ახალი ამბები

‘არჩევნის თავისუფლებისთვის’ საჯარო მოხელეების მიერ არჩევნების დროს ჩადენილ დანაშაულებზე

11 ოქტომბერი, 2012 •
‘არჩევნის თავისუფლებისთვის’ საჯარო მოხელეების მიერ არჩევნების დროს ჩადენილ დანაშაულებზე

“ვინაიდან აღნიშნულმა დარღვევებმა არსებითი გავლენა იქონია ამ ოლქებში მაჟორიტარული არჩევნების შედეგებზე, მივმართავთ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებების ცნობის პროცესში შეისწავლოს აღნიშნული ფაქტები”, – აღნიშნულია კოალიცია “არჩევნის თავისუფლებისთვის” განცხადებაში.

კოალიციას მოპოვებული აქვს კონკრეტული მასალები საარჩევნო ოლქებში არჩევნების შესაძლო გაყალბების თაობაზე.

კერძოდ, განცხადებაში საუბარია ქედის N80, სიღნაღის N13, გორის N32, დედოფლისწყაროს N14 საარჩევნო ოლქებში გამოვლენილ დარღვევებზე.

კოალიცია “არჩევნის თავისუფლებისთვის” ინფორმაციით,  ქედის N80 საარჩევნო ოლქში ადგილი ჰქონდა ამომრჩეველთა მოსყიდვას, რასაც ადასტურებენ სხვადასხვა პირები.

“დავით ნაკაშიძე – ის აცხადებს, რომ ხმების სანაცვლოდ მას შესთავაზეს და შემდეგ „ლიბერთი ბანკის“ ანგარიშზე გადაურიცხეს ერთ ხმაზე 120 ლარის ოდენობით. დავით ნაკაშიძემ გადმოგვცა ბანკიდან 240 ლარის გამოტანის დამადასტურებელი დოკუმენტი და გვირჩია, გაგვერკვია, თუ ვინ ჩაურიცხა აღნიშნული თანხა, რითაც, მისი თქმით, გავიგებდით, ვინ ახორციელებდა ამომრჩევლის მოსყიდვას.

ოთარ გოგიტიძე – ის აცხადებს, რომ სოფელ ცხმორისის გამგებელმა დავით ანანიძემ მას შესთავაზა 350 ლარი, რომელიც, მისი თქმით, გამოგზავნილი იყო შერვაშიძის (დეპუატატობის კანდიდატი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან) მიერ.
სულიკო ბოლქვაძე – „წინასაარჩევნოდ ზეწოლა არ ყოფილა, მაგრამ 100 ლარი მომცეს ხუთიანის შემოხაზვის სანაცვლოდ“ – აცხადებს სოფელ ახოს მცხოვრები სულიკო ბოლქვაძე.

თეონა დევაძე – მას სოფელ აგარის გამგებელმა ზვიად თებიძემ საარჩევნო შტაბში შეყვანისა და ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის სანაცვლოდ ხელფასის – 240 ლარის აღებას შეჰპირდა. ”ლიბერტი ბანკიდან გამოვიტანე 240 ლარი და 120 ლარი ზვიადს მივეცი, რომელმაც ეს თანხა სხვას გადასცა, მინდოდა 41 შემომეხაზა, მაგრამ რადგან თანხა მქონდა აღებული, შემოვხაზე 5“– აღნიშნა თეონა დევაძემ.

სოფელ აგარის მცხოვრები მევლუდ თებიძე – მას და მის ოჯახს მხარდაჭერის სანაცვლოდ დაბა ქედაში ყოფილი საავადმყოფოს შენობაში საცხოვრებელი ფართის გამოყოფას შეპირდნენ, რის გამოც მან ხმა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მისცა.

სოფელ გობრონეთის მცხოვრები, ლეიკემიით დაავადებული ნონა ბოლქვაძის ოჯახი – მათ 2500 ხმის შეგროვება მოსთხოვეს ავადმყოფისთვის მკურნალობის თანხის გადარიცხვის სანაცვლოდ. ოჯახმა და სანათესაომ შეძლეს აღნიშნული რაოდენობის ხელმოწერების შეგროვება, თუმცა, როგორც ავადმყოფის დედა აცხადებს, ხელმოწერების წარდგენის შემდეგ ბარამიძემ და შერვაშიძემ საჭირო თანხის გადარიცხვა არჩევნების შემდეგი პერიოდისთვის გადაიტანეს და საბოლოოდ პირობა არ შეასრულეს.

ივანე ვასაძე – მას ცხმორისის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ბოლქვაძემ ცენტრში, ხიდზე, ნაციონალური მოძრაობისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ 150 ლარი გადასცა.

ჯუმბერ ნაკაშიძე – სოფელ ცხმორისის ბაგა-ბაღის დარაჯი. „ერთ დღეს სკოლის ეზოში გავიგე, რომ 5 ნომრის სასარგებლოდ ფული რიგდებოდა და მეზობლის გვარი ჩავაწერინე, რომელსაც საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხეს 240 ლარი. ეს თანხა, რომელიც შერვაშიძის გამოგზავნილი იყო, ჩვენამდე ომარ ბოლქვაძის (ცხმორისის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი) საშუალებით მოვიდა. სოფლის გამგებელმა დავით ანანიძემ მომთხოვა, მეზობლისთვის მეთქვა, რომ მას ამდენი არ ეკუთვნოდა და ნახევარი უკან უნდა დაებრუნებინა”, – ნათქვამია კოალიცია “არჩევნის თავისუფლებისთვის” განცხადებაში.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტები შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს.

განცხადებაში ასევე დაფიქსირდა სიღნაღის N13 საარჩევნო ოლქში საარჩევნო დოკუმენტაციის გაყალბების ფაქტი. კერძოდ:

“საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე ვაქირის N5 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ, მდივანმა და კომისიის ყველა წევრმა განაცხადეს, რომ მათ მიერ შედგენილი საუბნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი, რომლის მიხედვითაც ამ უბანზე გაიმარჯვა კოალიცია ”ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების” კანდიდატმა, გადასწორდა და გაყალბდა საოლქო კომისიის წევრების მიერ. აღნიშნული წარმოადგენს ორგანული კანონის – ”საქართველო საარჩევნო კოდექსის” 164-ე მუხლის მე-3 პუნქტის (”არჩევნების გაყალბება”) დარღვევას:

”არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების, საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულტენების, სარეგისტრაციო ოქმების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.” კოალიციის გნცხადებით, დარღვევა ასვე დაფიქსირდა დედოფლისწყაროს N14 საარჩევნო ოლქში. კერძოდ,  

ა) სოფელ საბათლოს მაცხოვრებლები აცახდებდნენ, რომ N18 საუბნო კომისიის წევრები და სოფლის რწმუნებული არტაკ აივაზიანი მათ აიძულებდნენ, შემოხაზული ბიულეტენი გარეთ გამოეტანათ, მათთვის ეჩვენებინათ და ისე ჩაეგდოთ საარჩევნო ყუთში. ამ ფაქტს ადასტურებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ლამზირა სურმანიძეც. აღნიშნული ქმედებით თანამდებობის პირები ხელს უშლიდნენ ამომრჩეველთა ნების თავისუფლად გამოვლენას, რითაც ირღვევა სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლი. არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა –ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.”

ბ) 22-ე საარჩევნო უბანზე (სოფელი ხორნაბუჯი) მოქალაქე ვენერა მარტყოფლიშვილი ხმის მიცემის პროცესში მუდმივად არღვევდა ხმის მიცემის ფარულობას, ამომრჩევლებს სისტემატურად მიყვებოდა ხმის მიცემის კაბინაში და ”ეხმარებოდა” საარჩევნო ბიულეტენში სასურველი ნომრის შემოხაზვაში. ამით ირღვეოდა საქართველოს ”სისხლის სამართლის კოდექსის” 164 მუხლი:

”ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ხმების არასწორად დათვლა, ან არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამება არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში მონაწილის ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა…–ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.”

არჩევნის თავისუფლების ინფორმაციით, გორის საარჩევნო ოლქის მე-4 უბანზე ხმების დათვლის შემდეგ გაირკვა, რომ ამ უბანზე მაჟორიტარულ არჩევნებში დიდი უპირატესობით იმარჯვებდა კოალიცია ”ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების” კანდიდატი, მალხაზ ვახტანგიშვილი.

შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე უბანზე შევიდა პოლიცია, წაიღო ბიულეტენები, მთელი საარჩევნო დოკუმენტაცია და საარჩევნო ადმინისტრაციის კუთვნილი ინვენტარი. პოლიციის ქმედებების შედეგად ამ უბანზე, ფაქტობრივად, ჩაიშალა შედეგების შეჯამების პროცესი, რის გამოც საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ამ უბანზე არჩევნების ხელახლა ჩატარების თაობაზე. ამ შემთხვევაშიც ხელი შეეშალა ამომრჩეველთა ნების დაფიქსირებას, რაც წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის დარღვევას.

მასალების გადაბეჭდვის წესი