ახალი ამბები

“წინ ძალიან დიდი მიზნებია” – ზაზა ფაჩულია “ოლ-სტარის” ხუთეულის გამოცხადების შემდეგ

21 იანვარი, 2017 • 3935
“წინ ძალიან დიდი მიზნებია” – ზაზა ფაჩულია “ოლ-სტარის” ხუთეულის გამოცხადების შემდეგ

NBA-ის საკალათბურთო კლუბის, “გოლდენ სტეიტის” მოთამაშე, ზაზა ფაჩულია ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება “ყველა ვარსკვლავის” მატჩის (All Star) სასტარტო ხუთეულის შესარჩევი კონკურსის შედეგებს:

“ამ ერთი თვის განმავლობაში ძალიან დიდი მხარდაჭერა მივიღე თითოეული თქვენგანისგან, რისთვისაც უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და გამოვხატო ჩემი პატივისცემა. ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა, წარმომედგინა ჩემი ქვეყანა All Star-ზე, მაგრამ ამით არაფერი არ მთავრდება, წინ ძალიან დიდი მიზნებია. ვამაყობ ჩემი ქვეყნით და ჩემი ქართველებით”, – წერს კალათბურთელი ფეისბუკის გვერდზე.

NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩის (All Star) სასტარტო ხუთეულში ზაზა ფაჩულია ვერ მოხვდა. #NBAVote-ის საბოლოო შედეგების თანახმად, ზაზა ფაჩულიამ გულშემატკივრებისგან, ჯამში, 1,528,941 ხმა მიიღო. ხმათა ამ რაოდენობით იგი დასავლეთის ფორვარდთა შორის მეორე ადგილზე იყო, თუმცა გადამწყვეტი აღმოჩნდა მედიის და კალათბურთელების ხმები.

ALL STAR-ის სასტარტო ხუთეულები შემდეგია:

აღმოსავლეთ კონფერენცია: ლებრონ ჯეიმსი, იანის ანტეტოკუნმპო, კარი ირვინგი, დემარ დეროუზენი, ჯიმი ბატლერი.

დასავლეთ კონფერენცია: სტეფან ქარი, ენტონი დევისი, კევინ დურანტი, ჯეიმს ჰარდენი, კავაი ლეონარდი.

ხმის მიცემის პროცესი 16 იანვარს დასრულდა. NBA-ის საკალათბურთო ლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩი თებერვალში გაიმართება.

სულ აირჩევა 5 მოთამაშე თითო კონფერენციიდან (აღმოსავლეთი და დასავლეთი)- 3 ფორვარდი და ორი მცველი. წელს პირველად, გარდა ფანებისა, ძირითადი შემადგენლობის კალათბურთელების შერჩევის პროცესში მედია და NBA-ის მოქმედი კალათბურთლებიც მონაწილეობენ. შესაბამისად, გამარჯვებულების გამოვლენის პროცესში ასევე მნიშნელოვანი იქნება ის, თუ ვის მისცემენ ჟურნალისტები და კალათბურთელები ხმას. კონკურსზე ფანებს მხოლოდ 50%-იანი გავლენა აქვთ, მეორე 50%-ს კალათბურთელები და ჟურნალისტები შეავსებენ. შემდეგ NBA ამ ყველაფერს დაითვლის და ასე გამოვლინდება All Star-ის მონაწილეთა ვინაობა.

All Star, იგივე ყველა ვარსკვლავის მატჩი არის მხოლოდ ერთი თამაში წლის განმავლობაში, რომელშიც NBA-ის ყველაზე პოპულარული ათლეტები მონაწილეობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი