ახალი ამბები

დევნილები ახალი მთავრობის იმედით ფართებს იკავებენ [VIDEO]

20 ოქტომბერი, 2012 • 1437
დევნილები ახალი მთავრობის იმედით ფართებს იკავებენ [VIDEO]

საპარლამენტო არჩევნების მეორე დღიდან თბილისში მცხოვრებმა დევნილებმა ეტაპოვრივად უფუნქციო შენობების დაკავება დაიწყეს. მათ შორისაა უშანგი ჩხეიძის #8 ში მდებარე ნიჭიერთა ათწლედის შენობა, საიდანაც 2011 წლის იანვრის ბოლოს აფხაზეთიდან დევნილი 140  ოჯახი გამოასახლეს. 

 

უშანგი ჩხეიძის #8–ში მდებარე ნიჭიერთა ათწლედის შენობაში შესულ დევნილებს არ აქვთ იმედი, რომ ამ ფართს დაიკანონებენ, რადგან შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული, თუმცა ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ ახალი სამინსიტრო თბილისში სხვა ფართს მაინც გამოუყოფს:

 

 “ჩვენ ამ შენობაში რამდენიმე წელი ვცხოვრობდით, თუმცა ორი წლის წინ გაგვასახლეს ძალის გამოყენებით. რამდენიმე ქალბატონი დაგვიჭირეს და ჯარიმებიც დაგვაკისრეს. ახლა იმედი მოგვეცა, რომ ან ისევ აქ დაგვაბრუნებენ, რადგან ამ ოთახების გარემონტებას თავის დროზე დიდი ფული და ენერგია შევალიეთ, ან სხვაგან მაინც მოგვცემენ ფართს, ოღონდ თბილისში და არა თბილისს გარეთ. როცა აქ შემოვედით, წინააღმდეგობა არავის გაუწევია, სამინისტროდან არც არავინ გამოგვხმაურებია, მხოლოდ ერთი გოგო იყო მოსული გაეროდან და ჩაიწერა, რა პირობებში ვცხოვრობთ”, – აცხადებს ოჩამჩერიდან დევნილი ბელა ხერგიანი.

  

დევნილთა ნაწილი შენობების დაკავებას ხელისუფლების ცვლილებას არ უკავშირებს, თუმცა მათი უმეტესობა ღიად საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის ახალი კანდიდატის იმედი აქვთ:

 

“1992 წლის 5 ოქტომბრიდან ვარ დევნილი, 20 წელია ველოდებით, როდის მოგვაქცევენ ყურადღებას. დღეს შევედით თემქის მესამე მიკრორაიონის პოლიკლინიკის შენობაში, ეს პოლიკლინიკა 6 თვეა არ ფუნქციონირებს, არავის არ ეგონოს, რომ ჩვენ ივანიშვილს ვუპირისპირდებით და იმის გამო შემოვედით. პირიქით, ივანიშვილის დიდი იმედი გვაქვს, მაგის იმედით ვცხოვრობთ და ბოლომდე ვიდექით მის გვერდით. ჩვენ სააკაშვილის დროსაც შევედით ერთ–ერთ დაწესებულებაში, რედაქციის შენობა იყო, მაგრამ რეზინის ხელკეტების ცემით გამოგვაგდეს. ერთადერთი იმედიღა გვაქვს ივანიშვილის, ჩვენ არ ვითხოვთ მდიდრულ საცხოვრებელს, გამოგვიყოს თუნდაც 20– კვადრატულიანი თავშესაფარი”, – აცხადებს აფხაზეთიდან დევნილი მერი მელანია.

 

დევნილები დაკავებულ შენობებში ცხოვრებას აგრძელებენ და ელოდებიან, როდის დაუკავშირდებათ მათ ვინმე სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობიდან. 

 

2 ოქტომბერს დევნილები ტაშკენტის ქუჩის #7–ში ქუჩაზე მდებარე შენობაში შესახლდნენ, 6 ოქტომბერს მათ უშანგი ჩხეიძის #8–ში მდებარე ნიჭიერთა ათწლედის შენობა დაიკავეს, 13 ოქტომბერს მაჩაბლის ქუჩის #8–ში მდებარე მელიორაციის სამსახურის ყოფილ შენობაში შევიდნენ, ხოლო 19 ოქტომბერს– თემქაზე, ერთ–ერთ მიტოვებულ პოლიკლინიკაში.

 

თბილისში სხვადასხვა ობიქტებში მცხვორები აფხაზეთიდან დევნილების მასიური გამოსახლება 2010 წლის ზაფხულში დაიწყო. დევნილთა პროტესტის გამო ყველა გამოსახლება პოლიციის თანხლებით მოხდა. 

 

ჩხეიძის 8 ნომერში მცხოვრები დევნილები, რომლებსაც შენობიდან 2011 წლის 24 იანვარს დილის 7 საათიდან ასახლებდნენ, მაშინ ნეტგაზეთთან აცხადებდნენ, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა, ვინაიდან ერთ დევნილზე 30 პოლიციელი მოდიოდა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი