანი მოვლენაა და დღეს ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ველოდებით.

მინისტრის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ევროპარლამენტში არსებული ყველა პოლიტიკური ჯგუფი მტკიცედ და ერთსულოვნად დაუჭერს მხარს საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციის საკითს:

“ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი ჩვენი ევროინტეგრაციის ნაბიჯში. ჩვენ ძალიან ბევრი რეფორმა განვახორციელეთ იმისათვის, რომ საქართველო, საქართველოს მთავრობა და ქვეყანა გამხდარიყო სანდო პარტნორი ევროკავშირისთვის და მისი წევრი ქვეყნებისთვის”.

2 თებერვალს, საქართველოს დროით 12:00 საათზე, ევროპარლამენტი განიხილავს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს. მომხსენებელი დეპუტატი მარია გაბრიელია. 14-დან – 16 საათამდე დროის პერიოდში, ევროპარლამენტარები ამ საკითხს კენჭს უყრიან და გადაწყვეტენ, დაუჭერენ თუ არა  საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის ზონაში უვიზოდ დაშვების გადაწყვეტილებას მხარს. იმისათვის, რომ საკითხი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდეს, საჭიროა პლენარულ სხდომაზე დამსწრე დეპუტატთა ქვორუმის უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი