ახალი ამბები

დასუფთავების ტარიფი 5 თვით განახევრდება

25 ოქტომბერი, 2012 •
დასუფთავების ტარიფი 5 თვით განახევრდება

დასუფთავების ტარიფი ნოემბრიდან მარტის ბოლომდე განახევრდება და ერთ კილოვატ გახარჯულ ელექტროენერგიაზე 2,5 თეთრით განისაზღვრება. ეს გადაწყვეტილება საკრებულოში კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე მიიღეს.

 

საკრებულო ამ გადაწყვეტილებას სავარაუდოდ ხვალ დაამტკიცებს. საკრებულოს წევრების განცხადებით, დასუფთავების გადასახადის რამდენიმე მოდელი განიხილებოდა – მათ შორის ფიქსირებული გადასახადი ოჯახზე 7 ლარის ოდენობით. თუმცა ამ ტარიფით გადასახადი გაუიაფდებოდათ იმ ადამიანებს, რომლებიც ჭარბ ელექტროენერგიას ხარჯავენ და გაუძვირებდათ მათ, ვინც ნაკლებს მოიხმარდა. 

 

საკრებულოს წევრების შეფასებით, ზამთრის სეზონზე დასუფთავების გადასახადის 5 თეთრიდან 2,5–მდე შემცირება ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია.

 

საკრებულოში, გაერთიანებული კომისიების სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას პარტია “თავისუფალი საქართველოს” წევრი კახა კუკავა ეწინააღმდეგება. მისი თქმით, ახალი მთავრობის დაპირებით დასუფთავების და ელექტროენერგიის გადასახადი უნდა განცალკევდეს:

 

“რამდენიმე დღის წინაც განაცხადა ნოდარ ხადურმა, რომელიც დღეს უკვე მინსტრად დამტკიცდება, რომ პარლამენტი დენისა და დასუფთავების გადასახადის მიბმის გადაწყვეტილებას გააუქმებს, ასე რომ ჩემი აზრით საუკეთესო ვარიანტია მიღებამდე გადაწყვეტილება სამინისტოსთან შევათანხმოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საკრებულოს ამ გადაწყვეტილებაზ არანაირი აზრი არ ექნება”, – განაცხადა კახა კუკავამ.

 

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, საკრებულოს წევრი კოკი იონათამიშვილი თვლის, რომ გადასახადის ადმინისტრირებისთვის ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადის მიბმა აუცილებელია:

 

“ადრე, სანამ გადასახადი მიბმული არ იყო, ძალიან ცუდად ხდებოდა ადმინისტრირება. გადასახადი იყო სულადობრივი და მოქალაქეები მარტივი განცხადების საფუძველზე ამოეწერებოდნენ ხოლმე ბინიდან, ამის შედეგად კი ნაკლებ გადასახადს იხდიდნენ. ჩემი აზრით ეს ვარიანტი რაც თბილისის მერიამ შემოგვთავაზა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია, მიბმა კი უნდა დარჩეს”, – განაცხადა კოკი იონათამიშვილმა.

 

თბილისის მერიის ახალ ინიციატივას ასევე ეწინააღმდეგება ფრაქცია “საქართველო”, რომლის წარმომადგენლის ირაკლი შათიაშვილის განცხადებით ბუნდოვანია იმ თანხების რაოდენობა რაც სახელმწიფოს დასუფთავების სერვისი უჯდება:

 

“დასუფთავების სერვისი მოიცავს ნარჩენების მოგროვებას, გატანას და უტილიზაცია, მერია ამბობს რომ ეს სერვისი 4 მილიონი უჯდება, თუმცა გაუგებარია საიდან მოვიდა ეს თანხა, ჩვენ ვთვლით, რომ სერვისის დახვეწის საფუძველზეც შეიძლება თანხების შემცირება, ამიტომ ეს საკითხი სიღრმისეულად უნდა განვიხილოთ და მხოლოდ შემდეგ უნდა დადგინდეს ტარიფები”, – განაცხადა ირაკლი შათირიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი