ახალი ამბები

“გალარების პროგრამის” პირობებით პირველივე დღეს 8% დაინტერესდა – სბა

18 იანვარი, 2017 • 2747
“გალარების პროგრამის” პირობებით პირველივე დღეს 8% დაინტერესდა – სბა

საქართველოს ბანკების ასოციაციის ინფორმაციით, გალარების პროგრამის ამოქმედების პირველ დღეს, ანუ 17 იანვარს ბანკებს იმ კლიენტებს დაახლოებით 8 პროცენტმა მიმართა პირობების გასაგებად, ვისაც ეს პროექტი პოტენციურად ეხება.

როგორც ნეტგაზეთს ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელმა ზურაბ გვასალიამ განუცხადა, საუბარია იმის შესახებ, რომ კლიენტები თავიანთი ინიციატივით დაუკავშირდნენ ბანკებს. მისივე თქმით, არის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც კლიენტმა გალარების გადაწყვეტილება უკვე მიიღო, ყოველ შემთხვევაში, ბანკს ასე შეატყობინა.

“პირობები დააზუატეს და [თქვეს] რომ დაფიქრდებიან. იყო 3-4 კლიენტი, ვინც თქვა, რომ ხვალ მოვალ და პირდაპირ გავალარებო”, – ამბობს გვასალია.

საქართველოში მოქმედი ბანკები სამთავრობო პროგრამის ფარგლებში იპოთეკური სესხის გალარებას მომხმარებლებს საშუალოდ 10%-იანი განაკვეთის ფარგლებში სთავაზობენ.

გალარების ერთჯერადი სამთავრობო პროგრამა  17 იანვრიდან ამოქმედდა. სურვილის შემთხვევაში, იმ პირებს, ვისაც 2015 წლის 1 იანვრამდე დოლარში აქვს აღებული იპოთეკური სესხი და სამთავრობო პროგრამის სხვა კრიტერიუმებსაც აკმაყოფილებენ,  სესხების გალარება შეუძლიათ იმ დღეს არსებულ ოფიციალურ გაცვლით კურსს გამოკლებული 20 თეთრით. მაგალითად, თუ აშშ დოლარის მიმართ ოფიციალური გაცვლითი კურსი არის 2.7 ლარი, მაშინ სესხის გალარება მოხდება 2.5 კურსით. კურსთაშორის სხვაობა დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

თი-ბი-სი ბანკში, VTB-ში და საქართველოს ბანკში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გალარებას დაახლოებით 10%-იანი საპროცენტო განაკვეთის ფარგლებში განახორციელებენ. ბანკებმა დღეიდან 5 დღის ვადაში უნდა მიმართონ იმ პირებს, ვისაც გალარების პროგრამა ეხებათ. ასეთი სულ დაახლოებით 30 ათასამდე ადამიანია. პროკრედიტ ბანკში გვითხრეს, რომ ისეთი კლიენტი, ვისაც გალარების პროგრამა ეხება, ძალიან ცოტა ჰყავთ და სურვილის შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთზე ინდივიდულურად მოელაპარაკებიან. ლიბერთი ბანკში კი დოლარში სასესხო პორტფელები არ აქვთ.

პროგრამის საილუტრაციოდ გადავწყვიტეთ, გვეჩვენებინა ერთი კონკრეტული სესხის მაგალითი, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შემთხვევაა და ყველა მომხმარებელს ინდივიდუალურად მოუწევს საკუთარი დანახარჯების დათვლა პროგრამით სარგებლობის შემთხვევაში. აქ მნიშვნელოვანია ის, თუ როგორი იქნება გაცვლითი კურის უშუალოდ გალარების დღეს. არსებობს იპოთეკური სესხი, რომელიც გალარების პროგრამაში მოხვედრის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. 10-წლიანი სესხი 2015 წლის 1 იანვრამდეა აღებული და  დოლარში წლიურ 7.5%-იან განაკვეთში იფარება.  ბოლო გადახდა 2024 წლის დეკემბერში უწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის სრულად დაფარვამდე 96 თვეა დარჩენილი. 2017 წლის იანვარში 196.43დოლარის გადახდა უწევს, მაგრამ თუ ის სესხს მაგალითად 16 იანვარს გაალარებდა 10.5%-განაკვეთიან სესხში, იანვარში 547 ლარის გადახდა მოუწევდა, რაც თავის მხრივ ოფიციალური გაცვლითი კურსით 201.96 დოლარია, ხოლო სავალუტო ჯიხურებში – დაახლოებით 204 დოლარი. როგორც ხედავთ, ამ იპოთეკურ სესხის შემთხვევაში ლარში გადატანა დანახარჯს აძვირებს.

თუკი ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს (და, როგორც ჩანს, გაამკაცრებს), არსე-ბული ინფლაციის მოლოდინის ფონზეროგორია მთავრობის გათვლები და პროგნოზებიმოქალაქეებს უღირთ და მოუნდებათ კი ამ პროგრამაში მონაწილეობა? – სებ-ის პრესსამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში ამ კითხვას საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა ასე უპასუხა:

“პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. აღნიშნული პროგრამა მსესხებლებს შესაძლებლობას მისცემს, ისარგებლოს შეღავათიანი კურსით სესხების გალარებისას და არ გადაიხადოს სესხის წინასწარ დაფარვის საკომისიო. გარდა ამისა, პროგრამის მონაწილის შემოსავალი აღარ იქნება დამოკიდებული კურსთაშორის სხვაობაზე და მას სესხის მომსახურება იმ ვალუტით შეეძლება, რომელშიც აქვს შემოსავალი.

ლარის და აშშ დოლარის სესხების პროცენტებს შორის სხვაობა ის ხარჯია, რომელსაც მომხმარებელი სავალუტო რისკის დაზღვევისთვის იხდის, ლარში სესხი კი იძლევა სავალუტო რისკისგან დაზღვევის საშუალებას. ის ასევე უზრუნველყოფს მსესხებლის მიერ სესხის მომსახურებაზე გასაწევი დანახარჯების პროგნოზირებადობას. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს კონვერტაციის ხარჯები, რაც არ არის ლარის სესხის შემთხვევაში”, – აცხადებს მესტვირიშვილი.

ვრცლად სებ-ის პოზიციებს გალარების პროგრამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი