ახალი ამბები

უნდა გადაიხედოს თუ არა სკოლის უსაფრთხოების პოლიტიკა

20 ოქტომბერი, 2012 •
უნდა გადაიხედოს თუ არა სკოლის უსაფრთხოების პოლიტიკა

ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა– ასე აფასებს განათლების პოლიტიკის სპეციალისტი ნათია ანდღულაძე იმ უსაფრთხოების კონცეფციას, რომელიც საქართველოს სკოლებშია დანერგილი. ანდღულაძის განმარტებით, ეფექტური და შედეგიანი სისტემა უფრო რთული  მისაღწევია:

 

“კონცეპტუალურ დონეზე უფრო გამართლებულ  პოლიტიკას  სკოლაში ადამიანების ჯგუფი ჭირდება, რომლებსაც კონცეპტუალურად სწორი ხედვა აქვთ. სწორი პოლიტიკა ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკების, მოსწავლის, მასწავლებლის და მშობლის პროცესში ჩართულობას გულისხმობს. ალტერნატიული პოლიტიკის დოკუმენტი არსებობდა 2008 წელს, უბრალოდ არავინ დაინტერესდა”–აცხადებს ანდღულაძე. 

 

ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკისთვის ბავშვის ქცევაზე რადიკალური პასუხებია დამახასიათებელი. ისეთი, როგორიცა სკოლიდან გარიცხვა. ასეთი პოლიტიკის ელემენტია– მანდატურის ინსტიტუტი, სპეცსკოლა, ვიდეოთვალთვალი და სხვა. 

 

ნათია ანდღულაძის არგუმენტებს ნულოვანი ტოლერანტობის ეფექტურობის ანალიზიც ამყარებს. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა  ამერიკის შეერთებული შტატების სკოლებშია მიღებული. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში აშშ–ში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ აღნიშნულმა პოლიტიკამ ვერ შეამცირა ძალადობა სკოლებში და რამდენიმე გვერდითი ნეგატიური შედეგი გამოიღო. 

 

ჰარვარდის უნივერსიტეტის სამოქალაქო უფლებების პროექტის  მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიშში (2000) აღნიშნულია, რომ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა არ ეხმარება მოსწავლეს ქცევის გამოსწორებაში და იგი იწვევს უნდობლობას უფროსების მიმართ. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის ანგარიშში (2006) ვკითხულობთ, რომ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა ვერ ზრდის სკოლის უსაფრთხოებას და არ აუმჯობესებს სკოლის კლიმატს. 

 

2010 წელს, როდესაც მანდატურის სამსახურის პილოტირება თბილისის მასშტაბით 7 სკოლაში დაიწყო, ამას განათლების პოლიტიკის სპეციალისტების უკმაყოფილება მოყვა. პირველ რიგში არ იკვეთებოდა განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების მიღების აუცილებლობა არც ადგილობრივი და არც საერთაშორისო კვლევებით. 

 

2007 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად სკოლებში ძალადობის ეროვნული კვლევა ჩაატარა. კვლევის მიხედვით, გამოკითხულ მოსწავლეთა 77% აღნიშნავს, რომ სკოლაში თავს  უსაფრთხოდ გრძნობს. რაც შეეხება საერთაშორისო კვლევებს, სკოლებში  კლიმატის და ძალადობის საკითხებს ფარავს წიგნიერების საერთაშორისო კვლევა (PIRLS 2006)  და საერთაშორისო შეფასება მათემატიკასა და მეცნიერებაში (TIMSS 2007). 

 

PIRLS-ის  2006 წლის კვლევის მიხედვით, მოსწავლეების 67% უსაფრთხოების მაღალ მაჩვენებელს აფიქსირებს, 32%–საშუალოს და მხლოდ 1% ირჩევს უსაფრთხოების დაბალ მაჩვენებელს. კვლევის მონაწილე 45 ქვეყანას შორის საქართველოს მეოთხე ადგილი უჭირავს ნორვეგიის, შვედეთის და დანიის შემდეგ. TIMSS–ის  2007 წლის მასწავლებელთა გამოკითხვაში კი საქართველოს 43 ქვეყანას შორის მეცხრე ადგილი უჭირავს. 

 

უსაფრთხოების პოლიტიკის გადახედვასა და მანდატურის სამსახურის გაუქმებაზე მსჯელობდნენ 19 ოქტომბერს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ  შეხვედრაზე მასწავლებლები, დირექტორები და განათლების პოლიტიკის სპეციალისტები. მცირე გამონაკლისის გარდა,  უმრავლესობა  დღევანდელი სისტემის გადახედვის აუცილებლობაზე თანხმდება, გამოითქვა კრიტიკული მოსაზრებები მანდატურის სამსახურის შესახებაც. 

 

195–ე სკოლის მასწავლებელი ქეთი ბოტკოველი თვლის, რომ მანდატური მას ფუნქციებს ართმევს:

 

“სკოლა არის აღზრდის დაწესებულება, სადაც მოსწავლის აღზრდა ევალება მასწავლებელს, მე მიჩნდება განცდა, რომ ფუნქცია წამართვეს. მანდატური ასევე შიშს ნერგავს. მიმაჩნია, რომ შიშით თავისუფალი მოქალაქე ვერ გაიზრდება”. 

 

ფუნქციების დაკონკრეტებაზე საუბრობს განათლების პოლიტიკის სპეციალისტი სიმონ ჯანაშია. სოფიო გორგოძისა და სიმონ ჯანაშიას მიერ შემუშავებულ  “უსაფრთხო სკოლის პოლიტიკის ალტერნატიული დოკუმენტის” ერთ–ერთი რეკომენდაციაა, დაკონკრეტდეს, თუ რა სახით ურთიერთობს მანდატური ანტისოციალური ქცევის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, სკოლის პერსონალთან და ძალადობაში ჩართულ სამივე მხარესთან.

 

არაეფექტურად აფასებენ მანდატურის მუშაობას თავად მოსწავლებიც. კვლევის ფარგლებში  “უსაფრთხო სკოლის პოლიტიკა საქართველოში:წინაპირობა, შედეგები დამოკიდებულებები”, რომლის ავტორიც ნათია ანდღულაძეა, 16 წლის გიორგი ამბობს :

 

“ჩვენი სახელმწიფო მანდატურს გზავნის სკოლაში, რომ პირველივე კლასიდან დაშინებული იზრდებოდეს ადამიანი, ამისთვის აკეთებენ ამას. დაშინებული და მორჩილი თაობა ჭირდებათ, ყველაფერი კონტროლისთვის კეთდება, იმას ვერ ხვდებიან, რომ ასე ადამიანები არ იცვლებიან, არ შეიძლება ადამიანს ასე შეუზღუდო თავისუფლება”.

 

ხოლო ქალბატონი ნანა ბათუმიდან, რომელიც ორი მოსწავლის დედაა, ამბობს, რომ რეფორმა არა მანდატურით, არამედ დირექციით და მასწავლებლით უნდა დაწყებულიყო:

 

“სადაც დირექცია ძლიერია, იქ მანდატური საჭირო აღარაა. ამისთვის უნდა ებრძოლა განათლების სამინისტროს”.

 

განათლების მინისტრობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ მზადაა ამ საკითხზე კონსულტაციებისთვის და ხაზგასმით ამბობს, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც მანდატურის სამსახური არსებობდა, აღარ იარსებებს. მარგველაშვილი სამსახურის პოლიტიზებაზე ამახვილებს ყურადღებას:

 

” იმ აზრით, რომ ეს არის განათლების სამინისტროს  ძლიერი ხელი სკოლაში, ამ აზრით მანდატური აღარ იქნება. ცალსახად იმის თქმა, რომ დაიხუროს, ჩემს მიზანს არ წარმოადგენს ნაჩქარევი, პოპულისტური გადაწყვეტილების მიღება. უსაფრთხო სკოლა რა კომპონენტითაც შეიცავს მანდატურს, ამ საკითხზე დიდი სიამოვნებით ვიმსჯელებ”.

 

განათლების პოლიტიკის სპეციალისტის ნათია ანდღულაძის აზრით, მანდატურის სამსახური საჭირო არაა, თუ მაინცდამაინც, ეს მხოლოდ მოკლევადიანი პოლიტიკა შეიძლება იყოს.

 

” შეგვიძლია არ დავაძალოთ სკოლებს ყავდეთ მაინცდამაინც მანდატური. უკეთესი იქნება, ის თანხა, რაც მანდატურისთვისაა გამოყოფილი, მივცეთ სკოლას ვაუჩერის სახით და შემდეგ სკოლა გადაწყვეტს მანდატურის დაიქირავებას  და თუ რას გააკეთებს ის მისთვის, თუმცა ეს დროებითი პოლიტიკა შეიძლება იყოს.  გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ სკოლის თემმა გაიაზროს, რომ  დასჯით, კონტროლით და თითის ქნევით ბავშვის ქცევა არ შეიცვლება”.

 

განათლების პოლიტიკის სპეციალისტი სოფიო გორგოძე კი ამბობს, რომ ყველა სკოლისთვის ერთი და იგივე ტიპის უსაფრთხოების ზომები, მიუხედავად საჭიროებისა, არ არის სწორი მიდგომა:

 

” ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია სკოლის თემის გამოკითხვის საფუძველზე სკოლამ გადაწყვიტოს, ერთი მანდატური ჭირდება, სამი თუ იმ ფორმით, რა ფორმითაც მანდატური არსებობს, საერთოდ არ ჭირდება და მისთვის სხვა პროგრამებია მნიშვნელოვანი”.

 

განათლების პოლიტიკის სპეციალისტების საერთო რეკომენდაცია კი გულისხმობს, რომ სკოლამ  აქცენტი პროდუქტზე ორიენტირებული მიდგომიდან პროცესზე ორიენტირებულ მიდგომაზე გადაიტანოს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი