ახალი ამბები

ივანიშვილმა დარახველიძესთან დაკავშირებით არასამთავრობოებს უპასუხა

20 ოქტომბერი, 2012 •
ივანიშვილმა დარახველიძესთან დაკავშირებით არასამთავრობოებს უპასუხა

“ჩემს მიერ დევნილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატად დავით დარახველიძის წარდგენას არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ და  საჯარო მოხელეების შერჩევისა და წარდგენისას  მეტი სიფრთხილისა და პრინციპულობის გამოჩენისკენ მოგვიწოდეს.

 

მინდა გამოვეხმაურო იმ ინტერესს, რომელიც საზოგამოებამ გამოიჩინა ახალი მთავრობის წევრთა დანიშვნასთან დაკავშირებით და აღვნიშნო, რომ ეს არის ჯანსაღი პროცესი, რისი გამოცდილებაცჩვენს ქვეყანას, სამწუხაროდ, აქამდე არ ჰქონია.

 

მე მივესალმები ამ გამოხმაურებას და ტენდენციას, რადგან ჩვენს  ქვეყანაში ამდენ ხანს ხელისუფლების მხრიდან ყოველთვის იგნორირებული იყო სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წინადადებები და შენიშვნები.

 

მე, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მზად ვარ შევხვდე და ვითანამშრომლო ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელმაც საჭიროდ ჩათვალა ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე საკუთარი პოზიცია გამოეთქვა მთავრობის წევრთა დანიშვნასთან დაკავშირებით.

 

ასევე უპრეცედენტოა შემთხვევა, როდესაც მინისტრობის კანდიდატი საჯაროდ, ტელევიზიით პასუხობს არასამთავრობოთა იმ შეკითხვებს, რომლებიც მათ გაუჩნდათ დავით დარახველიძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობის დროს გაკეთებულ ზოგიერთ გამონათქვამთან დაკავშირებით. 

 

აქვე მინდა განვაცხადო, რომ თუ გუშინდელი სატელევიზიო ეთერის შემდეგაც არასამთავრობო სექტორისთვის არასაკმარისი აღმოჩნდება დავით დარახველიძის განმარტებები, მე მზად ვარ მინისტრობის კანდიდატთან ერთად აღნიშნულ საკითხზე დისკუსია გავმართო არასამთავრობო სექტორთან და  მოვისმინო მათი შეხედულებები და წინადადებები.”

 

შეგახსენებთ, რომ ცხრა წამყვანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ბიძინა ივანიშვილისგან მოითხოვს, რასისტული გამონათქვამების გაკეთების გამო გადახედოს ლტოლვილთა მინისტრობის თანამდებობაზე დავით დარახველიძის კანდიდატურას და მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს კანდიდატების შერჩევისას. 

 

ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი დავით დარახველიძემაც გააკეთა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი