ახალი ამბები

ია ანთაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მრჩეველი ხდება

13 იანვარი, 2017 • 6495
ია ანთაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მრჩეველი ხდება

ია ანთაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის  მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ია ანთაძემ დაუდასტურა და აღნიშნა, რომ შემოთავაზება ახლად არჩეული გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძისგან მიიღო.

ია ანთაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ამ შეთავაზებას დათანხმდა და მუშაობას, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში დაიწყებს.

ია ანთაძე ტელეკომპანია GDS-ზე გადაცემა “59 წამის” პროდუსერის თანამდებობას იკავებდა  2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის დეკემბრამდე.

ამ გადაცემამდე ია ანთაძე ტელეკომპანია GDS-ისა და ორგანიზაცია “სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” ერთობლივ ტელეპროექტზე  მუშაობდა. “მედიასტანდარტი” GDS-ის ეთერში  2015 წელს  გადიოდა ეთერში.

ვასილ მაღლაფერიძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელმა დირექტორმა, რომელიც მაშინ  GDS-ის გადაცემა “2030”-ის მთავარი პროდუსერის თანამდებობას იკავებდა, “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ არხის ხელმძღვანელობა კმაყოფილი იყო “მედიასტანდარტით” და ამიტომაც სთხოვეს თანამშრომლობა ია ანთაძეს: “ჩვენ ძალიან კარგად ვითანამშრომლეთ მაშინ  და ამიტომ დავუძახეთ იას. ვთხოვეთ კიდევ თანამშრომლობა”, – განაცხადა 2015 წლის 9 ნოემბერ ვასილ მაღლაფერიძემ.

ტელეკომპანია GDS ანთაძემ 2016 წლის დეკემბერში დატოვა და ფეისბუკზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაში არსებული ტელევიზიაში მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის შესახებ წერს, რომ მას GDS-ზე “ასპროცენტიანი სარედაქციო დამოუკიდებლობა” ჰქონდა:

ია ანთაძე ამავე დროს არის   “სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე, წლების განმავლობაში მუშაობდა რადიო “თავისუფლებაში”  და მონაწილეობდა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დაფუძნებაში.


საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი, რომლის მრჩევლადაც იმუშავებს ია ანთაძე,  მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 6 წლის ვადით  6 იანვარს აირჩია. მან საბჭოს წევრთა 6 ხმა მიღო.  სამეურვეო საბჭო ამ გადაწყვეტილების გამო საზოგადოების ნაწილის კრიტიკის ობიექტი გახდა, რადგანაც კითხვები აქვთ ვასიკო მაღლაფერიძის პოლიტიკურ მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

ვასილ მაღლაფერიძე 2016 წლის აგვისტომდე GDS-ის გადაცემა 2030-ის გენერალური პროდიუსერი იყო. 2012 წელს კი, ტელეკომპანია “მეცხრე არხის” დირეტორის მოადგილე. 1999-2004 წლებში – საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო 2005-2008 წლებში – სახელმწიფო რწმუნებული. ის ასევე მუშაობდა ომბუდსმენის აპარატში.

მასალების გადაბეჭდვის წესი