ახალი ამბები

სუბარი: სავარაუდოდ, ხმასაც ვერ მივცემ ომბუდსმენის კანდიდატურას

23 ოქტომბერი, 2012 • • 1106
სუბარი: სავარაუდოდ, ხმასაც ვერ მივცემ ომბუდსმენის კანდიდატურას

სოზარ სუბარი /ფოტო: ივანიშვილის პრესსამსახური
სოზარ სუბარი /ფოტო: ივანიშვილის პრესსამსახური

ახალ მინისტრებს პარლამენტი 25 ოქტომბერს დაამტკიცებს. პარლამენტის პირველ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა ამავე დღეს ომბუდსმენიც დაამტკიცონ.

 

“მოკლედ, ბევრი ვიკითხეთ თუ ცოტა ვიკითხეთ, გავარკვიეთ, რომ ახალ უმრავლესობაში რამდენიმე ადამიანი არჩევს სახალხო დამცველის კანდიდატს, მათ შორის არის მომავალი მინისტრი სოზარ სუბარი. სამწუხაროდ, პირველი დარღვევა სახეზეა. პენიტენციური სისტემის მომავალი მინისტრი მისი მაკონტროლებელი ორგანოს თავმჯდომარის შერჩევაში იღებს გადაწყვეტილებებს. ეს არის უზნეობა!” – ეს ცნობა დღეს ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

 

ყოფილი სახალხო დამცველი და სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატი სოზარ სუბარი ამბობს, რომ “ინტერესთა კონფლიქტის” გამო, სავარაუდოდ, ხმას ვერ მისცემს ომბუდსმენის კანდიდატურას, თუმცა საუბრობს იმ კრიტერიუმებზე, რასაც სახალხო დამცველი უნდა აკმაყოფილებდეს:

 

“სახალხო დამცველი, რომელიც იტყვის, რომ 6 საათია და მე ქუდი უნდა დავიხურო და სახლში წავიდე იმიტომ, რომ  სამუშაო საათები დამთავრდა, ჩემთვის არ არის უფლებადმცველი და ასეთი რამის გაგების შემთხვევაში მთავრდება მის უფლებადამცველობაზე ჩემი წარმოდგენა. ჩინოვნიკი არ უნდა იყოს. უნდა შეეძლოს თავის გადადება ადამიანის უფლებებისთვის. მეორე მხრივ, გარკვეული გაგებით, გინდა – არ გინდა, სახალხო დამცვლი არის ჩინოვნიკი, იგი არის სახელმწიფო თანამდებობს პირი, კონსტიტუციური თანამდებობის პირი, რომელიც მოქმედებს განსაზღვრული კანონით, ასევე არის ადმინისტრატორი, რადგან მას ჰყავს  აპარატი, რომლის ეფექტური ამუშავება უნდა უზრუნველყოს. ამიტომ მხოლოდ პრინციპულობა არ კმარა, ამავე დროს უნდა იყოს კარგი მენეჯერი”.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილი ომბუდსმენი გიორგი ტუღუში მიხეილ სააკაშვილის შეთავაზების შემდეგ, მიმდინარე წლის სექტემბერში სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე დაინიშნა.

 

სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფებმა სახალხო დამცველის პოსტზე “ქართულ ოცნებას” შეთავაზეს იურისტები – ლია მუხაშავრია, თამარ გურჩიანი, გელა ნიკოლაიშვილი, ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

 

გარდა ამისა, ” ნეტგაზეთთან” საუბრისას “საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს” ყოფილმა თანამშრომელმა, საარჩევნო საკითხების სპეციალისტმა ნინა ხატისკაცმა დაადასტურა,   რომ “ქართული ოცნების” სხვადასხვა წევრების მხრიდან მის მიმართ იყო შეთავაზება სახალხო დამცველის პოსტის დაკავების შესახებ, თუმცა ხატისკაცი ღიად აცხადებს, რომ ის მხარს უჭერს თამარ გურჩიანის კანდიდატურას.

მასალების გადაბეჭდვის წესი