ამ სართულზე მდებარეობს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის კაბინეტი, სადაც ამ წუთებში პრემიერ–მინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილის უმრავლესობასთან შეხვედრა მიმდინარეობს. იმართება კონსულტაციები აჭარის მთავრობის კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით.
თუმცა ჟურნალისტებს არ მიეცათ შესაძლებლობა, რომ მე–6 სართულზე დარჩენილყვნენ. ლიფტიც მხოლოდ მე–5 სართულამდე მოძრაობს.
უმრავლესობის წევრმა კობა დავითაშვილმა დღევანდელი, 24 ოქტომბრის სხდომაზე განაცხადა, როდესაც არის უმრავლესობის სხდომა, პოლიტიკური პოზიციების შემუშავება უნდა მოხდეს სხვა რეჟიმში, სხვა ფორმატში. კერძოდ, დახურულ კარს მიღმა.
“მე ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება ხშირად იყოს შესაძლებლობა ამ სახით უმრავლესობისა და მთავრობის ერთობლივი შეკრებისა და პოლიტიკური პოზიციების შეჯერების. მაგრამ ნუ შეგვეშინდება იმისა რომ ვთქვათ, რომ ეს უნდა მოხდეს დახურულ კარს მიღმა. იმიტომ რომ თუნდაც აზრთა თავისუფალი გაცვლა–გამოცვლა რომ იყოს, ამისთვის ეს ასე სჯობია”, – აღნიშნა დღევანდელ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წარმომადგენელმა კობა დავითაშვილმა.
სხდომაზევე ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ კამერების წინ მუშაობა ეფექტურობას კარგავს.
“თუმცაღა თუ მოხდება ის, რომ ჩვენი გუნდი გაიხლიჩება და ბევრ საკითხებზე ჩვენ გვექნება პრინციპულად განსხვავებული პოზიციები, ასეთ შემთხვევაში განუხრელად დავაფუძნებთ ჩვენ საჯაროობას. თუ ვინმეს გაუჩნდება ის გრძნობა რომ გუნდში ვიღაც პიროვნება, ან რაღაც ჯგუფი სარგებლობს პრიორიტეტებით და აზრის გამოთქმის საშუალება არ აქვთ, ასეთ შემთხვევაში გახდება საჭიროება საჯაროობის. წინააღმდეგ შემთხვევაში მე მგონი, რომ უფრო პრაქტიკულია რომ დრო აღარ გვეკარგება ტელეეკრანებთან “კეკლუცობაზე”. ასეთ შემთხვევაში უფრო ნაყოფიერი იქნება მუშაობა კამერების გარეშე”, – მიიჩნევს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი.