ახალი ამბებიეკონომიკა

თიბისი ბანკში რისკების მართვის დირექტორად დავით ჭყონია დაინიშნა

17 იანვარი, 2017 • 7471
თიბისი ბანკში რისკების მართვის დირექტორად დავით ჭყონია დაინიშნა

თიბისი ბანკის რისკების მართვის დირექტორის და გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს დღეიდან დავით ჭყონია დაიკავებს, რომელსაც საბანკო საქმესა და რისკების მართვაში 15-წლიანი გამოცდილება აქვს.

თიბისი ბანკის გუნდში შემოერთებამდე დავით ჭყონია კომპანია „BlackRock“-ის („BlackRock Solutions Group”) დირექტორის პოსტს იკავებდა, სადაც კონსულტაციას უწევდა ფინანსურ ინსტიტუტებსა და მარეგულირებლებს საწარმო რისკებთან, საბალანსო უწყისის სტრატეგიასთან და რეგულაციებთან დაკავშირებულ საკითხებში.

დავით ჭყონია PIMCO-ს უფროსი ვიცეპრეზიდენტის პოსტსაც იკავებდა და კომპანიას კონსულტაციებს უწევდა რისკებთან დაკავშირებულ საკითხებში, განსაკუთრებით კი ევროპის საკრედიტო და კაპიტალის ბაზრებზე შესრულებულ ტრანზაქციებში.

უფრო ადრე, დავით ჭყონია სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა კომპანიებში: European Resolution Capital, Goldman Sachs და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი.

დავით ჭყონია ფლობს სან-ხოსეს უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს და პენსილვანიის უნივერსიტეტის უარტონის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს.

„ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ დავით ჭყონია თიბისი ბანკის დირექტორთა საბჭოს შემოუერთდა რისკების მართვის დირექტორის პოზიციაზე. მას მდიდარი გამოცდილება აქვს ფინანსური სერვისებისა და რისკების მართვის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ დავითი დიდ წვლილს შეიტანს ბანკის შემდგომ ზრდასა და განვითარებაში“, – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

დავით ჭყონიამ თიბისი ბანკის რისკების მართვის დირექტორის პოსტზე გოგა თხელიძე ჩაანაცვლა, რომელიც თიბისი ბანკის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის მართვის ხელმძღვანელად  დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი