ახალი ამბები

რა საკითხებზე ისაუბრა კვირიკაშვილმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას

19 იანვარი, 2017 • 13659
რა საკითხებზე ისაუბრა კვირიკაშვილმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას

2017 წლის დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აბრეშუმის გზისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხებზე ისაუბრა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა სესიაზე The Silk Road Effect” სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ჩინეთის პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ პროექტში – „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას.

“ესაა ალტერნატივების ქსელი – თითოეული მათგანი თანაბრად მნიშვნელოვანია ევრაზიაში ეკონომიკის ზრდისა და ჯანსაღი ეკონომიკის შესაქმნელად. ეს პროექტი ერთდროულად კონკურენციასაც გულისხმობს და თანამშრომლობასაც. თუმცა ეს უფრო პარტნიორობას ეხება. როგორც პრეზიდენტმა ალიევმა თავის გამოსვლაში ახსენა, აბრეშუმის გზა უდიდეს შესაძლებლობებს გვაძლევს, თუმცა არსებობს გარკვეული წინაპირობები, რომელთა დაცვა არსებული პოტენციალის სრულად ასათვისებლად აუცილებელია.  პირველ რიგში, იგულისხმება ინფრასტრუქტურა, შემდეგ – პროექტში ჩართულ სახელმწიფოებში არსებული სტაბილური გარემო; იგულისხმება სრულყოფილი პარტნიორობა ტრანსსასაზღვრო პროცედურების განხორციელების დროს; სატარიფო სისტემების უნიფიკაცია და, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა პოლიტიკურ დონეზე. ეს მრავალგანზომილებიანი საკითხია,”-განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დასასრულს უახლოვდება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი, რაც აბრეშუმის გზის საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის მონაკვეთის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იქნება.

“ჩვენ ვიწყებთ შავი ზღვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პორტის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას შავი ზღვის სანაპიროზე. ამ მიზნით შეიქმნა ქართულ-ამერიკული კონსორციუმი. ამჟამად რეგიონის მასშტაბით ვეძებთ პორტის ოპერატორებს. ინვესტიციების დიდი რაოდენობაა მიმართული საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების მიზნისკენ. ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ჩინეთთან. ამას გარდა, დასრულდა მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დადებასთან დაკავშირებით. შესაბამის ხელშეკრულებას უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს გულისხმობს თანამშრომლობას არა მხოლოდ ტრანსპორტირების, არამედ წარმოების პროცესშიც და ლოჯისტიკის კუთხითაც,-“აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სესიას, რომელიც ახალი აბრეშუმის გზის პროექტის შესაძლებლობებს მიეძღვნა, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და მონღოლეთის პრეზიდენტი ცახიაგინ ელბეგდორჟი დაესწრნენ.

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, მსოფლიო ბიზნესის ლიდერებს, მეცნიერებს, ეკონომისტებს, პოლიტოლოგებს მასპინძლობს. წლევანდელ ფორუმში, რომლის დევიზია “პასუხისმგებლიანი ლიდერობა,” მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერები,  50 ქვეყნის 1000-მდე მსხვილი კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი