ახალი ამბები

ბიზნესმენი პოლიციას უკანონო დაკავებასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს

11 იანვარი, 2017 • 3053
ბიზნესმენი პოლიციას უკანონო დაკავებასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”  (GDI) ბიზნესმენის, გიორგი გუგუმბერიძის უკანონო დაკავებისა და პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტზე პროკურატურისგან დაუყოვნებელი გამოძიების დაწყებას ითხოვს.

GDI გიორგი გუგუმბერიძის ინტერესებს იცავს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 2017 წლის 9 იანვარს, 23:55 საათზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის „გირო კრედიტის“ დამფუძნებელსა და მფლობელს, გიორგი გუგუმბერიძეს ტელეფონით დაუკავშირდა პოლიციის თანამშრომელი  და უთხრა, რომ დანაშაულის გახსნის მიზნით ესაჭიროებოდა ვიდეოფირები „გირო კრედიტის“ ყაზბეგის ფილიალიდან, რის საპასუხოდაც გიორგი გუგუმბერიძემ მას მოსთხოვა, წარმოედგინა მოსამართლის განჩინება ან პროკურორის დადგენილება, რის საფუძველზეც უფლებამოსილი თანამშრომელი მიაწოდებდა ფირებს.

ამავე განცხადების თანახმად, 00:03 საათზე გიორგი გუგუმბერიძემ დაურეკა იმავე პოლიციელს და სთხოვა, განჩინებაში მიეთითებინათ დროის მონაკვეთი, რომლის ჩანაწერის გადაცემასაც მოითხოვდნენ.

“პოლიციელმა ტელეფონი თავის უფროსს გადასცა, რომელსაც გიორგი გუგუმბერიძემ აუხსნა, რომ სახლიდანვე ნახავდა ჩანაწერებს და გააგებინებდა დანაშაულის დროს, რისი განჩინებაში მითითებაც საქმეს გაუადვილებდათ. პოლიციის უფროსმა უთხრა, რომ თუ კამერების ნახვის შესაძლებლობა სახლიდანვე ჰქონდა, მაშინ პოლიციის თანამშრომლები მივიდოდნენ მასთან სახლში. აღნიშნულზე მან უპასუხა, რომ სახლში ჰყავდა მცირეწლოვანი შვილები, მეუღლე და სტუმრები, რის გამოც პოლიციელების მისვლა არ იქნებოდა მართებული. თუმცა, როგორც კი წარმოადგენდნენ შესაბამისდოკუმენტებს, უზრუნველყოფდა ოფისში შესაბამისი თანამშრომლების მიყვანას და პოლიციისთვის ვიდეოფირების გადაცემას.”

GDI-ს განცხადების მიხედვით, პოლიციელი, რომელიც მას ესაუბრებოდა, გაბრაზდა და  ტელეფონი გათიშა. გიორგი გუგუმბერიძემ შეამოწმა ვიდეოჩანაწერები და 00:24 საათზე კვლავ დაურეკა პოლიციელს, გააგებინა, რომ უკვე ნახა პოლიციელებისთვის საინტერესო ვიდეოჩანაწერი, თუმცა მან უპასუხა, რომ პოლიციელები უკვე გასულები იყვნენ „გირო კრედიტის“ ოფისში .

“საუბრიდან დაახლოებით 5 წუთში გიორგი გუგუმბერიძის საცხოვრებელ სახლში, ქავთარაძის ქუჩაზე, მივიდა სამი პირი, რომლებმაც უთხრეს, რომ იყვნენ პოლიციიდან და მოითხოვეს კამერების ჩანაწერები. მან კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის შემდგომ მისი თანამშრომლები „გირო კრედიტის“ ოფისში გადასცემდნენ ჩანაწერებს, ასევე, უკმაყოფილება გამოთქვა პოლიციელების  სახლში მისვლასთან დაკავშირებით. მათ უპასუხეს, რომ პოლიციელები იყვნენ და, შესაბამისად, რამდენჯერაც მოუნდებოდათ, იმდენჯერ მივიდოდნენ მასთან სახლში. ერთ-ერთმა პოლიციელმა უთხრა, რომ ჩანაწერების ამოსაღებად თუ არ გაჰყვებოდა, დაამტვრევდა ხელებს და ფეხებს. ამ დროს გამოვიდა გიორგი გუგუმბერიძის მამა და  პოლიციელებს მოსთხოვა მუქარის შეწყვეტა და ტერიტორიის დატოვება. ”

ორგანიზაციის ცნობით, პოლიციელები ხუთი წუთით გავიდნენ და ტელეფონით ესაუბრნენ ვინმე „შოთაევიჩს“. ამ პერიოდში, 00:44 საათზე, გიორგი გუგუმბერიძემ დარეკა 112-ში და შეატყობინა აღნიშნული ფაქტის შესახებ. 112-ის თანამშრომლებმა სიმშვიდისკენ მოუწოდეს და დაჰპირდნენ, რომ გაუშვებდნენ საპატრულო პოლიციას. პარალელურად, მან მისწერა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორსაც.

“დაახლოებით 5 წუთის შემდგომ პოლიციელები ისევ დაბრუნდნენ და ისევ მოითხოვეს ჩანაწერები, თუმცა გუგუმბერიძემ  კვლავ შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენა მოითხოვა და აუხსნა, რომ ბავშვები ნერვიულობდნენ და ტიროდნენ, ასევე, ნერვიულობდა მისი ფეხმძიმე მეუღლეც. პარალელურად, მისი ახლობელი დავით ბოლქვაძე, რომელიც იმყოფებოდა სადარბაზოში, ტელეფონის საშუალებით იწერდა პოლიციელთა ქცევას. ”

ჩანაწერების გადაცემაზე უარის გამო გიორგი გუგუმბერიძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს  და გადაიყვანეს ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს VII განყოფილებაში.

“გზაში პოლიციის თანამშრომლები მას აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდნენ. პოლიციის შენობაში ის აიყვანეს მეორე სართულზე, პოლიციის უფროსის, დავით ქვარაიას კაბინეტში, სადაც პოლიციის უფროსის გარდა იყო 3 პირი, თუმცა, საბოლოო ჯამში, ოთახში ათამდე პოლიციელი მოგროვდა. პოლიციის უფროსმა თანამშრომლებს უბრძანა ხელბორკილების მოხსნა. გიორგი გუგუმბერიძემ მოითხოვა დაკავების ოქმი და პოლიციის უფროსის სახელი და გვარი. პოლიციის უფროსმა უთხრა სახელი და გვარი, წამოდგა, მიუახლოვდა და ყვირილი დაუწყო, რომ სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ლომბარდის ხელმძღვანელებივით უნდა ეთანამშრომლა პოლიციასთან და დოკუმენტების გარეშე უნდა გადაეცა ჩანაწერები. პოლიციის უფროსმა ეძახა გაზულუქებული და დაემუქრა ბიზნესის გაუქმებით, ახლობლებისთვის პრობლემების შექმნით, თანამშრომლების დაკავებით და სხვა. ასევე, დაიწყო გინება პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის მისამართით და რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელი მარცხენა ლოყაში, თან ექაჩებოდა ტანსაცმელზე, კერძოდ, პაჟებზე, რომლებსაც პერიოდულად სწევდა და ხელს უშვებდა. ამის მერე მივიდა სამუშაო მაგიდასთან და გაბრაზებულმა სახეში ფურცლები მიაყარა. შემდეგ ისევ მივარდა და შუბლში მუშტი დაარტყა.”

როგორც GDI-ში აცხადებენ, საბოლოო ჯამში, პოლიციის უფროსის კაბინეტში დაახლოებით 15 წუთი იმყოფებოდა. შემდგომ გაიყვანეს სხვა ოთახში, სადაც პოლიციის უფროსის მოადგილე ცემით დაემუქრა. იმის გარდა, რომ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დასცინოდნენ და ექცეოდნენ ღირსების შემლახავად.

“დაახლოებით ერთ საათში წარუდგინეს ადმინისტრაციული დაკავების ოქმი და მოსთხოვეს მასზე ხელის მოწერა, რაზეც უარი განაცხადა და მოითხოვა ადვოკატთან დაკავშირება, თუმცა პოლიციელებმა განუმარტეს, რომ ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, შესაბამისად, არ იყვნენ ვალდებულები, მისთვის ადვოკატთან დარეკვის უფლება მიეცათ. ამის შემდგომ გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორის შენობასთან, სადაც დმი-ში შესვლამდე, დაახლოებით საათნახევარი იმყოფებოდა ავტომობილში.  დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებისას შეამოწმა ექიმმა, რომელმაც დააფიქსირა მის სხეულზე არსებული დაზიანება. დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსების დოკუმენტაციაში მიუთითა, რომ ჰქონდა პრეტენზია პოლიციელების ქმედებებზე.”

2017 წლის 10 იანვარს, დაახლოებით შუადღის 12:00 საათზე, გიორგი გუგუმბერიძე დააბრუნეს პოლიციის იმავე განყოფილებაში, სადაც დაახლოებით 3-4 საათი იმყოფებოდა, ამის შემდეგ კი გადაიყვანეს სასამართლოში. სხდომა დაიწყო დაახლოებით 17:50 საათზე. მხარეთა მოსმენის შემდეგ სასამართლო გადაიდო 23 იანვრის 11:00 საათამდე და ის გაათავისუფლეს სასამართლო დარბაზიდან.

დაზარალებულმა უკვე მიმართა შსს-ს გენერალურ ინსპექციას და უახლოეს საათებში გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს პროკურატურას.

“დაზარალებული მოითხოვს გამოძიების დაწყებას იმ პოლიციელების მიმართ, რომელთაც მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, გამოძიება უნდა დაიწყოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის (სსკ-ის 1443მუხლი), განზრახ უკანონო დაკავებისა ან დაპატიმრების (სსკ-ის 147-ე მუხლი), ასევე პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების (სსკ-ის333-ე მუხლი) სავარაუდო ჩადენის ფაქტზე. აღსანიშნავია, რომ გიორგი გუგუმბერიძეს იურიდიულ დახმარებას  საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა გაუწევს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ  პროკურატურამ დროულად დაიწყოს გამოძიება, ჩაატაროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩეროს ყველა იმ პოლიციელს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა აღნიშნულ ფაქტში,” – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი