ახალი ამბები

“ბავშვთა სამყაროს” დირექტორი: ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ვიღებთ საკუთარ თავზე

30 იანვარი, 2017 • 6672
“ბავშვთა სამყაროს” დირექტორი: ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ვიღებთ საკუთარ თავზე

“ბავშვთა სამყაროს” აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მაჭავარიანი აცხადებს, რომ “ბავშვთა სამყაროს” შენობის დაწვის შემდეგ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, თუმცა ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად არ აზუსტებს, თუ რას გულისხმობს “პასუხისმგებლობის აღებაში”, ან ხელშეკრულებით არის თუ არა გათვალისწინებული მოიჯარეებისთვის კომპენსაციის გადახდა. იგი არც იმას ამბობს, თუ რა წერია ხელშეკრულებებში დირექციასა და მოიჯარეებს შორის. “ნეტგაზეთი” ამ ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს მოიჯარეებისგანაც.

“გამოძიებას დაველოდებით, შესაბამისად, ჩვენ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას თავიდან ბოლომდე ავიღებთ, რაც გვაქვს და კიდევ, ძალიან მინდა ვთხოვოთ მედიას, აგრეთვე, ოპოზიციურ პარტიებს – ჩვენს ტრაგედიას ნუ გადაიყვათ პოლიტიკურ ჭრილში იმიტომ, რომ ეს არის ყოველი ჩვენი თანამშრომლის ძალიან დიდი პრობლემა და გვინდა, რომ მშვიდად, ერთობლივად, ჩვენ, დირექციამ და ხალხმა, გვინდა, რომ ერთობლივად გადავჭრათ”, – განაცხადა გიორგი მაჭავარიანმა 30 იანვარს ჟურნალისტებთან საუბრისას [სტილი დაცულია].

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა წერია ხელშეკრულებებში დირექციასა და მოიჯარეებს შორის, გიორგი მაჭავარიანი ამბობს:

“ჩვენ ვისთან ერთადაც ვმუშაობთ, პირველ რიგში, მეგობრები ვართ. რა იყო ხელშეკრულებაში და როგორ იყო, ეს სხვა მხარეა. მეორე მხარეა, ჩვენ რას გავაკეთებთ მათთვის. ამიტომ დღეს არანაირი პასუხი არა მაქვს. ჩვენ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, როგორც ადამიანები, ასევე, კანონიდან გამომდინარე, მაქსიმალურად გავაკეთებთ, რაცაა გასაკეთებელი”, – განაცხადა “ბავშვთა სამყაროს” დირექტორმა, გიორგი მაჭავარიანმა.


“ბავშვთა სამყაროს” შენობა დაზღვეული იყო 6 მილიონ ლარად, თუმცა დაზღვევა არ ვრცელდებოდა შენობაში არსებულ საქონელზე, – უთხრეს “ნეტგაზეთს” სადაზღვეო კომპანია “ალდაგის” პრესსამსახურში.

30 იანვრის დილას, 04:10 საათზე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში (112-ზე) შევიდა შეტყობინება ბავშვთა სამყაროში ხანძრის შესახებ, პირველი დანაყოფი კი დაახლოებით 3 წუთში მივიდა. სააგენტოს ცნობით, იწვოდა ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორია, დაახლოებით 3 000 მეტრზე. ადგილზე 31 სახანძრო სამაშველო სამსახური მუშაობდა. ხანძარი გავრცელდა ბავშვთა სამყაროს მთლიანად შენობაზე, რომლის ფართიც 10 000 კვ მეტრია. შენობა მთლიანად დაიწვა. 30 იანვრის 15:00 საათისათვის ხანძარი ლოკალიზებულია. 

წინასწარი მონაცამებით, ზარალი ძალიან დიდია. ხანძრის მიზეზები ჯერჯერობით დადგენილი არ არის. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 


სავაჭრო სახლი “ბავშვთა სამყარო” სააქციო საზოგადოებაა, რომელიც რეგისტრირებულია 1996 წლიდან თბილისში, თევდორე მღვდლის #7-ში. აღნიშნული ორგანიზაციის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, მათი სააქციო კაპიტალი შეადგენს 423 289.28 ლარს. სააქციო კაპიტალი დაყოფილია 5588 აქციად, თითოეულის ღირებულებაა 60 აშშ დოლარი და აქციათა 41%-ზე მეტს ფლობს ოფშორში რეგისტრირებული შპს “ლეუფერტი”. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა მერაბ ასათიანი, წევრები – გიორგი მახარაძე და ნინო გორგანელი. აღმასრულებელი დირექტორია გიორგი მაჭავარიანი, ფინანსური დირექტორი – დავით ქორიძე და მარკეტინგის დირექტორი ელგუჯა ცინცაძე. საწარმოს ძირითადი ეკონომიკური საქმიანობაა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარით გაცემა-გაქირავება.

მასალების გადაბეჭდვის წესი