პოლიტიკური პარტია “სოციალ–დემოკრატები”, რომელთა ლიდერი გია ჟორჟოლიანი მერვე მოწვევის პარლამენტარი “ქართული ოცნების” სიით გახდა, დღეს, 25 ოქტომბერს, განცხადებით ეხმაურება ბოლო დროს საქართველოს მასშტაბით მოწყობილ გაფიცვებს და მუშებს სოლიდარობას უცხადებენ.
“საპარლამენტო არჩევნებისა და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მრავალ საწარმოში მასობრივი გაფიცვები და შრომითი დავები დაიწყო. მუშები გაფიცულები არიან და მაღაროები პარალიზებულია ჭიათურაში. ასეთივე პროცესები ვითარდება ზესტაფონში, ტყიბულში, ბორჯომში. გუშინ გამაფრთხილებელი გაფიცვა მოაწყვეს რკინიგზის თანამშრომლებმა.
ეს პროცესები არ არის შემთხვევითი. შრომითი დავების გააქტიურების მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაინგრა არსებული რეპრესიული სისტემა, რომელიც ადამიანებს თრგუნავდა და საკუთარი კანონიერი უფლებებისთვის ბრძოლის საშუალებას არ აძლევდა”, – აცხადებენ სოციალ–დემოკრატები.
სოციალ–დემოკრატების მოსაზრებით, სწორედ ამიტომ არ შეიძლება ეს პროცესები აღქმულ იქნას, როგორც ახალი ხელისუფლების საწინააღმდეგო გაფიცვებად. ისინი მიიჩნევენ, “რომ სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკის შედეგია ის, რომ ამ ადამიანებს დღეს გაუსაძლის პირობებში უწევთ მუშაობა. ხოლო ქართული ოცნების გამარჯვებამ მუშები წნეხისგან გაანთავისუფლა და მათ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის შესაძლებლობა მისცა”.
“სოციალ– დემოკრატები სოლიდარობას ვუცხადებთ გაფიცულ მუშებს და დასაქმებულებს ჭიათურაში, ტყიბულში, ზესტაფონში, ბორჯომში, და საქართველოს რკინიგზაში. ამ გადამწყვეტ მომენტში ისინი ღირსეულად დგანან საკუთარი ღირსების, სოციალური სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების სადარაჯოზე.
სოციალ –დემოკრატებს, ჩვენი მსოფლმხედველობიდან და ღირებულებებიდან გამომდინარე, უმთავრეს საკითხად მიგვაჩნია დასაქმებულთა უფლებების დაცვა და ღირსეული ანაზღაურებისა და შრომის პირობების არსებობა.
ამ მიმართულებით საქართველოში დღეისათვის არსებული ვითარება და შრომის კოდექსი სხვა არაფერია, თუ არა მონობის და ადამიანების ჩაგვრის დაკანონება. სწორედ ამიტომ ჩვენ დღიდან ჩვენი დაარსებისა ვიბრძვით ამ სამწუხარო და დანაშაულებრივი რეალობის შეცვლისათვის. მხარს ვუჭერთ და სოლიდარობას ვუცხადებთ მუშათა და დასაქმებულთა ყველა სამართლიან პროტესტს,
ჩვენ მუდმივად ვცდილობდით ეს უმნიშვნელოვანესი საკითხები საზოგადოების ყურადრების ცენტრში ყოფილიყო. ვმართავდით აქციებს შრომის კოდექსის შეცვლის მოთხოვნით, მხარს ვუჭერდით ქუთაისის მეტალურგების გაფიცვას და დასაქმებულების სხვა სამართლიან მოთხოვნებს”, – ნათქვამია სოციალ–დემოკრატების განცხადებაში.