ახალი ამბები | ,

პარლამენტის მიერ GPB-ში დირექტორის დანიშვნა კონტროლის სისტემას დაანგრევს – კორძაია

27 იანვარი, 2017 | | 3688
პარლამენტის მიერ GPB-ში დირექტორის  დანიშვნა კონტროლის სისტემას დაანგრევს – კორძაია

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი თამარ კორძაია იდეას, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, საზოგადობეივრი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ბორდის ნაცვლად პარლამენტმა აირჩიოს, მიუღებლად მიიჩნევს. როგორც კორძაიამ ნეტგაზეთს განუცხადა, ეს იდეა სისრულეში მოყვანის შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებელში კონტროლის სისტემას დაანგრევს და გამჭვირვალობის კუთხითაც მნიშვნელოვან პრობლემებს შექმნის:

“დირექტორს აირჩევს პარლამენტი, რომელიც საბჭოსთან [საზ.მაუწყებლის ბორდი] ანგარიშვალდებული აბსოლუტურად არ იქნება. ბორდი გახდება სრულიად უუნარო, წაერთმევა უფლებამოსილებები. ეს იმას ნიშვას, რომ ვიღაცას [ბორდის წევრს] მივცემთ პენსიას საერთოდ არაფერში, რადგან დირექტორი საერთოდ გაწყვეტს  საბჭოსთან კავშირს, რადგან ის იქნება პარლამენტის მიერ დანიშული ადამიანი. კონტროლის სისტემა ინგრევა საზოგადოებრივ მაუწყებელში”, – ამბობს კორძაია.

თამარ კორძაია, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ყოფილი ხელმძღვანელია, ასევე აცხადებს, რომ სამეურვეო საბჭო ღია, კოლეგიალური ორგანოა, რომელიც გადაწყვეტილებებს  რამდენიმე ადამიანის მსჯელობის საფუძველზე იღებს:

“დირექტორი, რომელსაც პარლამენტი აირჩევს [და საერთოდ არ იდარდებს, რას იტყვის მასზე საბჭო]  ანგარიშვალდებული იქნება და აბსოლუტურად ყველაფრის უფლებამოსილება მიეცემა პარლამენტისაგან. საზოგადოებრივი მაუწყებლის მმართველობა განხორციელდება აბსოლუტურად დახურულ სივრცეში. ანუ გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სისტემა ისევ გადადის გაუმჭვირვალე და უპასუხისმგებლო მექანიზმში”, – ამბობს კორძაია.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობს, განიხილავს მაუწყებლის გენერალური დირექტორის არჩევის წესის შეცვლის საკითხს.

“ქართული ოცნების” წევრმა დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ნეტგაზეთს დაუდასტურა, რომ ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება ვერსია, რომლის მიხედვითაც გენერალური დირექტორის დანიშვნის პროცესში პარლამენტი მონაწილეობს. დღეისათვის მოქმედი კანონმდებლობით, დირექტორის შერჩევისა და დანიშვნის უფლებამოსილება სამეურვეო საბჭოს დისკრეციაა. მათიკაშვილი კი, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, აცხადებს, რომ კანონის შეცვლაზე მომუშავე ჯგუფი ერთ-ერთ ვარიანტად მაუწყებლის დირექტორის პარლამენტის მიერ არჩევას განიხილავს.

კერძოდ, ინიციატივის თანახმად, მაუწყებლის სამეურვეო საბჭო პარლამენტს სამ კანდიდატს წარუდგენს, რომელთაგანაც დირექტორს პარლამენტში დეპუტატები ხმების უმრავლესობით აირჩევენ. თუმცა მათიკაშვილი აცხადებს, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტია.

“დირექტორის არჩევის საკითხზე მრავალი ვარიანტია, ჯგუფში აქტიური აზრთა გაცვლა-გამოცვლაა, პოზიციათა შეჯერება და რომელ ვარიანტზეც შევჯერდებით, მხარდაჭერა იმ ვარიანტს ექნება”, – გვითხრა მათიკაშვილმა.

გარდა მათიკაშვილის კომენტარისა, ნეტგაზეთისათვის სხვა წყაროდანაც ცნობილია, რომ სამუშაო ჯგუფი ზემოხსენებულ საკითხზე მსჯელობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი