ახალი ამბები

სერგეენკო კლინიკების ნაწილს მკაცრად აკრიტიკებს და მათთან თანამშრომლობის გაწყვეტას გეგმავს

18 იანვარი, 2017 • 2647
სერგეენკო კლინიკების ნაწილს მკაცრად აკრიტიკებს და მათთან თანამშრომლობის გაწყვეტას გეგმავს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო საქართველოში არსებული კლინიკების ხელმძღვანელებს ხვდება და საყოველთაო ჯანდაცვის მეორე ტალღის მიმართულებებს აცნობს.

ჟურნალისტებისთვის ღია მხოლოდ შეხვედრის გახსნა იყო. მინისტრის შესავალი სიტყვის შემდეგ სხდომა დაიხურა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის სიტყვიდან გახდა ცნობილი, იგი უკმაყოფილოა ზოგიერთ კლინიკასთან თანამშრომლობით. საყოველთაო ჯანდაცვის მეორე ტალღა კლინიკებთან სელექციურ კონტრაქტირებაზე გადასვლას გულისხმობს, რაც იმას ნიშნავს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლები კონკრეტული კლინიკები იქნებიან და ზოგიერთ კლინიკასთან კონტრაქტი შეწყდება.

სერგეენკოს განცხადებით, მეორე ტალღის რეფორმების სამოქმედო გეგმა უკვე გაწერილია. მას დეტალების შესახებ ჟურნალისტების თანდასწრებით არ უსაუბრია.

სერგეენკომ განაცხადა, რომ რაც უკვე გაწერილია, არ შეიცვლება რომელიმე კლინიკის პოზიციის გამო.

მან კლინიკებთან წარუმატებელი თანამშრომლობის რამდენიმე მაგალითზე ისაუბრა:

“ჯანდაცვის სამინისტროს არცერთხელ არ გამოუყენებია რეპრესიული მეთოდები, სამაგალითო დასჯები და ასე შემდეგ, არც მომავალში ვაპირებთ ამის გაკეთებას, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო არ დაიცავს სახელმწიფო ინტერესებს. ჩვენმა ამ პოზიციამ რიგ კლინიკებს შეუქმნა აშკარად მცდარი მოლოდინები, რომ მათ დაიწყეს ზრუნვა იმაზე, რომ მეტი თანხა დაეხარჯათ მენეჯმენტის კეთილდღეობასა და დივედენდებზე და მინიმალური მიემართათ პაციენტებისათვის. ახლავე გიდასტურებთ, რომ ამის ატანას არ ვაპირებთ მომავალში.

მაგალითად, არ დავასახელებ კონკრეტულ კლინიკებს, მერე გვექნება ჩვენ ამის საშუალება, როდესაც ერთ-ერთი დიდი კლინიკური გაერთიანების ერთ ეზოში მოქცეული არის რამდენმე წამყვანი კლინიკა, თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინსტრო უმორჩილესად სთხოვს, რომ ეზო მოაწესრიგონ და სამედიცინო ნარჩენები არ ეყაროს ეზოში, მათგან ვისმენთ, რომ ეს ტერიტორია განაწილებული არ არის კლინიკებზე და აბა, როგორ მოვახერხოთ, სამაგიეროდ? შესასვლელში შლაგბაუმი, რომელიც, ალბათ, ყველაზე გამართული აპარატია კლინიკაში, მოწესრიგებულად მუშაობს და მჯერა, რომ ამ შლაგბაუმის შემოსავლებს დიდი წარმატებით ინაწილებენ, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია ვითომდა არ აქვთ განაწილებული. ეს აჩვენებს სახელმწიფოსადმი კლინიკების დამოკიდებულებას.

იკვეთება კლინიკები, რომლებშიც ანალიზის შედეგად დავინახეთ, რომ ჩვენ მიერ გადახდილი თანხების უდიდესი ნაწილი მიემართება არაპირდაპირი ხარჯებისკენ, რაც არის მენეჯმენტის და მმართველების მოგება და მინიმალური ნაწილი მიემართება პაციენტის მოვლისაკენ და ექიმების, ექთნებისა და პერსონალის ანაზღაურებისაკენ, ვინც უვლის პაციენტს. ჩვენ ვერ ვიქნებით მომართულები, რომ ასეთ კლინიკებთან გავაგრძელოთ თანამშრომლობა.

იკვეთებიან კლინიკები, რომელთაც არარსებული ნონსენსი მოიფიქრეს და დააფუძნეს ისეთი ფრაგმენტული სერვისები, როგორიც არის მხოლოდ რეანიმაციული განყოფილება. ქუჩიდან იღებენ პაციენტებს და ქუჩაში უშვებენ. გიდასტურებთ, რომ ასეთი ფრაგმენტული სერვისების მომწოდებლებთან ჩვენ ვერ ვიქნებით მომართულები, რომ გავაგრძელოთ ურთიერთობა.

ასევე, გამოიკვეთა სიტუაცია, როდესაც სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ მოწესრიგებულად იხდის თანხებს, არა ყველა მოთხოვნილ თანხას, ანალიზი კეთდება და რასაც ვთვლით, რომ არის არაჯეროვნად მოთხოვნილი, იმ ნაწილს ვაჩერებთ. იკვეთება სიტუაციები, როდესაც თითქმის 90% გადახდილია მოთხოვნილი თანხის, 10% დარჩენილია, როგორც სადავო და კლინიკის მენეჯმენტი ამას იყენებს საფუძვლად, რომ ექიმებს და ექთნებს, ვინც უშუალოდ მკურნალობს პაციენტებს, უთხრას, რომ სახელმწიფო არ გვიხდის ფულს, გვიგვიანებს და ამიტომ ვერ გვაძლევს ხელფასებს. ამ დროს, 90% გადახდილი გვაქვს და 10%-იც ძალიან მალე მოგვარდებოდა, რომ ამ კლინიკებისგან ჩვენ საქმიანი ურთიერთთანამშრომლობა გვქონოდა. ჩვენ ვერ ვიქნებით მიმართულები, რომ გავაგრძელოთ იგივე ტიპის ურთიერთობები,” – განაცხადა მინისტრმა.

კლინიკების ხელმძღვანელები, რომელთაც ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს, აცხადებენ, რომ დავით სერგეენკოს მიერ დასახელებული პრობლემები მათ არ ეხებათ.

“ჩვენ ეს ჩვენს თავზე არ მიგვიღია. უბრალოდ, სისტემაში, როგორც ჩანს, მსგავსი შემთხვევები არის, რაზეც ჯანდცვის სამინისტრომ რეაგირება უნდა გააკეთოს. ევექსი არის ყველაზე დიდი ჰოსპიტალური ქსელი ქვეყანაში და თავისთავად, არის ყველაზე მსხვილი პარტნიორი საყოველთაო ჯანდაცვის და ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას საყოველთაო ჯანდაცვასთან” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სამედიცინო კორპორაცია ევექსის დირექტორმა ნიკა გამყრელიძემ.

ევექსის დირქტორმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ხელფასები არც ერთი დღით არ დაუგვიანებიათ თანამშრომლებისთვის.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა ახალაძემ განაცხადა, რომ მათი კლინიკა ახლად გახსნილია და მსგავსი შემთხვევები არ ჰქონიათ.

ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა იოსებ ბრეგვაძემ განაცხადა, რომ ამ პრობლემის ადრესატად თავს არ მიიჩნევს.

“ჩვენ ვცდილოთ, რომ სახსრები, რომლებიც მიღებულია, მოხმარდეს წამალს, გამოკვლევებს, პაციენტების კომფორტის პირობებს კლინიკაში. არ მეპარება ეჭვი, რომ გავაგრძელებთ სახელმწიფოსთან ურთიერთობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელებაში. ჩვენი კლინიკა არის მრავალპროფილური. ყველაზე მძლავრიი საწოლების რაოდენობით და დღემდე სამინისტროსთან ურთიერთობაში რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ ყოფილა, ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია,”- განაცხადა იოსებ ბრეგვაძემ.

დავით სერგეენკო კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა, 18.01.2017. ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

დავით სერგეენკო კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა, 18.01.2017. ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი