ახალი ამბები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ვინაობა დღეს გადაწყდება

24 ოქტომბერი, 2012 • 981
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ვინაობა დღეს გადაწყდება

ამ დრომდე გავრცელებული ინფორმაცით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მხოლოდ ხაბაძე და ფუტკარაძე განიხილებოდნენ.

 

 

 „ბათუმელების“ წყაროს ინფორმაციით არმაზ ახვლედიანი  ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, თუმცა გადაწყვეტილება მის წარდგენასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მიღებული არ არის.  წყაროს ინფორმაციით არმაზ ახვლედიანის  კანდიდატურას  პარლამენტის ვიცესპიკერი მურმან დუმბაძე ეწინააღმდეგება.

 

 

მურმან დუმბაძის განცხადებით საქართველოს პარლამენტში შერჩევის პროცესი ჯერ არ დასრულებულა: „განიხილება რამდენიმე და მათ შორის არმაზ ახვლედიანის კანდიდატურაც, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.“

 

 

„ბათუმელებთან“ იგივეს აცხადებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილიც: „რამდენიმე სხვასთან ერთად ნამდვილად განიხილება არმაზ ახვლედიანის კანდიდატურა ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. რაც შეეხება ჩემს მოსაზრებას, გეტყვით, რომ არმაზი ძალიან კარგი კანდიტატია, ისევე როგორც რამოდენიმე სხვა, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარსადგენად განიხილება.“

 

 

თავად არმაზ ახვლედიანმა  „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ  მისი განდიდატურის განხილვის თაობაზე რამდენიმე ადამიანისგან მოისმინა, მაგრამ ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ მიუღია. იმის შესახებ კი რა გადაწყვეტილებას მიიღებს შეთავაზების მიღების შემთხვევაში „ჯერ არ უფიქრია.“

                                                      

 

42 წლის არმაზ ახვლედიანი პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი და პოლიტიკური  სწავლების სკოლის დამფუძნებელი და დირექტორია. ახვლედიანი ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, 1995-99 წლებში იგი საქართველოს პარლამენტში პარტია „აღორძინების კავშირს” წარმოადგენდა, 1999-2004 წლებში კი „მოქალაქეთა კავშირს“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი