ახალი ამბები

ერიკ რუბინი: საქართველო დემოკრატიული რეფორმებით რეგიონში ლიდერია

26 ოქტომბერი, 2012 • • 1129
ერიკ რუბინი: საქართველო დემოკრატიული რეფორმებით რეგიონში ლიდერია

ერიკ რუბინი
ერიკ რუბინი

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა აღნიშნული განცხადება ვაშინგტონში, ეროვნული ინტერესის ცენტრში, რამდენიმე საათის წინ, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ერიკ რუბინის გამოსვლა ეხებოდა აშშ–სა და საქართველოს შორის ურთიერთობებს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. რუბინის გამოსვლის ტექსტს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდი ავრცელებს.

 

ერიკ რუბინის მოსაზრებით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ იყო იდეალური, თუმცა იყო მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის გასამყარებლად.

 

“პირველი ოქტომბრის არჩევნებმა დაამტკიცა, რომ ქართული დემოკრატია უფრო მეტია, ვიდრე სლოგანი და ხელისუფლების მიმდინარე გადაცემა ერთი პარტიიდან მეორეზე არის სტანდარტი ყველა ახალი დემოკრატიისთვის”, – განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ. მისი შეფასებით, არჩევნების ჩატარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ და არასამთავრობო სექტორმა, რომელთა ძალისხმევითაც დაძლეულ იქნა წინასაარჩევნო პერიოდში არსებული პრობლემები.

 

ერიკ რუბინმა დადებითაც შეაფასა ხელისუფლების გადაცემის პროცესი და არჩევნების შემდეგ საკაშვილ–ივანიშვილის შეხვედრის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

 

ერიკ რუბინის თქმით, აშშ–სა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები გაგრძელდება, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობის, უსაფრთხოების, დემოკრატიის გაღრმავების, ეკონომიკისა და კულტურული ურთიერთობების სფეროში.

 

“ქართველები, შესაძლოა, ერთმანეთში ბევრ საკითხზე ვერ თანხმდებიან, მაგრამ ერთ ძირითად მიზანს დიდი მხარდაჭერა აქვს. სააკაშვილის მსგავსად, პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა ღიად განაცხადა, რომ გააგრძელებენ კურსს ევრო–ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და ნატოს წევრობისკენ”, – განაცხადა ერიკ რუბინმა.

 

სიტყვით გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ურთიერთობაზე რუსეთთან, კიდევე რთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და რუსეთს მოუწოდა 2008 წლის კონფლიქტის შემდგომი შეთანხმებების შესრულებისა და კონფლიქტის მეორე მხარეს საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვებისკენ.

 

“ამავე დროს, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველო რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას. ჩვენ ვხედავთ, რომ მტკიცე და ჯანსაღ ქართულ–ამერიკულ ურთიერთობებს ხელს არ უშლის ასევე მტკიცე და ჯანსაღი ქართულ–რუსული ურთიერთობები”, – თქვა ერიკ რუბინმა და მსგავსი ურთიერთობის მაგალითად დაასახელა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ საქართველო–რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკებები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი