ახალი ამბები

პრემიერი: დავოსსა და ესპანეთში ვიზიტის შედეგი არაერთგანზომილებიანი იქნება

24 იანვარი, 2017 • 2157
პრემიერი: დავოსსა და ესპანეთში ვიზიტის შედეგი არაერთგანზომილებიანი იქნება

დღეს, 24 იანვარს, გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ დავოსსა და ესპანეთში მისი ვიზიტის შედეგი არაერთგანზომილებიანი იქნება.

„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო და, ვფიქრობთ, მისი შედეგები არაერთგანზომილებიანი იქნება და მალე დადგება“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ ძალიან პოზიტიური მოლოდინები დაფიქსირდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტის, კრისტიან ლაგარდის მხრიდან მსოფლიო ეკონომიკური ზრდის მიმართულებითაც.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ინვესტორებთან. საქართველო ძალიან დიდ ინტერესს იწვევს და განიხილება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რიგში, როდესაც კომპანიები ევროპის მიმართულებით წარმოების გახსნას იხილავენ, და ამ მხრივ არაერთი საინტერესო შეხვედრა გვქონდა. მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია იაპონური კომპანიები, რომლებიც საქართველოში წარმოებით ინტერესდებიან, რაც ძალიან მისასალმებელია“, – აღნიშნა პრემიერმა.

კვირიკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველო იყოს იმ მოვლენების საქმის კურსში, რომლებიც დღეს საერთაშორისო მასშტაბით ხდება, და რჩებოდეს კავშირზე მეგობრებსა და პარტნიორებთან.

„გაიმართა არაერთი შეხვედრა სახელმწიფოს მეთაურებთან. ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, ბატონ სუმა ჩაკრაბარტისთან. აღსანიშნავია, რომ EBRD-ისთვის 2016 წელი, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების კუთხით, სარეკორდო იყო – ისტორიულად ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საქართველოში, რომლის გაზრდა წელსაც იგეგმება და ეს კიდევ ერთი რეკორდული წელი იქნება. მათი მოლოდინები ძალიან პოზიტიურია“, – განაცხადა პრემიერინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სასიხარულოა, რომ ესპანეთში სამუშაო ვიზიტისას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში, რომლის სათავო ოფისი მადრიდში მდებარეობს, საქართველოს სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა.

„ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა პრემიერ-მინისტრთან და მონარქთან, რომელიც ესპანეთის სახელმწიფოს მეთაურია. ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის არაერთ ახალ, ძალიან საინტერესო მიმართულებაზე. ასევე, ჩვენ წარდგენილი გვყავს კანდიდატი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე – ჩვენი ელჩი ესპანეთსა და ჩვენი წარმომადგენელი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში, ზურაბ პოლოლიკაშვილი, რომლის მხარდაჭერაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებითაც არაერთი შეხვედრა გაიმართა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ასევე, შეხვედრები გაიმართა ტურიზმის, სასტუმროების სექტორის, საავიაციო კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოს ბაზრით ინტერესდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი