ახალი ამბები

აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრა დეპუტატებთან დაიხურა

1 თებერვალი, 2017 • 3356
აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრა დეპუტატებთან დაიხურა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თაობაზე ისმენენ ინფორმაციას.

აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ქეთევან ბაკარაძის თქმით, დეპუტატებს ინფორმაციას გააცნობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები მოქალაქეების ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესახებ. მისივე თქმით, სამინისტროს სურს, იქ მცხოვრები პირებისთვის განსაკუთრებული საშეღავათო პაკეტი შემუშავდეს:

“გვინდა განვიხილოთ პრობლემები, რომლებიც  ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს აქვს. ეს დაწესებულებები ჩვენი სტრუქტურული ერთეულებია. ვისაუბრებთ ამ დაწესებულებების პრობლემებზე, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე, საკადრო პრობლემებზე. სახელმწიფოს აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის საშეღავათო პირობები არ აქვს დაწესებული, ისინი ჯანდაცვის სერვისებს იმ პირობებით ღებულობენ, როგორც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე. ”

ქეთევან ბაკარაძის ინფორმაციით, სეზონური მიგრაციის გათვალისწინებით აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა მერყევია და მაქსიმალური რაოდენობა 50 ათასი ადამიანია.

“გვყავს 20 ათასი ადამიანი, რომლებმაც ადმინისტრაციის წინაშე განაცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან და ჩვენ მათი განსაკუთრებული მხარდაჭერა უნდა დავაფიქსიროთ. ისინი აგრძელებენ ძალიან რთულ ვითარებაში ცხოვრებას. ფაქტობრივად, ქართულ სახელმწიფოებრიობას ინარჩუნებენ.”

შეხვედრა ქეთევან ბაკარაძის 10-წუთიანი მოხსენების შემდეგ, მისივე შუამდგომლობით, მედიისთვის დაიხურა. მისი თქმით, დეპუტატებს ისეთი დელიკატური და სპეციფიკური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, რომელიც სასურველია, არ გასაჯაროვდეს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი