ახალი ამბები

გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ფორმა შეიძლება გაუქმდეს

16 იანვარი, 2017 • 4904
გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ფორმა შეიძლება გაუქმდეს

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, რომლის მიხედვით, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი აღარ იარსებებს.

კანონპროექტის თანახმად, აღარ იარსებებს გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, რომლის გამოცხადებისა და მასში წინადადების წარდგენის ვადა მოქმედი რედაქციით 3 სამუშაო დღეა. ცვლილებების მიხედვით, დარჩება მხოლოდ ელექტრონული ტენდერი, რომლის გამოცხადების ვადები დამოკიდებული იქნება შესყიდვის ღირებულებაზე.

ამასთან, იცვლება სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანის წესიც. კერძოდ, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ცვლილებებს შეიტანს სატენდერო პირობებში, სატენდერო განცხადებისა და დოკუმენტაციის გაცნობის ვადა გახანგრძლივდება იმდენი დღით, რამდენიც გასულია ტენდერის გამოცხადებიდან ცვილების შეტანამდე.

ამავდროულად, პრეტენდენტს შეეძლება შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება, თუ დაირღვა კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები და, ამავდროულად, შეილახა მისი უფლებები. ხოლო სახელწიფო შესყიდვების სააგენტოში ასეთი დავების განხილვის საბჭოში საჩივრის წარდგენისთვის დგინდება საფასური, რაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2 % იქნება, მაგრამ არანაკლებ 100 და არაუმეტეს 500 ლარისა.

კანონპროექტი, რომლის ავტორი სახელმწიფო შესყდვების სააგენტოა, პარლამენტის ბიურომ დღეს, 16 იანვარს დაარეგისტრირა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი