ქალისა და მამაკაცის ცხედრები იპოვა ბათუმში პოლიციამ 31 იანვარს. გარდაცვლილები დედა-შვილი არიან – 70 წელს გადაცილებული ქალი და 52 წლამდე მამაკაცი.
პოლიცია ინასარიძის ქუჩაზე გარდაცვლილების მეზობლებმა გამოიძახეს, რომლებიც დედა-შვილის რამდენიმე დღით გაუჩინარებამ შეაშფოთა. მეზობლები ყვებიან, რომ პოლიციამ ბინაში ქალის ცხედარი შესასვლელ კართან ახლოს, მამაკაცისა კი საწოლში იპოვა.
მეზობლების თქმით, დედა-შვილი აღნიშნულ მისამართზე რამდენიმე წელია ცხოვრობდნენ, ქალი ხშირად ავადმყოფობდა და საწოლში იწვა, შვილი კი მასზე ზრუნავდა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფიც იმყოფებოდა. როგორც ნეტგაზეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტში უთხრეს, მათი დახმარება საჭირო არ აღმოჩნდა, რადგან დედა-შვილი რამდენიმე დღის წინ იყვნენ გარდაცვლილი. იგივეს ამბობენ მეზობლებიც.
გარდაცვლილების მეზობლები ამბობენ, რომ დედა-შვილს რამდენიმე დღეა, 26 იანვრიდან, არ მიწოდებია ელექტროენერგია, რომელიც გასული თვის თანხის გადაუხდელობის გამო შეუჩერეს. ოჯახი არ სარგებლობდა ბუნებრივი აირით, მეზობლების თქმით, საკვებს ისინი გაზის ბალონზე მომუშავე ქურაზე ამზადებდნენ.
მეზობლები ამბობენ, რომ ოჯახი სოციალურად დაუცველთა სიაში იყო და იღებდნენ სახელმწიფო დახმარებას. მათივე თქმით, ორივე მათგანს ჰქონდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. აქვე იმასაც დასძენენ, რომ დედა-შვილი მშვიდად ცხოვრობდა და მათ არც ოჯახში, არც მეზობლებთან კონფლიქტი არ ჰქონიათ.
დღეს შემთხვევის ადგილას სამართალდამცავები მუშაობდნენ, რომლებიც ვერსიებზე საუბრისგან თავს იკავებენ. შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.