ახალი ამბებისამართალი

სასამართლომ ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დროებით გააბათილა

26 იანვარი, 2017 • 2390
სასამართლომ ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დროებით გააბათილა

2016 წლის 23 დეკემბერს ჩატარებული ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომლის მიხედვითაც, კვლავ ლერი ხაბელოვმა გაიმარჯვა, ამ ეტაპზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაბათილებულია.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელი მოპასუხე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიმართ.

სასამართლოს განცხადებით, მხარეთა შორის დავის საგანს ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის საანგარიშო-საარჩევნო სესიის ოქმის და მისგან გამომდინარე შედეგების ბათილად ცნობა წარმოადგენს. ამავე სარჩელით, მოსარჩელემ დააყენა შუამდგომლობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, რაც სასამართლომ დააკამყოფილა.

“2017 წლის 24 იანვარს სასამართლომ დააკმაყოფილა წარმოდგენილი შუამდგომლობა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბერს გამართული საანგარიშო-საარჩევნო სესიის მიერ არჩეულ პირებს აეკრძალათ ამავე სესიის ოქმით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება და მოქმედებების შესრულება. ასევე, შეჩერდა ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 23.12.2016 წ. საანგარიშო-საარჩევნო სესიის ოქმით განსაზღვრული წესდებაში (სარეგისტრაციო მონაცემებში) რაიმე სახის ცვლილებების შეტანა და ამავე ოქმის მოქმედება სადავო საკითხზე სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე და მის კანონიერ ძალაში შესვლამდე,” – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლო განმარტავს, არჩევნების შედეგების გაბათილების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის გამოტანილი, თუმცა ამ ეტაპზე მიღებულია შუალედური გადაწყვეტილება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დაკმაყოფილების შესახებ. შესაბამისად, ოლიმპიური კომიტეტი დაუბრუნდა იმ მდგომარეობას, რომელშიც არჩევნებამდე იმყოფებოდა და 23 დეკემბრის შემდეგ არჩეული ხელმძღვანელობის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ბათილად ითვლება:

“სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია მოითხოვოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს დროებით ღონისძიებას და მისი გამოყენება/არგამოყენება გავლენას არ ახდენს დავის საბოლოო შედეგზე. განჩინება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას. განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა მოპასუხეებისათვის მისი გადაცემის მომენტიდან 5 ხუთი დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.”

ირაკლი მეძმარიაშვილი, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ირაკლი მეძმარიაშვილი, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატის, ირაკლი მეძმარიაშვილის განცხადებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძვნება საჯარო რეესტრიდან ამოღებულ დოკუმენტს, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ არის ორგანიზაციებში  სამართლებრივი პრობლემები.

“ეს გადაწყვეტილება ზუსტად იმიტომ მივიღე, რომ სასამართლომ გაარკვიოს ამ ორგანიზაციების იურიდიული მდგომარეობა, მისი სამართლებრივი მდგომარეობა და შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება. ოლიმპიური კომიტეტი დაბრუნდება 22 დეკემბრის მდგომარეობით, როგორც იყო მისი აღმასკომი და ხელმძღვანელობა,” – განუცხადა რუსთავი 2–ს ირაკლი მეძმარიაშვილმა.

ამ საკითხთან დაკავშირებით ოლიმპიური კომიტეტის პოზიცია მედიას კომიტეტის პირველმა ვიცეპრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა გააცნო. ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, ირაკლი მეძმარიაშვილმა არჩევნების შემდეგ თავად განაცხადა, რომ სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდა ყველაფერი, რის შემდეგაც ლერი ხაბელოვს გამარჯვებაც საჯაროდ მიულოცა:

“ირაკლი მეძმარიაშვილმა არჩევნების შემდეგ თავად განაცხადა არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების თაობაზე. მან გამარჯვებულ კანდიდატს თავად საჯაროდ მიულოცა წარმატება. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი აცხადებს, რომ სასამართლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ არც შეტყობინება და არც სასამართლოს განჩინება ამ დრომდე არ მიუღია. როგორც კი ჩვენთვის ოფიციალურად ხელმისაწვდომი გახდება სასამართლოს მასალები, ოლიმპიური კომიტეტი მედიისთვის გააკეთებს დამატებით კომენტარს.”

ელგუჯა ბერიშვილის თქმით, ოლიმპიური კომიტეტი ჯერ არც ერთ დოკუმენტს არ გაცნობია და დამატებით კომენტარებს ვერ გააკეთებენ, სანამ ოფიციალურად არ ჩაბარდებათ სასამართლოსგან განჩინება. თუმცა, როგორც კომიტეტის პირველი ვიცეპრეზიდენტი აღნიშნავს, დადასტურების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩვრდება.

ლერი ხაბელოვი მეორე ვადით ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ზაქარია ქუცნაშვილთან ერთად. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

ლერი ხაბელოვი მეორე ვადით ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ზაქარია ქუცნაშვილთან ერთად. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

ლერი ხაბელოვმა არჩევნების დასრულების შემდეგ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ საანგარიშო სესიამ და არჩევნებმა მაღალ დონეზე, სუფთად და გამჭვირვალედ ჩაიარა, ხოლო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მთავარ პრიორიტეტად სკოლებში ოლიმპიური მოძრაობის შესვლა დასახა.

2016 წლის 23 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიაზე კომიტეტის პრეზიდენტად მეორე ვადით ისევ ლერი ხაბელოვი აირჩიეს. მისი ერთადერთი კონკურენტი იყო ირაკლი მეძმარიაშვილი, თუმცა დელეგატთა უმრავლესობამ არჩევანი ისევ ლერი ხაბელოვზე გააკეთა. საარჩევნო–საანგარიშო ყრილობაში 136–დან 135-მა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა: ხაბელოვმა 78 ხმა მიიღო, ხოლო მეძმარიაშვილმა -57.

ლერი ხაბელოვი 2012 წელს გამართულ საანგარიშო-საარჩევნო სესიაზე აირჩიეს პრეზიდენტად. ამავე სესიაზე ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცეპრეზიდენტიად ელგუჯა ბერიშვილი დასახელდა, ხოლო ვიცეპრეზიდენტებად – ნინო სალუქვაძე და მამუკა ხაბარელი. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანია ემზარ ზენაიშვილი.

23 დეკემბერს ჩატარებული ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიაზე კომიტეტის ყრილობა სასტუმრო "ჰოლიდეი ინში"

23 დეკემბერს ჩატარებული ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიაზე კომიტეტის ყრილობა სასტუმრო “ჰოლიდეი ინში”

მასალების გადაბეჭდვის წესი