ახალი ამბები

მაია ფანჯიკიძე: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აღდგება

10 ოქტომბერი, 2012 • 1315
მაია ფანჯიკიძე: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აღდგება

“დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შეუძლებელია ქვეყანასთან, რომელსაც შენი ტერიტორიის 20% აქვს დაპყრობილი და აღიარებული აქვს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ დღეს ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრიდან გამოსვლისას.

მან აღნიშნული განცხადება დაადასტურა მოგვიანებით “ნეტგაზეთთან” საუბარშიც.

“რუსეთთან არ აღდგება დიპლომატიური ურთიერთობა. დიპლომატიურ ენაზე ეს ასეა, რომ თუკი არსებობს ისეთი პრობლემები, როგორიც არსებობს ჩვენს ურთიერთობებში, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი ზედმეტია”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კურსი არ შეიცვლება.

“ეს იქნება ისევ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. გარდა ამისა, უნდა გაღრმავდეს და განვითარდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ–თან ურთიერთობა. ამის დამადასტურებელი ისიც არის, რომ ბიძინა ივანიშვილის პირველი ვიზიტი იქნება ვაშინგტონში. მაგრამ ჩვენ შევეცდებით დავარეგულიროთ ურთიერთობა რუსეთთან. ეს არ არის ერთი და ორი დღის საქმე, ეს შეიძლება გაგრძელდეს ძალიან დიდხანს. მთავრობა ჯერ არ არის დამტკიცებული და დამტკიცების შემთხვევაში უფრო მეტ კონკრეტიკას მიიღებთ”, – აღნიშნა ფანჯიკიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი