TBC “გალარების პროგრამას” 10%-ის ფარგლებში გთავაზობთ, სხვა ბანკების პოზიცია ჯერ უცნობია

ხვალიდან იმ ფიზიკურს პირებს, რომლებსაც 2015 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხი აქვთ აღებული და გალარების პროგრამის სხვა კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, სამთავრობო სუბსიდიის ფარგლებში სესხის ლარში გადაყვანა შეეძლებათ. პროექტის მიხედვით, 17 იანვრიდან იმ პირებს, რომლებსაც პროგრამა პოტენციურად ეხება, ბანკები დაუკავშირდებიან და იპოთეკური სესხის გალარების პირობებს, მათ შორის ახალ საპროცენტო განაკვეთს, შესთავაზებენ.

ნეტგაზეთი დღეს ცდილობდა გაერკვია, თუ რა საპროცენტო განაკვეთს შესთავაზებენ ბანკები მომხმარებლებს ხვალიდან, თუმცა ეს ყველა ბანკის შემთხვევაში ვერ შევძელით.  TBC ბანკი აცხადებს, რომ პროგრამის ფარგლებში ლარში კონვერტირებული სესხების საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 10% იქნება.

“საშუალოდ იქნება 10%,  შეიძლება, ოდნავ მეტი ან ნაკლები, გამომდინარე იქიდან, კონკრეტული სესხი როგორ მდგომარეოაბშია: თუ სესხი ვადის გადაცილებით იფარება და ა.შ. შეიძლება იყოს უფრო მეტი [საპროცენტო განაკვეთი], მაგრამ კლიენტისთვის, რომელსაც უფრო კარგი საკრედიტო ისტორია აქვს, შეიძლება იყოს უფრო ნაკლები… საშუალოდ 10% და დიდი ცვალებადობა ამ განაკვეთიდან აქედან არ იქნება”, – გვითხრა TBC ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო მასურაშვილმა.

მისივე თქმით, მომხარებლის სურვილის შემთხვევაში სესხის დაფარვის ვადა იგივე დარჩება, რაც დოლარში, თუმცა კლიენტს მისი გაგრძელებაც შეეძლება.

ნინო მასურაშვილი განმარტავს, რომ ეს არის რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი და მისი საპროცენტო განაკვეთი გაიზრდება ან შემცირდება რეფინანსირების განაკვეთის პროპორციულად. წლების მიხედვით რეფინანსირების განაკვეთის ზრდისა და კლების დინამიკას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

აღსანიშნავია, რომ TBC ბანკი დასახელებულ განაკვეთში არ გულისხმობს, მაგალითად, დაზღვევის ხარჯებს და ეს სესხს წლიურად დაახლოებით 0.7%-ით აძვირებს. სხვა ბანკებში თავისი პირობების გამხელას ხვალიდან აპირებენ.

პროგრამის საილუტრაციოდ გადავწყვიტეთ გვეჩვენებინა ერთი კონკრეტული სესხის მაგალითი, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შემთხვევაა და ყველა მომხმარებელს ინდივიდუალურად მოუწევს საკუთარი დანახარჯების დათვლა პროგრამით სარგებლობის შემთხვევაში. არსებობს იპოთეკური სესხი, რომელიც გალარების პროგრამაში მოხვედრის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. 10-წლიანი სესხი 2015 წლის 1 იანვრამდეა აღებული და  დოლარში წლიურ 7.5%-იან განაკვეთში იფარება.  ბოლო გადახდა 2024 წლის დეკემბერში უწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის სრულად დაფარვამდე 96 თვეა დარჩენილი. 2017 წლის იანვარში 196.43 დოლარის გადახდა უწევს, მაგრამ თუ ის სესხს ხვალვე გაალარებს, მაგალითად, 10.5%-განაკვეთიან სესხში, იანვარში 547 ლარის გადახდა მოუწევს, რაც თავის მხრივ ოფიციალური გაცვლითი კურსით 201.96 დოლარია, ხოლო სავალუტო ჯიხურებში – დაახლოებით 204 დოლარი. როგორც ხედავთ, ამ იპოთეკურ სესხის შემთხვევაში ლარში გადატანა დანახარჯს აძვირებს.

თუკი ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს (და, როგორც ჩანს, გაამკაცრებს), არსე-ბული ინფლაციის მოლოდინის ფონზეროგორია მთავრობის გათვლები და პროგნოზებიმოქალაქეებს უღირთ და მოუნდებათ კი ამ პროგრამაში მონაწილეობა? – სებ-ის პრესსამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში ამ კითხვას საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა ასე უპასუხა:

“პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. აღნიშნული პროგრამა მსესხებლებს შესაძლებლობას მისცემს, ისარგებლოს შეღავათიანი კურსით სესხების გალარებისას და არ გადაიხადოს სესხის წინასწარ დაფარვის საკომისიო. გარდა ამისა, პროგრამის მონაწილის შემოსავალი აღარ იქნება დამოკიდებული კურსთაშორის სხვაობაზე და მას სესხის მომსახურება იმ ვალუტით შეეძლება, რომელშიც აქვს შემოსავალი.

ლარის და აშშ დოლარის სესხების პროცენტებს შორის სხვაობა ის ხარჯია, რომელსაც მომხმარებელი სავალუტო რისკის დაზღვევისთვის იხდის, ლარში სესხი კი იძლევა სავალუტო რისკისგან დაზღვევის საშუალებას. ის ასევე უზრუნველყოფს მსესხებლის მიერ სესხის მომსახურებაზე გასაწევი დანახარჯების პროგნოზირებადობას. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს კონვერტაციის ხარჯები, რაც არ არის ლარის სესხის შემთხვევაში”, – აცხადებს მესტვირიშვილი.

ვრცლად სებ-ის პოზიციებს გალარების პროგრამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.


სუბსიდია არ შეეხება მაღალი შემოსავლების მქონე პირებს, ანუ ვისი წლიური შემოსავალი 2015 წელს 100,000 ლარზე მეტი იყო, ან  ვისი სესხის ნარჩენი ოდენობა აღემატება 100 ათას აშშ დოლარს.  სესხების გალარება მოხდება გალარების დღეს არსებულ ოფიციალურ გაცვლით კურსს გამოკლებული 20 თეთრი. მაგალითად, თუ აშშ დოლარის მიმართ ოფიციალური გაცვლითი კურსი არის 2.7 ლარი, მაშინ სესხის გალარება მოხდება 2.5 კურსით. კურსთაშორის სხვაობა დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com