ახალი ამბები

პრეზიდენტთან დაპირისპირებული გამარჯვებული კანდიდატი [Video]

15 ოქტომბერი, 2012 • 1535
პრეზიდენტთან დაპირისპირებული გამარჯვებული კანდიდატი [Video]

14 ოქტომბერს ხაშურის 9 საარჩევნო უბანში მაჟორიტარობის დეპუტატი განმეორებით აირჩიეს. 1 ოქტომბერთან შედარებით, არჩევნებზე ორი კვირის შემდეგ, ამომრჩეველთა დაახლოებით ნახევარი მივიდა. ხაშურელები ამბობენ, რომ ხალხი საარჩევნო პროცესებით დაიღალა. გარდა ამისა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის  მაჟორიტარობის კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე მოხსნა და ხაშურელთა ნაწილმა არჩევნებში მონაწილეობა საჭიროდ აღარ მიიჩნია.

 

ხაშურის 9-ვე უბანზე, სადაც 1 ოქტომბრის არჩევნებზე, ხმის დათვლის პროცესის დროს, პოლიციის თანამშრომლები და სპეცდანიშნულების რაზმი შემაჯამებელი ოქმების გადასაკეთებლად შევიდა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივრების საფუძველზე სასამართლომ არჩევნების განმეორებით ჩატარება მოითხოვა.

 

„ხმების თვლის პროცესი დასრულებული იყო. შედეგები შავად ჩანიშნული გვქონდა. „ქართული ოცნების“ კანდიდატი იმარჯვებდა. ოქმი ჯერ არ გვქონდა შევსებული, როცა 4 უცნობი პიროვნება შემოიჭრა ოთახში. დამკვირვებლები გამოყარეს და ოქმები თავად შეავსეს,“- ამბობს ხაშურის მე-13 საუბნო კომისიის თავმჯდომარე მედეა კაპანაძე- ავალიშვილი.

 

ის, რომ უბნებზე შეჭრილი მოქალაქეები სამართალდამცავები იყვნენ, #1 უბნის კომისიის თავმჯდომარე, მაია ჩაჩანიძე დარწმუნებულია.

 

„ხმების დათვლა არ იყო დასრულებული, როცა 2 პოლიციელი შემოვიდა. ერთ მათგანს თავზე ჰქონდა აწეული ნიღაბი, სახის დამალვა არც ერთს უცდია. ჩვენი კომისიის წევრი, რომელიც იცნობდა მათ, გადაეხვია კიდეც, მოიკითხეს ერთმანეთი. მერე ის გაიყვანეს ოთახიდან. როცა უკან დაბრუნდა, ტიროდა. გვითხრა, რომ ფურცელი მოიტანეს, სადაც ის შედეგები ეწერა, რომელიც ოქმში უნდა ჩაგვეწერა. როცა ოქმების ძებნა დავიწყეთ, იმ ადგილას აღარ დაგვხვდა. როდის მოიპარეს, ვერ გავიგეთ,“ – ამბობს მაია ჩაჩანიძე.

 

ოქმების გატაცების შემდეგ კომისიის წევრებმა აქტი შეადგინეს, რეალური შედეგები ჩაწერეს და საოლქო კომისიაში ისე მიიტანეს.

 

“მაგრამ ცესკოს საიტზე ჩვენი შედეგები არ ასახულა. პოლიციელების მიერ შევსებული ოქმები აიტვირთა,”- ამბობს #1 უბნის თავმჯდომარე.

 

დღეს, 15 ოქტომბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გუშინ ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმები უკვე ატვირთულია. ყველა მათგანის მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ვალერი გელაშვილმა დაახლოებით 10-20 ჯერ მეტი ხმა მიიღო, ვიდრე მისმა ოპონენტმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან,“ სერგო ქიტიაშვილმა. შესაბამისად, საერთო ჯამში, “ოცნების” კანდიდატმა 6000 – ზე მეტი ხმით გაიმარჯვა ‘ნაცმოძრაობის’ კანდიდატზე. 

 

განმეორებითი არჩევნების დღეს ქიტიაშვილის საარჩევნო შტაბთან სიმშვიდე იყო. კარი დაკეტილი აღმოჩნდა. ის, რომ აქ რამდენიმე დღის წინ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის შტაბი იყო, აბრითა და რამდენიმე დარჩენილი საარჩევნო პლაკატით მიხვდები. პლაკატების ნაწილი ჩამოხეულია. იქვე, ხაშურის მუზეუმის შენობაში, სადაც წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის ოფისი იყო განთავსებული, კარზე ცარცით „41“ აწერია.

 

მუზეუმის პირდაპირ, სკვერში მჯდომი მამაკაცები ამბობენ, რომ რამდენიმე დღეა “ნაციონალური მოძრაობიდან” აღარავინ უნახავთ. მათი განწყობაც ცალსახაა – „რაღა უნდათ ოფისში, მაგათი დრო დამთავრდა,“- ამბობს ერთი მათგანი.

 

 

ხაშურში ყველაზე ხალხმრავალი ადგილი არჩევნების დღეს, „ქართული ოცნების“ ოფისის მიმდებარე ტერიტორია იყო.

 

ორსართულიანი შენობის წინ ბევრი ავტომობილი და მამაკაცი იდგა მთელი დღის მანძილზე. მათ შორის ვალერი გელაშვილი, მაჟორიტარობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან.”

 

ინტერვიუზე ის მაშინვე დაგვთანხმდა.

 

პირველი კითხვა საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრებისა და დამკვირვებლებისთვის მიტანილი საკვების შესახებ უნდა ყოფილიყო, რომელიც, როგორც კომისიის წევრებმა თქვეს, მისი დავალებით დარიგდა. თუმცა საუბარი იმ დარღვევებზე საუბრით დაიწყო, რომელიც 1 ოქტომბერს დაფიქსირდა.

  

 

უბნებიდან ოქმებისა და, რიგ შეთხვევებში, ბიულეტენების გატაცება გელაშვილმა პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან არსებულ პირად დავას დაუკავშირა.

 

„ამდენი წლის მანძილზე პრეზიდენტთან ვარ დაპირისპირებული. არ უნდოდა, მე  გავსულიყავი პარლამენტში და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა. შებამისად, ყველაფრის ნებართვა გასცა,“- ამბობს გელაშვილი.

 

მისი განმარტებით, გამოძიების გაგრძელებას და სამართლებრივ დავას, რომელიც ამ ეტაპზე შეჩერებულია, აუცილებლად გეგმავს და დარწმუნებულია, რომ მიზანს მიაღწევს.

 

„100%- ით ვიცი, რომ ბატონი მიხეილ სააკაშვილის მითითებით გაკეთდა ეს ყველაფერი ჩემ წინააღმდეგ. ეს შსს-მ და კოდუამ შეასრულეს. სხვა სახელი და გვარებიც ვიცოდი, მაგრამ აღარ ჩავძიებივარ. აი, დასრულდება ეს საარჩევნო პროცესები და ყველაფერი გაირკვევა.  სააკაშვილს ეგონა, აღარ ჩამოვიდოდი საქართველოში.“

 

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, გელაშვილის ადრე გაკეთებული განცხადებების თანახმად, მიხეილ სააკშვილთან მისი პირადი უთანხმოება პრეზიდენტის რეზიდენციის შენობასთან დაკავშირებით და შემდგომში მასზე თავდასხმით დაიწყო.

 

სადავო საკითხი 2005 წელს  პრეზიდენტის ჯერ კიდევ მშენებარე რეზიდენციის მიმდებარე ტორიტორიაზე არსებული სახლი გახდა, რომელიც გელაშვილის ოჯახს ეკუთვნოდა.

 

შეთანხმების საფუძველზე, რომელიც  გელაშვილსა და პრეზიდენტის აპარატის უზრუნველყოფის სამსახურს შორის შედგა, გელაშვილის სახლი პრეზიდენტის რეზიდენციის კომპლექსში უნდა შესულიყო, მშენებლობას გელაშვილის კერძო კომპანია განახორციელებდა და პრეზიდენტის უზრუნველყოფის სამსახური გელაშვილს შეთანხმებულ თანხას გადაუხდიდა. თუმცა გელაშვილისთვის ფული არ გადაუხდიათ.

 

მოგვიანებით ერთ-ერთ ბეჭდურ გამოცემაში ვალერი გელაშვილის ინტერვიუ გავიდა, სადაც მან სააკაშვილისა და მისი ოჯახის შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა. მალევე გელაშვილს უცნობი პირები დაესხნენ თავს და სცემეს. ამ ფაქტის შემდეგ გელაშვილი მკურნალობას საზღვარგარეთ გადიოდა.

 

რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატს ვალერი გელაშვილს პარლამენტარისათვის შეუთავსებელი სამეწარმეო საქმიანობის მოტივით უფლებამოსილება შეუწყვიტა. ოპოზიციონერი პარლამენტარები მაშინ ამ ფაქტს „პოლიტიკურ რეპრესიებს“ უკავშირებდნენ.

 

ვალერი გელაშვილი დღეს ამბობს, რომ სამართლებრივ დავას, სააკაშვილის გარდა, მის ოპონენტთან, სერგო ქიტიაშვილთანაც აპირებს.

 

„პირადად ვიცნობ ქიტიაშვილს, 2000-2005 წლებში ჩემთან მუშაობდა. ყველაფერი მე გავუკეთე, რაც კი დღეს გააჩნია. არჩევნებამდე ერთი თვით ადრეც შევხვდი და გავაფრთხილე – სუფთად ემუშავა,“- ამბობს გელაშვილი.

 

“ოცნების” გამარჯვებული კანდიდატი წაგებულ ოპონენტის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას გეგმავს საარჩევნო უბნებში სპეცდანიშნულების რაზმის შეყვანისთვის, ოქმების გაყალბებისთვის და ცრელმსადენი გაზის გაშვებისთვის.

 

სერგო ქიტიაშვილმა განცხადება იმის შესახებ, რომ კანდიდატურას ხსნის, განმეორებით არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე გააკეთა და მიზეზად მასზე ძალადობა და შანტაჟი დაასახელა ვალერი გელაშვილის მხრიდან, თუმცა მასზე ძალადობის კონკრეტულ ფაქტები არ დაუსახელებია.

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი