ახალი ამბები

რამ გამოიწვია ფინანსური პრობლემები ‘ბერტაში’

25 ოქტომბერი, 2012 • • 4528
რამ გამოიწვია ფინანსური პრობლემები ‘ბერტაში’

მელაძის თქმით, თანამშრომლების შვებულებაში გაშვება გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ კომპანიები, რომლებსაც აქვთ “ბერტას” დავალიანება, არ ფარავენ:  

 

“ესენია, ძირითადად, სადისტრიბუციო კომპანიები, მათ შორის შპს “ბერტა 2010”, რომლის დავალიანებაც ამჟამად “ბერტასადმი” რამოდენიმე მილიონს შეადგენს. სხვა არავითარი პრობლემა კომპანიას არ გააჩნია. პირიქით, დაგეგმილია რამდენიმე ახალი პროდუქტის ბაზარზე გაშვება.”

 

საწარმოში მიმდინარე პროცესებსა და  სხვა დეტალებზე, “ბერტას” კომერციული დირექტორი გიორგი მელაძე არ საუბრობს. ასევე, უცნობია, როდის აღარ ექნება ფინანსური პრობლემები კომპანიას. 

 

გიორგი მელაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადისტრიბუციო კომპანია “ბერტა 2010”–ის გაყიდვების მენეჯერი სანდრო კახიძე არ ეთანხმება: 

 

“ეს არ არის სწორი ინფორმაცია, რამდენიმე მილიონიანი დავალიანების შესახებ. ერთ კომპანიას როცა მეორესგან მოაქვს პროდუქცია, დავალიანება აქვს და გარკვეულ ვადაში უნდა დაფაროს. ჩვენ დისტრიბუციას ვაწარმოებთ, მოგვაქვს პროდუქცია უნაღდო ანგარისწორებით.  შემდეგ ხდება ვალის გადახდა დაგეგმილ ვადაში. რა თანხაა კონკრეტულად, იცის დირექტორმა. ბოლოს პროდუქცია სამი დღის წინ წამოვიღეთ და პრობლემა არ გვქონია”.

 

სანდრო კახიძე ამბობს, “ბერტა 2010″–ს  დიდი მასშტაბის დავალიანება არ აქვს, რომლის გამოც შესაძლოა ქარხნის მუშაობა შეჩერებულიყო: ” ეს ქარხნის ინტერესია და მაიტომ აქვს “ბერტა 2010”– ს ვალი. თუ ქარხანას უნდოდა დისტრიბუციას ამუშავებდა 10 ათას ლარიანი კონსიგნაციით და თუ უნდოდა, ეს კონსიგნაცია 500 ათას ლარს გაუტოლდებოდა. რამოდენიმე მილიონიანი დავალინების ქონა აბსურდია.“

 

სადისტრიბუციო კომპანია “ბერტა 2010” სარეცხის და ჰიგიენური საშუალებების მწარმოებელ კომპანია ბერტასთან საქმიანობის დაწყების დღიდან თანამშრომლობს. კომპანიის გაყიდვების სამსახურის მენეჯერი ამბობს, რომ “ბერტასთან” ურთიერთობაში პრობლემა არ ყოფილა: 

 

“ჩვენ პროდუქცია ბაზარზე ხან კონსიგნაციით, ხან კი ნაღდი ანგარიშსწორებით გაგვქონდა. თუ ვალი რამდენიმე მილიონზე ავიდა, ეს ალბათ მწარმოებელი კომპანიის სურვილით მოხდა, რადგან ის გვაწვდიდა პრდუქციას და ფულის გადახდას რეალიზაციის შემდეგ გვთხოვდა. მაგრამ რამდენიმე მილიონი ლარის დავალიანების არსებობა სიმართლეს არ შეესაბამება”.  

 

“ბერტაში” შექმნილ ფინანსურ პრობლემებზე განმარტებას გენერალური დირექტორის მოადგილე ვახტანგ მეგრელიშვილი აკეთებს: “ფინანსური პრობლემები გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ კომპანიები რომლებსაც აქვთ ბერტას დავალიანება არ ფარავენ მას. ესენია ძირითადად სადისტრიბუციო კომპანიები, რომლებსაც ბერტასადმი 3 მილიონ ლარზე მეტი დავალიანებადაუგროვდათ. „ბუნებრივია კომპანიას ახალი ბრენდების მომხმარებლისათვის შესათავაზებლად,მარკეტინგული კომპანიის ჯეროვნად საწარმოებლად ჭირდება ფინანსური რესურსები. კომპანიისათვის სახსრების მიღების ძირითადი წყაროა მისი პროდუქციის დისტრიბუტორი კომპანიებიდან მიღებული შემოსავალი. სამწუხაროდ ბოლო თვეების განმავლობაში სადისტრიბუციო კომპანიებმა შეაჩერეს ბერტასადმი არსებული დავალიანების დაფარვადა უარი თქვეს “ბერტას” პროდუქციის გაყიდვიდან მიღებული თანხების კომპანიისათვის გადახდაზე“.  

 

კომპანია “ბერტა” 2009 წელს დაარსდა, რომელიც  ამიერკავკასიაში  საყოფაცხოვრებო მოხმარებისა და ჰიგიენური პროდუქტების პირველი და უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანია “ბერტა” მცხეთის რაიონის სოფელ წეროვანში მდებარეობს. პროექტის განხორციელებაში 35 მილიონი დოლარი ჩაიდო, “ბერტას” ქარხნის ინდუსტრიული კომპლექსი 7 ჰექტარზეა აშენებული და დაახლოებით 200 ადამიანი იყო დასაქმებული. “ბერტას” გაჩერების და თანამშრომლების უხელფასო შვებულებაში გაშვების შესახებ “ნეტგაზეთს” კომპანიის თანამშრომლებმა გუშინ აცნობეს.

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით,  “ბერტას”  57 პროცენტს ლუხუმ კაპანაძე ფლობს. მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორის ძმას იაგო ჩოჩელს –კომპანიის 23 პროცენტი, ხოლო კაპანაძის ბიზნესპარტნიორ ნიკოლოზ  შაქარიშვილს 20 პროცენტი ეკუთვნის. 

სტუდია “მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, “ლემისე კომპანის” დამფუძნებელი ლუხუმ კაპანაძე მინისტრ ვანო მერაბიშვილის უახლოესი მეგობარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი