ახალი ამბები

თბილისში საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის უფლებათა ჯგუფის II სხდომა მიმდინარეობს

26 იანვარი, 2017 • 3380
თბილისში საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის უფლებათა ჯგუფის II სხდომა მიმდინარეობს

26 იანვარს თბილისის პარლამენტის სასახლეში საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის უფლებათა სამუშაო ჯგუფის II სხდომა მიმდინარეობს. ეს ჯგუფი ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთებს განიხილავს.

დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობა, უმცირესობა, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი სხვადასხვა საკითხზე იმსჯელებენ. საკითხებს შორისაა დამცველის არჩევის წესი, რომელიც, როგორც კონსტიტუციონალისტი, კომისიის წევრი ვახუშტი მენაბდე ამბობს, უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კონსენსუსს უნდა დაეფუძნოს. მისივე თქმით, კონსტიტუციამ უნდა უზრუნველყოს სახალხო დამცველის ფინანსური და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გარანტიები.

ჟურნალისტებთან დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე საუბრობს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი:

“პროკურატურა რომ უნდა იყოს დამოუკიდებელი, ეს ცალსახაა და ამაზე ვმსჯელობთ, ისევე, როგორც ჩვენი ინიციატივა ეხება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას და ამის შესახებ სპეციალური მუხლის გაჩენას კონსტიტუციაში. აქ საუბარია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოძიებაზე, სპეციალური ახალი ორგანოს შექმნაზე, რაზეც ჩვენ უკვე წლებია ვსაუბრობთ”.

სხდომაზე, სავარაუდოდ, იმსჯელებენ კონსტიტუციით ქვეყნის ევრო-ატლანტიკური კურსის განსაზღვრის საკითხზეც. საპარლამენტო უმრავსელობის წევრმა, კობა ნარჩემაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არ ემხრობა კომისიის წევრების ნაწილის ინიციატივას კონსტიტუციით ქვეყნის ევრო-ატლანტიკური კურსის განსაზღვრის  თაობაზე და ამბობს, რომ კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერი არ უნდა არსებობდეს, 

კომისიის ამავე ჯგუფის სხდომაზე, რომელიც 21 იანვარს ჩატარდა, პარლამენტისა და კომისიის წევრმა ადა მარშანიამ განაცხადა, რომ კომისია შეთანხმდა პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანაზე. თუმცა სხვა წევრები ამ ინფორმაციას უარყოფენ. მაგლაითად, უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება ამ საკითხზე არ არის მიღებული და თვითონაც არ უჭერს პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანას. 

საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დაამტკიცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი