ახალი ამბები

ზაზა ხუციშვილის თქმით, მგლების რაოდენობის ზრდა მათზე ნადირობის აკრძალვამ გამოიწვია

18 იანვარი, 2017 • 12159
ზაზა ხუციშვილის თქმით, მგლების რაოდენობის ზრდა მათზე ნადირობის აკრძალვამ გამოიწვია

დღეს, 18 იანვარს,  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მოქალაქე გიორგი ლაბაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების თაობაზე იმსჯელეს, რომელიც მტაცებელ ცხოველებზე ნადირობის პროცედურის გამარტივებას ითხოვს. სხდომაზე  შეთანხმდნენ, რომ პარლამენტი და გარემოს დაცვის სამინისტრო პრობლემის დარეგულირების გზებზე შეჯერდებიან, რომლებიც კანონმდებლობაში აისახება.

როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზაზა ხუციშვილმა აღნიშნა, პრობლემა რომ საყოველთაოა, ამას ბოლო დროს საქართველოში მტაცებელი ცხოველების მომრავლება და მოქალაქეებსა და შინაურ ცხოველებზე მათი მხრიდან თავდასხმების გახშირებული ფაქტებიც მეტყველებს.

“მგლების რაოდენობის ზრდას 1995 წლიდან მათზე ნადირობის აკრძალვამაც შეუწყო ხელი.  გარკვეული მცდელობების მიუხედავად, დღემდე ვერ მოხერხდა ისეთი რეგულაციების დაწესება, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებდა,” – აღნიშნა ხუციშვილმა.

პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაზა ხუციშვილმა შეკრებილ საზოგადოებას ევროპის ქვეყნებში არსებული მდგომარეობის და იქ დანერგილი პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია გააცნო და იმედი გამოთქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში მათი გამოყენება საქართველოშიც იქნება შესაძლებელი.

განცხადების მიხედვით, მტაცებელი ცხოველების პრობლემას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროშიც აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ პრობლემას სისტემურად უნდა მიუდგნენ.

როგორც სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა განაცხადა, დღეს, ფაქტობრივად, ადგილი აქვს სეზონური პრობლემის ლოკალურად მოგვარებას, რითაც საკითხის მთლიანობაში გადაწყვეტა ვერ ხდება და საჭიროა საკითხისადმი კომპლექსური მიდგომა. მისი ინფორმაციით, მგლების თავდასხმის თაობაზე თითქმის ყველა მუნიციპალიტეტიდან ყოველ კვირას იღებენ წერილს და მგლების ამოღებაზე ნებართვებსაც გასცემენ:

“მაგრამ ეს დროში ერთობ გაჭიანურებული პროცესია და საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. მისივე თქმით, არის სხვა სერიოზული პრობლემებიც, რის გამოც გახშირებულია მგლების თავდასხმებიც. მათ შორის, უშუალოდ სოფლის სიახლოვეს გაჩენილი ნაგავსაყრელები, ხშირ შემთხვევაში საძოვარზე უპატრონოდ გაშვებული პირუტყვი, სათანადოდ დაუცავი სადგომები. პრობლემის მოგვარებას ხელს პროფესიონალ მონადირეთა კადრების უქონლობაც უშლის ხელს. ასევე ჩასატარებელია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კამპანიაც,” – აღნიშნულია განცხადებაში.

2016 წლის აგვისტოში ზაზა ხუციშვილმა განაცხადა, რომ  აქტიური მონადირეა:

“ყოველთვის ვიცავ ნადირობის კანონებს და ამ მიმართულებითაც შემიძლია აქტიური ვიყო. გარემოს დაცვის საქმეებიც მოსაგვარებელია,” – აღნიშნა ხუციშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი