ახალი ამბები

სოციალურად დაუცველები თბილისის მერიის წინააღმდეგ [Video]

25 ოქტომბერი, 2012 • 1117
სოციალურად დაუცველები თბილისის მერიის წინააღმდეგ [Video]

აქციის მონაწილეების განცხადებით, მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურმა სოციალურად დაუცველთათვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის პირობებს რამდენიმე კრიტერიუმი დაუმატა, რასაც ისინი ვერ აკმაყოფილებენ.

 

ეს კრიტერიუმებია:

  • ოჯახი არ უნდა ფლობდეს საკუთრებაში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არც საცხოვრებელ ფართს და არც მიწის ნაკვეთს;
  • სიღარიბის დაძლევის პროგრამის ფარგლებში ოჯახის სარეიტინგო ქულა არ უნდა აღემატებოდეს 57 000 ქულას;
  • ოჯახის ერთ წევრს მაინც უნდა ჰქონდეს თბილისში რეგისტრაცია;

 

ამ სამ ძირითად კრიტერიუმთნ ერთად სოციალური საცხოვრისის პოტენციური ბენეფიციარი ოჯახები, აგრეთვე, უნდა აკმაყოფილებდნენ ოთხი დამატებითი კრიტერიუმიდან ერთ–ერთს:

  • მრავალშვილიანი ოჯახი – მარტოხელა მშობელი სამი და მეტი 18 წლამდე ბავშვით. შესაძლებელია ოჯახში რეგისტრირდებოდეს სხვა წევრიც (არაუმეტეს 6 სულისა);
  • ოჯახში უნდა იყოს ერთი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (I ჯგუფი), ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი და ოჯახის წევრების რაოდენობა არ უნდა იყოს 6–ზე მეტი;
  • ობოლთა სკოლა ინტერნატის აღზრდილი 19–დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა (მარტოხელა ან საკუთარი ოჯახით, არაუმეტეს ოთხი სულისა);
  • ოჯახი, რომელიც შედგება საპენსიო ასაკის პირის ან პირებისგან და რომელშიც იზრდება ერთი ან ორი შვილიშვილი (არაუმეტეს 4 სულისა).

 

ჩამოთვლილი კრიტერიუმების დამატების შესახებ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებმა დღეს შეიტყვეს. მათი თქმით, ოჯახი, რომელიც ყველა ამ კრიტერიუმს დააკმაყოფილებს, შესაძლოა, არც არსებობდეს. აქციის მონაწილეები იმასაც ეჭვობენ, რომ  მათთვის განკუთვნილი ბინები უკვე გაიყიდა.

 

ისინი ამბობენ, რომ წლებია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. მერია დიდი ხანია მათ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას პირდება, მაგრამ პირობას არ ასრულებს. 

 

აქციასთან დაკავშრებით სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ადამიანები აპროტესტებენ თბილისის მერიის ერთ-ერთ სოციალურ პროექტს, რომლის მეშვეობითაც ბინა 24 ოჯახისთვის აშენდა. აქციის მონაწილეები კი ვერ აკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებს, რომლებიც საჭიროა ბინებში შესასვლელად.

 

„ეს არის მინიპროექტები. 52 ოჯახია ჯერჯერობით შესული ამ სოციალური ბინების პროექტებში. ბოლო პროექტი არის 24-ოჯახიანი ბინა, სადაც შესვლას ითხოვს 4000-მდე ოჯახი. გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რომელი ოჯახები შევლენ ბინებში, მარტო ჩვენ არ ვიღებთ, არამედ იღებს დონორიც, რომელიც უშუალოდ აფინანსებდა ამ პროექტს. ამ ბინებში შევლენ ყველაზე შეჭირვებულები, რომლებსაც კომისია შეარჩევს “, – აცხადებს მამუკა ქაცარავა.

 

ჯერ უცნობია, როგორ დასრულდება მოლაპარაკება მოქალაქეებსა და მერიის წარმომადგენელს შორის. მოქალაქეების ნაწილი ამ დრომდე რჩება თბილისის მერიის შენობასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი