ეკონომიკა

ფულადი გზავნილების შემცირება ლარს კიდევ უფრო დაასუსტებს

26 ივლისი, 2015 • • 1928
ფულადი გზავნილების შემცირება ლარს კიდევ უფრო დაასუსტებს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, საბერძნეთისა და რუსეთ-უკრაინის კრიზისი საფოსტო ფულად გზავნილებზე ავტომატურად აისახა. გზავნილები, საერთო ჯამში, 19 პროცენტით შემცირდა:


„მაისში საბერძნეთიდან დაგვაკლდა 2,4 მილიონი დოლარი, ანუ ეს თანხა არ შემოვიდა. ეს ფულადი გზავნილების მთლიან ბალანსში დიდი რიცხვი არ არის, თუმცა რუსეთიდან ფულადი გზავნილების მნიშვნელოვნად შემცირების ფონზე საერთო კლება პროცენტებში დაახლოებით 19-20%-ია”.


ფულადი გზავნილები უცხოეთიდან ივნისში 20.8%-ით შემცირდა და 100.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მეტად რუსეთიდან შემომავალი გზავნილები შემცირდა. 2014 წელს ფულადი გზავნილების 50 პროცენტი რუსეთზე მოდიოდა, 2015 წლის ივნისში კი 38 პროცენტია. ფულადი გზავნილების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირებულია საბერძნეთიდან და უკრაინიდან.


ფულადი გზავნილების შემცირება უკვე აისახა მათ სოცილურ მდგომარეობაზე, ვისი ოჯახის წევრებიც საბერძნეთში, უკრაინასა და რუსეთში მუშაობენ. დათო ნადირაძე ამბობს, რომ საბერძნეთიდან გზავნილი მეორე თვეა არ მიუღია:


“მეორე თვე დაიწყო და ძმამ ფული ვერ გადმომირიცხა. ეს ერთადერთი შემოსავლის წყაროა და ახლა იძულებული ვარ პროდუქტები ვალით ავიღო”.

უკვე ხუთი თვეა მოსკოვიდან ფულადი გზავნილი არ მიუღია მაიკო ტაბატაძეს:”კრიზისის გამო მშობლები უმუშევრები დარჩნენ. დამქირავებელმა ბაზრობაზე ტანსაცმლის მაღაზია დახურა, რადგან ვაჭრობა შეუმცირდა”.


ეროვნული ბანკის სტატისტიკით, 2015 წლის ივნისში საქართველოში რუსეთიდან 41 640 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, როცა 2014 წლის ივნისში ეს მაჩვენებელი 72, 636 მლნ აშშ დოლარი იყო. 2015 წლის ივნისში საბერძნეთიდან ქვეყანაში 13,739 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა, 2014 წელის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 18, 617 მლნ აშშ დოლარი იყო. შემცირდა ფულადი გზავ-ნილები უკრაინიდან _ 2015 წლის ივნისში 1 ,639 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო 2014 წლის ივნისში ფულადი გზავნილების მოცულობა 1 ,658 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.


საქართველოში ფულადი გზავნილების კიდევ უფრო შემცირებას პროგნოზირებს ეკონომიკური ცენტრის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე:


“წელს, გასულ წელთან შედარებით, ფულადი გზავნილები დაახლოებით 270-300 მილიონი დოლარით ნაკლები იქნება. ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული დანაკლისია. ლარის სტაბილურობაზეც ახდენს გავლენას და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზეც. მოქალაქეები დარჩებიან შემოსავლების გარეშე. ფულადი გზავნილების შემცირება ეკონომიკაზეც ახდენს გავლენას. მცირდება მოთხოვნა. მომხმარებელს, პირველ რიგში, კარგავს საშუალო და მცირე ბიზნესი”.


ეროვნული ბანკისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები აჩვენებს, რომ ფულადი გზავნილების გავლენა ეკონომიკაზე დიდია. 2009 წლიდან ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს აღემატება.


2014 წელს, დაუზუსტებელი მონაცემებით, ქვეყანაში 1 272 5 მლნ აშშ დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, ხოლო ფულადმა გზავნილებმა 1 440 754 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.


“გზავნილების მოცულობას ვუყურებთ, როგორც ერთ-ერთ წყაროს ფინანსური სტაბილურობის. ნორმალური ეკონომიკის ქვეყანაში ეს არის შემოსავლის ერთ-ერთი არაძირითადი საშუალება. მაგალითად, თურქეთში 15 წლის წინ ფულადი გზავნილები 4-ჯერ მეტი იყო, ვიდრე ახლა. გზავნილების მოცულობა შემცირდა, ხოლო თურქეთის ეკონომიკა გაიზარდა ინფრასტრუქტურის და მრეწველობის განვითარების ხარჯზე. თუ გვინდა, რომ ჩვენი ვალუტა იყოს მყარი, ეკონომიკა უნდა განვავითაროთ. ჩვენი პროდუქცია გახდეს კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე და მისი ექსპორტი გაიზარდოს”, – ამბობს სოსო არჩვაძე.


რომან გოცირიძის შეფასებით, სავალუტო ნაკადების კომპენსირება უნდა მოხდეს ექსპორტიდან და ტურიზმიდან:


“სამწუხაროდ, ექსპორტი კვლავ მცირდება. ტურიზმის დარგში კი რაიმე არსებითი ხასიათის ძვრები ჯერ არ ჩანს. ბოლო რამდენიმე წელიწადში ტურიზმი ყოველწლიურად ორნიშნა რიცხვებით იზრდებოდა. ახლა ძალიან დაეცა ტემპი. ვნახოთ, რა მოხდება ივლის-აგვისტოში”.


ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ივნისში 31,4 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. ფულადი გადმორიცხვები გაიზარდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ივნისში ამერიკიდან 8,6 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანი მოცულობის 8,5 პროცენტია. ერთ წელში ამერიკიდან ფულადი გზავნილები 3 პროცენტით გაიზარდა.


2015 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 14.3 მლნ აშშ დოლარი (32.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 14.1 მლნ აშშ დოლარისა (25.0 მლნ ლარისა) გასული წლის ივნისში.


რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, 2015 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში 538,639 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა. მეორე კვარტლის შედეგები საქსტატს ჯერ არ გაუსაჯაროებია.


“უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში იმ შემთხვევაში შემოდის, თუ ინვესტორი სარგებელს ნახულობს კაპიტალდაბანდებით. ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ არის შედარებით იაფი რომელიმე საწარმოო რესურსი: მიწა, შრომა, კაპიტალი, თუ მიმზიდველი შეღავათებია საგადასასახადო სისტემაში. კონკურენტუნარიანი უნდა იყოს უცხოური კაპიტალით შექმნილი პროდუქცია, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მსოფლიო ბაზარზე”, – ამბობს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი