ახალი ამბები

NDI: გამოკითხულთა უმეტესობა გენდერული კვოტირების მომხრეა, თუმცა მათი რაოდენობა შემცირდა

16 იანვარი, 2017 • 3750
NDI: გამოკითხულთა უმეტესობა გენდერული კვოტირების მომხრეა, თუმცა მათი რაოდენობა შემცირდა

NDI-ს დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა პარლამენტში გენდერულ კვოტირებას უჭერს მხარს, თუმცა წინა კვლევის შედეგთან შედარებით მათი რაოდენობა შემცირდა.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 62% უჭერს მხარს გენდერულ კვოტირებას საქართველოს პარლამენტში. მოწინააღმდეგეებს რაც შეეხება, გამოკითხულთა 27% კვოტირების წინაააღმდეგია. გამოკითხულთა 13%-მა არ იცის, უჭერს თუ არა მხარს გენდერულ კვოტირებას.

NDI-ს წინა საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრის კვლევასთან შედარებით, რომელიც 2015 წლის აპრილში ჩატარდა, 2016 წლის ნოემბერში კვოტირების მომხრეთა რაოდენობა 6%-ით შემცირდა. 2015 წლის აპრილის კვლევისას გამოკითხულთა 58%-მა მხარი დაუჭირა კვოტირებას, ხოლო კვოტირების წინააღმდეგი გამოკითხულთა 16% იყო.

გამოკითხულთა 56% მიიჩნევს, რომ ქალთა რაოდენობის გაზრდა დადებით გავლენას მოახდენს პარლამენტის მუშაობაზე, 8% ფიქრობს, რომ უარყოფით გავლენა მოახდენს, ხოლო 27%-ის აზრით, ქალების რაოდენობის გაზრდა არანაირ გავლენას არ მოახდენს.

გამოკითხულთა უმეტესობა, 39% მიიჩნევს, რომ საუკეთესო გადანაწილება იქნება 30% ქალი და 70% კაცი, 35% მიიჩნევს, რომ ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება 50-50%-იანი გადანაწილება. მხოლოდ 2% ფიქრობს, რომ პარლამენტის წევრებს შორის თუ 30% კაცი იქნება და 70% ქალი, უფრო კარგი იქნება.

“პოლიტიკური პარტიები უკვე წლებია ფეხს ითრევენ ქალების პოლიტიკური ჩართულობის საკითხზე. გასული არჩევნები და პარტიების კანდიდატთა სიები ამისი კარგი დასტურია. თუმცა ნათელია, რომ მოსახლეობაში ქალების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვაზე მოთხოვნა არსებობს და ისინი მხარს უჭერენ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას,” – განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI-ს დირექტორმა საქართველოში.

გამოკითხვა 2016 წლის 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევის შედეგები დღეს, 16 იანვარს გააცნეს საზოგადეობას.

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,8%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

ndi1 ndi

მასალების გადაბეჭდვის წესი