ახალი ამბები

გოცირიძე: გასაღების სუს-ში დატოვებით არ სრულდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

20 იანვარი, 2017 • 2891
გოცირიძე: გასაღების სუს-ში დატოვებით არ სრულდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

საიას იურისტი, კონსტიტუციონალისტი გიორგი გოცირიძე მიიჩნევს, რომ თუკი ფარული მოსმენების გასაღები სუს-ში შექმნილ სსიპ-ში დარჩება, ამით არ შესრულდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

დღეს, 20 იანვარს, პარლამეტში მთავრობის, პარლამენტისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მოსმენების კანონში შესატან ცვლილებებზე სამუშაო ჯგუფის ფორმატში დახურულ სხდომაზე მსჯელობდნენ. პარლამენტმა არასამთავრობოებს კანონპროექტი სწორედ ამ შეხვედრაზე გააცნო.

შეხვედრის შემდეგ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ  ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ფარული მოსმენების “გასაღები” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშში შექმნილ სსიპ-ში გადავა.

გიორგი გოცირიძე აცხადებს, რომ ეს მოდელი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისი.

“საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში გარკვევით თქვა შემდგი რამ: გასაღები არ შეიძლება ჰქონდეს სუს-ს, ამავდროულად, გასაღები არ შეიძლება ჰქონდეს საგამოძიებო და პროფესიულად დაინტერესებულ ორგანოს. დღევანდელი შეხვედრიდან გვითხრეს, რომ გასაღები დარჩება სუს-ს, ანუ სუს-თან შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი და მისი ხელმძღვანელის შერჩევაში სუს-ის ხელმძღვანელი მიიღებს მონაწილეობას. ჩვენი დასკვნა არის ის, რომ ამით არ სრულდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და გასაღები კვლავაც რჩება სუს-ს. მიგვაჩნია, რომ პარლამენტმა უნდა გადახედოს ამ გადაწყვეტილებას, თუკი მას აქვს განზრახვა, რომ შესრულდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. საკონსტიტუციო სასამართლომ ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების დარღვევა დაადგინა სწორედ იმის გამო, რომ გასაღები ჰქონდა სუს-ს და საგამოძიებო ორგანოს,”- განაცხადა გიორგი გოცირიძემ.

დღეს საქართველოში მოქმედებს ორეტაპიანი სისტემა, რომლის თანახმადაც, მოსმენების “გასაღები” არის სუს-ში, ხოლო “საკონტროლო გასაღები” აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.

2016 წლის 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო. საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტს ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა, შესაბამისად, პარლამენტს 3 თვეზე ნაკლები დრო აქვს დარჩენილი კანონმდებლობის შესაცვლელად.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი