ახალი ამბები

უსუფაშვილი: მერთან შეხვედრა საკრებულოს წევრების მეშვეობით მოხდება

11 ოქტომბერი, 2012 •
უსუფაშვილი: მერთან შეხვედრა  საკრებულოს  წევრების მეშვეობით მოხდება

პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატი, დავით უსუფაშვილი თბილისის მერის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თბილისის ბიუჯეტი არის თბილისის საკრებულოს პრეროგატივა, ამიტომ მერთან შეხვედრა მოხდება მხოლოდ და მხოლოდ თბილისის საკრებულოს წევრების მეშვეობით და არა და ვერა პარლამენტის წევრების მეშვეობით. 

“ქალაქ თბილისის მერს საბიუჯეტო საკითხებზე ურთიერთობა აქვს თბილისის საკრებულოსთან, ამიტომ კოალიციაში შემავალი საკრებულოს წევრები, ისინი, ვინც შემდგომ საკრებულოში შევლენ, რა თქმა უნდა, მზად იქნებიან შესახვედრად, რომ მოხდეს დედაქალაქის ბიუჯეტის საკითხების განხილვა”.–განაცხადა უსუფაშვილმა.

 

ბიძინა ივანიშვილი და კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ბიზნესცენტრში კონსულტაციებს მართავენ. უსუფაშვილის განცხადებით, კონსულტაციები პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებას უკავშირდება.

 

” საუბარი გვქონდა პარლამენტის პირველი სხდომის თაობაზე. პარალელურად ვმუშაობთ პარლამენტის შენობის როგორმე იმ კონდიციამდე მიყვანამდე, რომ იქ პირველი სხდომა და პირველი დღის სამუშაოები გაიმართოს. მდგომარეობა არ არის სახარბიელო, მაგრამ მოვახერხებთ იმას, რომ ყველაფერი იყოს მზად პირველი სხდომის ქუთაისში ჩასატარებლად. “– განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატის განცხადებით, ვაკანტური მინისტრობის კანდიდატების შესახებ საკითხზე საუბარი  არ ყოფილა და პირველ სხდომასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები იგეგმება  ნაციონალური მოძრაობის საკონსულტაციო ჯგუფთან. 


მასალების გადაბეჭდვის წესი