ახალი ამბები

ჭიათურელი მაღაროელები შიმშილობის დაწყებას აპირებენ[Video-Photo]

18 ოქტომბერი, 2012 • • 2187
ჭიათურელი მაღაროელები შიმშილობის დაწყებას აპირებენ[Video-Photo]

“მე მინდა ამ ადამიანებმა იცოდნენ, რომ ჩვენი ყურადღების ცენტრში არიან და არც ერთი წუთით არ ვაპირებთ მათ მარტო დატოვებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და იმ მეწარმის პირისპირ, რომელთანაც მათ პრობლემა აქვთ. მინდა მათ მოვუსმინო და შევეცდები, ამ მოლაპარაკებებში ორივე მხარისთვის მისაღებ ვარიანტამდე მივიდეთ. გავიგე, ისინი პროტეტსის უკიდურესი ფორმისთვის მიმართვას – შიმშილობის დაწყებას აპირებენ, რაც არ უნდა დავუშვათ”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა „ნეტგაზეთთან”.  

გაფიცული მაღაროელების საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, გულთამზე ჩუბინიძე ამბობს, რომ დღეს მაღაროელთა პროტესტს „ჯორჯიან მანგანეზის” შენობის წინ სოლიდარობის ნიშნად შეუერთდებიან ჭიათურის სხვადასხვა მაღაზიებისა და ბაზრობის თანამშრომლები, შესაბამისად, აღნიშნული ობიექტები დღეს არ იმუშავებს. გარდა ამისა, რამდენიმე მუშა მჯდომარე აქციას მართავს ერთ–ერთ მაღაროში, მიწის სიღრმეში.

გულთამზე ჩუბინიძე ამბობს, რომ კიდევ ორ დღეს დაელოდებიან კომპანიის პასუხს, შემდეგ კი უვადო შიმშილობას დაიწყებენ.

65 წლის ჟორა შერგილაშვილი უკვე 47 წელია ჭიათურის ერთ–ერთ მაღაროში მუშაობს. ახალგაზრდობისას მემანქანე იყო, ახლა კი ვაგონების შეკეთება ავალია. მისი თვიური შემოსავალი საშუალოდ 400 ლარია. პენსიაზე გასვლას ჯერჯერობით არ ფიქრობს, რადგან რვასულიან ოჯახში დასაქმებული მხოლოდ თვითონაა. ფიქრობს, რომ პენსიაზე თუ გავა, ოჯახის შენახვას ვერ შეძლებს.  

სხვა მუშების მსგავსად, მისი მთავარი მოთხოვნაც ხელფასის გაზრდაა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება კი შემდეგი რიგის საკითხად მიაჩნია.

65 წლის მაღაროელი ამბობს, რომ სპეცტანსაცმელი არ აქვთ, მუდმივად ფუჭდება საბჭოთა დროინდელი ტექნიკა.

“სახლიდან გასვლიდან სახლში შესვლამდე ვხარჯავ 12 საათს. დღეში მიხდიან 20 ლარს, რომელიც იქვითება და თვეში ვიღებ 350–400 ლარს. ამ 12 საათის განმავლობაში არც კვება არის და არც ნორმალური დასვენება. არ გვაქცევენ ყურადღებას. დღევანდელ ცხოვრებაში 350 ლარით რა უნდა გააკეთო ადამიანმა? შეინახავ ოჯახს?” –  გვითხრა კახაბერ ზუბიაშვილმა, რომელიც დანარჩენი 3 800–მდე მუშის მსგავსად უკვე მეხუთე დღეა გაფიცულია და ცვლილებებს ითხოვს.    

ერთ–ერთი გაფიცული, ლეილა ზარნაძე, მარგანეცის გამწმენდ ქარხანაში სპეციალურ დაზგაზე დღეში 8 საათის მანძილზე შეუსვენებლად მუშაობს. როგორც თავად ამბობს, თითოეულ სამუშაო დღეში 17 ლარს იღებს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ გეგმა შესრულდა, რაც ხშირად შეუძლებელია. თვეში საშუალოდ 300 ლარს იღებს.

“გაჭირვებაში ვმუშაობთ. ჩვენთვის არ არის წყალი, ნათურაც არ არის, რომ გასახდელი გაანათო. უმძიმეს სამუშაოზე ვმუშაობ. ვთხოვე უფროსს, 17–ლარიანის ნაცვლად 19–ლარიან ტარიფზე გადავეყვანეთ, მაგრამ უარი მითხრა, ჩვენთვის არანაირი პირობები არ არის”, – ამბობს ლეილა ზარნაძე.

კითხვაზე, როგორი იყო საწარმოს ხელმძღვანელობის რეაქცია, როცა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ, ლეილა ზარნაძე პასუხობს:

“როცა გაკეთდება წყალი, მაშინ დაიბანეთო – ასე გვეუბნებიან.  ამდენ ხანს ვერ გამოვხატეთ პროტესტი იმიტომ, რომ გვექმურებოდნენ, თუ გაწყობთ ასეთ პირობებში მუშაობა, იმუშავეთ, თუ არა და წადით, მუშაობის მსურველი ბევრიაო”, – ამბობს ლეილა ზარნაძე. მისი თქმით, მუშებმა ახლა იმიტომ ამოიღეს ხმა, რომ ახლად არჩეული ხელისუფლების მხარდაჭერის იმედი აქვთ.  

ნეტგაზეთი ჭიათურაში მუშების პრობლემების გასაშუქებლად გუშინ, 17 ოქტომბერს იმყოფებოდა. ე.წ. „ტრესტის“ შენობასთან შეკრებილი მუშები საკუთარ პრობლემებზე ღიად საუბარს არ ერიდებიან, დეტალურად ყვებიან, რა პირობებში უწევთ მუშაობა.

კითხვაზე, როგორია მისი სამუშაო პირობები, 28 წლის მაღაროელი ბესო ბიწაძე პასუხობს, რომ მის მონათხრობს სჯობს, ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახოთ.  

თავდაპირველად ახლომდებარე, წერეთლის მაღაროზე მივდივართ. ძველი, ჟანგიანი საბაგირო კაბინით მაღარომდე ორიოდ წუთში ავდივართ.  წერეთლის მაღაროს შესასვლელში ძველი ნაგებობა დგას, ნახევრად სახურავდამტვრეული და აგურებჩამოცვენილი. ჩემი მეგზური ბესო მეუბნება, რომ მაღაროს გვირაბი მთის სიღრმეში 30–35 კილომეტრზე შეიძლება იყოს გაჭრილი, სადაც მუშები ყოველდღიურად ჩადიან და სახიფათო პირობებში, სპეცტექნიკის გარეშე მუშაობენ და ხელით ტვირთავენ ვაგონებს.   

წერეთლის მაღაროს დათვალიერების შემდეგ ბესოს მანგანუმის იმ გამწმენდ ქარხანაში მივყავარ, სადაც თავად მუშაობს. დაახლოებით ნახევარ საათში ვუახლოვდებით რკინის დიდ კონსტრუქციებსა და ბეტონის ნახევრად დანგრეულ შენობებს.

“მალე გამოჩნდება ის ქარხანა, სადაც ვმუშაობ”, – მეუბნება ჩემი მეგზური. მანქანა ძლივს მიდის ორმოებიან გზაზე, „–შენ წვიმიან ამინდში უნდა ნახო, აქ რა ხდება. ხშირად ორმოებში მანქანები ვარდება და ამოსაყვანად დახმარება გვჭირდება. ათასჯერ ვითხოვეთ მოხრეშვა, მაგრამ უშედეგოდ”.

მალე გამოჩნდა მანგანუმის მადნის გამწმენდი ქარხანა, ფასადჩამოცვენილი უფანჯრო შენობა. “ეს არის ჩვენი

საშხაპე ერთ–ერთ საწარმოში. ჭიათურა/თაზო კუპრეიშვილი
საშხაპე ერთ–ერთ საწარმოში. ჭიათურა/თაზო კუპრეიშვილი

მსოფლიო ბაზარზე მარგანეცზე არსებული ფასებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე 10%–ზე მეტით ვერ გავუზრდით ხელფასებს. როგორც იქნა, გამოინახა ხელფასების ამ დოზით გაზრდის შესაძლებლობა. ხელფასების 100%–ით გაზრდა არარეალურია”, –განუცხადა „ნეტგაზეთს” „ჯორჯიან მანგანეზის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მაკა კვარაცხელიამ. „დღეს სპეციალურად  ვნახე მსოფლიო ბაზრის მონაცემები. მსოფლიოში ჩვენი მსგავსი სულ რამდენიმე საწარმო არსებობს და ბაზარზე ყველას აქვს დაწყებული პროდუქციის შემცირება იმიტომ, რომ მოთხოვნა არ არის. ჩვენ კბილებით ვიცავთ, რომ ეს წარმოება და ხალხის რაოდენობა იქნეს შენარჩუნებული”.

მაკა კვარაცხელიას თქმით, მუშების ნაწილს კვალიფიკაციის მიხედვით 400 ლარი აქვს, ნაწილს კი, 1000–მდე, საშუალო ხელფასი კი საწარმოში 750 ლარია.

“გულით მინდა, რომ მათ ჰქონდეთ 1500 და 1600 ლარი ხელფასი, მაგრამ ხომ უნდა მივიდეს კომპანია იმ დონემდე, რომ ეს შეძლოს?  რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, 3.5 მილიონი დოლარის ღირებულების ტექნიკა 1 თვეც არ არის, რაც შემოსულია და მუშაობს. ძალიან ბევრ ხელშეკრულებაზეა ხელი მოწერილი, შესაბამისად, მიწისზედა და მიწისქვედა სამუშაოებისთვის კიდევ შემოვა ტენქიკა. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენს მუშებს ხელით, “ლაფათქით” მუშაობა არ უწევდეთ. ძალიან დიდი ინვესტიციები იდება გადაიარაღებისთვის. ახალი მენეჯმენტი 6 თვეა შემოვედით და მეტი ფიზიკურად ვერ მოვასწარით.  აბსოლუტურად ყველა სოციალური პრობლემა და ინფრასტრუქტურა, რომელიც მართლა ცუდ მდგომარეობაშია, აუცილებლად მოგვარდება, მათ შორის საშხაპეების საკითხიც. ნელ–ნელა მიმდინარეობს მათი სპეცტანსაცმლით უზრუნველყოფა”, – ამბობს მაკა კვარაცხელია.

ჭიათურაში ყველა მაღაროსა და მადნის გადამამუშავებელ საწარმოს  კომპანია Georgian Manganese Holding Limite ფლობს. აღნიშნულ კომპანიის დირექტორია ვოლოდიმირ ლოზინსკი. მისი შეხვედრა გაფიცულ მუშებთან რამდენიმე დღის წინ უშედეგეოდ დასრულდა.

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.


მასალების გადაბეჭდვის წესი