ახალი ამბები

ბიზნესმენმა შსს-ს წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა

1 თებერვალი, 2017 • 1593
ბიზნესმენმა შსს-ს წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) ცნობით, დღეს, 1 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შსს-ს მოთხოვნა ბიზნესმენ გიორგი გუგუმბერიძის სამართალდამრღვევად ცნობის შესახებ და სამართალწარმოება შეწყვიტა.

შსს გუგუმბერიძეს პოლიციელის  კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა (ადმინისტრალიულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი).

მათვე ცნობით, ბიზნესმენმა შსს-ს წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართა, ასევე, მისი განცხადებები  წარმოებაში მიიღო ომბუდსმენმა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმაც.

საქმე ეხება 2017 წლის 9 იანვარს მომხდარ ფაქტს, როდესაც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “გირო კრედიტის” შესასვლელთან ყაჩაღობა მოხდა. ამის შემდეგ შსს-მ მიმართა “გირო კრედიტის” ხელმძღვანელს, გიორგი გუგუმბერიძეს და სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გადაცემა მოთხოვა. იურიდიულ დახმარებას გიორგი გუგუმბერიძეს GDI უწევს.

ამის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს შსს და ბიზნესმენი განსხვავებულად ჰყვებიან.

გიორგი გუგუმბერიძის ვერსიით, 9 იანვარს, 23:55 საათზე, მას დაუკავშირდა პოლიციის თანამშრომელი  და უთხრა, რომ დანაშაულის გახსნის მიზნით ესაჭიროებოდა ვიდეოფირები „გირო კრედიტის“ ყაზბეგის ფილიალიდან, რის საპასუხოდაც გიორგი გუგუმბერიძემ მას მოსთხოვა, წარმოედგინა მოსამართლის განჩინება ან პროკურორის დადგენილება, რის საფუძველზეც უფლებამოსილი თანამშრომელი მიაწოდებდა ფირებს.

“პოლიციელებთან საუბრიდან მცირე დროის შემდეგ გუგუმბერიძის სახლში მივიდა სამი პირი, რომლებმაც უთხრეს, რომ იყვნენ პოლიციიდან და მოითხოვეს კამერების ჩანაწერები. გუგუმბერიძემ მათ კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის შემდგომ მისი თანამშრომლები „გირო კრედიტის“ ოფისში გადასცემდნენ ჩანაწერებს, ასევე, უკმაყოფილება გამოთქვა პოლიციელების  სახლში მისვლასთან დაკავშირებით. მათ უპასუხეს, რომ პოლიციელები იყვნენ და, შესაბამისად, რამდენჯერაც მოუნდებოდათ, იმდენჯერ მივიდოდნენ მასთან სახლში. ერთ-ერთმა პოლიციელმა უთხრა, რომ ჩანაწერების ამოსაღებად თუ არ გაჰყვებოდა, დაამტვრევდა ხელებს და ფეხებს,”- აღნიშნულია GDI-ის განცხადებაში.

ორგქანიზაციის ცნობითვე, ამის შემდეგ გუგუმბერიძე დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც, პოლიციის უფროსმა და სხვა პირებმა მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დასცინოდნენ და ექცეოდნენ ღირსების შემლახავად.

შსს-ს ვერსიითპოლიცია ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა გიორგი გუგუმბერიძეს და, კანონის შესაბამისად, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სათვალთვალო ვიდეკამერების ჩანაწერების გადმოცემა სთხოვა, რაზეც გუგუმბერიძემ უარი განაცხადა.

“ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი გ.გ. პოლიციელებს სადარბაზოში შეხვდა. იგი სამართალდამცველებს ცინიკურად ესაუბრებოდა და ჩანაწერების გადაცემაზე უარს აცხადებდა. პოლიციელებმა გ.გ.-ს წარუდგინეს პროკურორის დადგენილება – „გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე კომპიუტერულ სისტემაში არსებული ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ“ და აუხსნეს, რომ მათი მოთხოვნა სრულიად კანონიერი იყო. ასევე განუმარტეს, რომ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, შეეძლო, გაესაჩივრებინა ზემდგომ პროკურორთან, ან ედავა სასამართლოში.მიუხედავად ამისა, გ.გ. არ დაემორჩილა სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნას და არ მისცა მათ საშუალება, განეხორციელებინათ საგამოძიებო მოქმედებები. გ.გ.-ს და მისი ოჯახის წევრების მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიციის თანამშრომელთა მიმართ აგრესიას და სიტყვიერ შეურაცხყოფას. მიუხედავად სამართალდამცველთა მხრიდან არაერთგზის მოწოდებისა, რომ გ.გ.-სა და მის ოჯახის წევრებს შეეწყვიტათ აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედება, ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას.”

შსს-ს ცნობითვე, პოლიციის თანამშრომლებმა გუგუმბერიძ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში მიიყვანეს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი