2 თებერვალს, საქართველოს დროით 12:00 საათზე, ევროპარლამენტი განიხილავს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს. მომხსენებელი დეპუტატი მარია გაბრიელია.
ხვალვე, 14-დან – 16 საათამდე დროის პერიოდში, ევროპარლამენტარები ამ საკითხს კენჭს უყრიან და გადაწყვეტენ, დაუჭერენ თუ არა საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის ზონაში უვიზოდ დაშვების გადაწყვეტილებას მხარს. იმისათვის, რომ საკითხი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდეს, საჭიროა პლენარულ სხდომაზე დამსწრე დეპუტატთა ქვორუმის უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემდგომი პროცედურის თანახმად, რეგულაციას ფორმალურად დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო მინისტრების დონეზე.
ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ხელმოწერის შემდეგ რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში.
საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროპარლამენტში შეჩერების მექნიზმზე კენჭისყრა ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოში თებერვლის ბოლომდე დასრულდება.
“იმედი გვაქვს, რომ დარჩენილი საკანონმდებლო პროცედურები უახლოეს პერიოდში დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს შეძლებენ ისარგებლონ ევროკავშირის/ შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმით (90 დღე 180 დღის განმავლობაში)”, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.