ახალი ამბები

რატიანი: თუ პარლამენტი აირჩევს დირექტორს, ტელევიზიას პირდაპირ დაიქვემდებარებს

27 იანვარი, 2017 • 4610
რატიანი: თუ პარლამენტი აირჩევს დირექტორს, ტელევიზიას პირდაპირ დაიქვემდებარებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, სერგო რატიანის თქმით, თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს პარლამენტი აირჩევს, ეს მაუწყებლის პირდაპირი ინსტიტუციური დაქვემდებარება იქნება.

დეპუტატის აზრით,  საზოგადოებრივ მაუწყებელს დამოუკიდებლობა უკვე დაკარგული აქვს, თუმცა, თუ პარლამენტი აირჩევს ტელევიზიის დირექტორს, ეს ტელევიზიის დაქვემდებარებას გაუსვამს ხაზს:

“მმართველო გუნდის მიღებული ცვლილებები და ყველა ქმედება ტელევიზიის დაქვემდებარებას ემსახურებოდა. თუმცა ეს [დირექტორის პარლამენტის მიერ არჩევა] კიდევ უფრო ცხადყოფს ამ დაქვემდებარებას. მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს არჩევისას სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს აქვთ კვოტები და შემდეგ ეს ინსტიტუცია დამოუკიდებელია. თუ პარლამენტი პირდაპირ ირჩევს დირექტორს, მაშინ ტელევიზია პირდაპირ საპარლამენტო დაქვემდებარებაშია, რაც უკან გადადგმული ნაბიჯია.”

სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ ეს ინიციატივა ბიძინა ივანიშვილის გეგმის ნაწილია, რომელსაც ტელევიზიების დამორჩილება სურს:

“გასულ წელს ჩვენ ვნახეთ წამყვანების გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, ვნახეთ მაესტროსთან დაკავშირებული საქმეები და რუსთავი 2-ის საქმე. თუ რუსთავი 2-ის საკითხი  ივანიშვილს სურვილისამებრ გადაწყდა, ჩვენ სუსტი დემოკრატიის ქვეყანა კი არ ვიქნებით, როგორც ახლა, არამედ ერთმნიშვნელოვნად ავტორიტარული რეჟიმის ქვეყანა.”

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობს, განიხილავს მაუწყებლის გენერალური დირექტორის არჩევის წესის შეცვლის საკითხს.

“ქართული ოცნების” წევრმა დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ნეტგაზეთს დაუდასტურა, რომ ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება ვერსია, რომლის მიხედვითაც გენერალური დირექტორის დანიშვნის პროცესში პარლამენტი მონაწილეობს. დღეისათვის მოქმედი კანონმდებლობით, დირექტორის შერჩევისა და დანიშვნის უფლებამოსილება სამეურვეო საბჭოს დისკრეციაა. მათიკაშვილი კი, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, აცხადებს, რომ კანონის შეცვლაზე მომუშავე ჯგუფი ერთ-ერთ ვარიანტად მაუწყებლის დირექტორის პარლამენტის მიერ არჩევას განიხილავს.

კერძოდ, ინიციატივის თანახმად, მაუწყებლის სამეურვეო საბჭო პარლამენტს სამ კანდიდატს წარუდგენს, რომელთაგანაც დირექტორს პარლამენტში დეპუტატები ხმების უმრავლესობით აირჩევენ. თუმცა მათიკაშვილი აცხადებს, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტია.

“დირექტორის არჩევის საკითხზე მრავალი ვარიანტია, ჯგუფში აქტიური აზრთა გაცვლა-გამოცვლაა, პოზიციათა შეჯერება, და რომელ ვარიანტზეც შევჯერდებით, მხარდაჭერა იმ ვარიანტს ექნება”, – გვითხრა მათიკაშვილმა.

გარდა მათიკაშვილის კომენტარისა, ნეტგაზეთისათვის სხვა წყაროდანაც ცნობილია, რომ სამუშაო ჯგუფი ზემოხსენებულ საკითხზე მსჯელობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი