პარლამენტში იმყოფება კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი დავით უსუფაშვილი, მან ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა:
“პირველი სხდომის დღის წესრიგი განსაზღვრულია კანონით, ჩვენ მასში ცვლილებას ვერ შევიტანთ, პირველ რიგში უნდა ვცნოთ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილება, ამისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე წარმოადგენს ცესკოს დასკვნით ოქმს და მასალებს არჩევნებთან დაკავშირებით, პარლამენტის მიერ შექმნილი სამანდატო კომისია განიხილავს ამ მასალებს, მერე იქნება კენჭისყრა და პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ჩაითვლება პარლამენტი უფლებამოსილად, რომ შეუდგეს მუშაობას. ამის შემდგომ მოხდება პარლამენტის თანამდებობის პირების არჩევა–თავმდჯომარის, თავმჯდომარის მოადგილეების, კომიტეტის თავმჯდომარეების, ეს ყველაფერი გათვალისწინებულია რეგლამენტით. პარლამენტის თავმჯდომარეს ეყოლება რამოდენიმე მოადგილე, მათ შორის აჭარის წარმომადგენელი, ოპოზიციის წარმომადგენელი, პირველი მოადგილე და ამ პროცედურებს გავივლით ჩვენ. პარლამენტის სხდომას გახსნის საქართველოს პრეზიდენტი, სხდომას გაუძღვება უხუცესი წევრი. სამწუხაროდ,, ამჟამინდელი უხუცესი წევრი, ბატონო ოჩიაური არის შეუძლოდ და დღეს ჩვენთან ვერ იქნება ამიტომ სხდომას წარუძღვება ბატონი ვანო კოღურაძე, რომელიც ასაკით არის შემდეგი ამ თვალსაზრისით”, – განაცხადა უსუფაშვილმა. მისი თქმით, დღეს არანაირი დებატები და რაიმე საკითხის განხილვა არ იგეგმება. რაც შეეხება როლანდ ახალაიასთვის მანდატის ჩამორთმევის საკითხს, დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტის თითოეული წევრის მანდატს სამანდატო კომისია განიხილავს.