ახალი ამბები

არასამთავრობოების განცხადება დარახველიძესთან შეხვედრის შემდეგ

23 ოქტომბერი, 2012 • 1245
არასამთავრობოების განცხადება დარახველიძესთან შეხვედრის შემდეგ

“მისასალმებელია, რომ ბატონი დავით დარახველიძე ჩაერთო საჯარო დისკუსიაში და წარმოადგინა საკუთარი არგუმენტები. ამასთან, პირადად შეხვდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.

22 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე ბატონ დავითს განვუმარტეთ ჩვენი წუხილის მიზეზი და ის საფრთხეები, რაც მსგავსმა გამონათქვამებმა შეიძლება შექმნას, განსაკუთრებით მაშინ, როცა სამინისტროს მანდატი მოიცავს ურთიერთობას განსაკუთრებით დაუცველ ჯგუფებთან, კერძოდ, დევნილებთან, ლტოლვილებთან, თავშესაფრის მაძიებლებთან და რეპატრიანტებთან.

ვიმედოვნებთ, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირები განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდებიან საჯარო გამონათქვამებს და უზრუნველყოფენ თანასწორობის პრინციპის დაცვას”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე მიესალმებიან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრობის კანდიდატის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გამოხმაურებას:

“ბატონი ბიძინას გამოხმაურება გვაძლევს იმედს, რომ ახალი მთავრობა იქნება გახსნილი და უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს 11 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

 

შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართვა გაავრცელეს, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატად ბატონი დავით დარახველიძის დასახელებას ეხებოდა.

 

არაამთავრობოები შეშფოთებას გამოთქვამდნენ, რომ მინისტრობის კანდიდატის მიერ ამბროლაურის რაიონში ჩატარებული საარჩევნო კამპანიის დროს გამოყენებულ იქნა სიძულვილის ენა და რასისტული გამონათქვამები, ისევე, როგორც აგრესიული ტონი მასმედიასთან ურთიერთობისას. არასამთავრობო ორგანიზაციები სთხოვდნენ პრემიერ მინისტრობის კანდიდატს ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს, გადაეხედა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის დასახელებულ კანდიდატურისთვის და უფრო მეტი სიფრთხილე და პრინციპულობა გამოეჩინა სხვადასხვა თანამდებობებზე დასანიშნი საჯარო მოხელეების შერჩევისას. 

 

აღნიშნულ განცხადებას ბიძინა ივანიშვილი 20 ოქტომბერს გამოეხმაურა.


მასალების გადაბეჭდვის წესი