ახალი ამბები

პრემიერი: სხვადასხვა ჯანსაღ ფიზიკურ აქტივობაში ყველა მოსწავლე ჩაერთვება

16 იანვარი, 2017 • 4901
პრემიერი: სხვადასხვა ჯანსაღ ფიზიკურ აქტივობაში ყველა მოსწავლე ჩაერთვება

განათლების რეფორმის ფარგლებში, მთავრობა იწყებს ჯანსაღი ცხოვრების აქტუალიზაციას და იღებს ვალდებულებას, რომ ყველა მოსწავლე იქნება ჩართული სხვადასხვა ჯანსაღ ფიზიკურ აქტივობაში, – ახალი სამთავრობო ინიციატივის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 16 იანვარს, ახლად გახსნილ 103–ე სკოლაში ისაუბრა.

თბილისის 103-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლას ახალ, თანამედროვე სტანდარტებით მქონე სკოლის შენობაში განაგრძობენ. 1000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის გახსნის ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრებიც დაესწრნენ.

გიორგი კვირიკაშვილმა 103-ე საჯარო სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ახალ, თანამედროვე სკოლაში სწავლის გაგრძელება მიულოცა. მისი თქმით, სკოლა მთლიანად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებზე, სადაც ყველას შეეძლება სრულფასოვანი განათლების მიღება.

“ეს არის ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სკოლა და მიხარია, რომ მას დღეს თქვენთან ერთად ვხსნი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს სკოლა არის მთლიანად ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებისთვის. ვფიქრობთ, ყველა ცივილიზებული საზოგადოებისთვის აუცილებელია, წავშალოთ ზღვარი და ყველას შეეძლოს მიიღოს თანამედროვე განათლება და თავიდანვე იყოს ინტეგრირებული საზოგადოებაში,” – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ახალი სკოლიდან საზოგადოებას ახალი სამთავრობო ინიციატივა გააცნო. როგორც პრემიერი ამბობს, განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა იწყებს ჯანსაღი ცხოვრების აქტუალიზაციას და იღებს ვალდებულებას, რომ ყველა მოსწავლე იქნება ჩართული სხვადასხვა ჯანსაღ ფიზიკურ აქტივობაში. მისი განმარტებით, განათლებისა და სპორტის სამინისტროები, სპორტულ ფედერაციებთან ერთად, სკოლებს შესაბამის პროგრამას შესთავაზებენ, რათა ჯანსაღი ცხოვრების წესი ახალგაზრდებისთვის ცხოვრების ნაწილად იქცეს.

“მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი და ნომერ პირველი პრიორიტეტი არის განათლების რეფორმა და ამ რეფორმის ფარგლებში, მინდა, დღეს დაავანონსო ერთი ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. მოგეხსენებათ, ჩვენი ბავშვები ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებაში და ისინი ნამდვილად გვისწრებენ უფროსებს ამ მიმართულებით. ვფიქრობ, ჩვენი ბავშვები დღეს არიან აბსოლუტურად კონკურენტუნარიანები საერთაშორისო მასშტაბით ახალი ტექნოლოგიების ათვისებაში. ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში კიდევ უფრო აქტუალური ხდება ფიზიკური აქტივობა და ფიზიკური ვარჯიში. ამიტომ, ჩვენ გვინდა დღეიდან ყველა სკოლას, ყველა ბავშვს შევთავაზოთ ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება და ფიზიკური აქტივობა. ჩვენ, განათლებისა და სპორტის სამინისტროებთან და სპორტულ ფედერაციებთან ერთად, შევიმუშავებთ ყველა სკოლისთვის ფიზიკური აქტივობის პროგრამას, რომ ყველა ბავშვი იყოს ჩართული მასში.”

სკოლის გახსნის საზეიმო ღონისძიების ფარგლებში,  სკოლის ადმინისტრაციასა და ფრენბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

103–ე სკოლის გახსნა. ფოტო: პრემიერის პრესსამსახური

103–ე სკოლის გახსნა. ფოტო: პრემიერის პრესსამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი