თაქთაქიშვილი: პარტიიდან გასულები მოპარული მანდატებით არიან პარლამენტში

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირებული ჯგუფი პარლამენტში “მოპარული მანდატებით სხედან.

“სამართლებრივად, არავითარი საშუალება და ბერკეტი არსებობს, რომ სადეპუტატო მანდატები დატოვოს ამ ჯგუფმა. არ მგონია, რომ კანონში უნდა შევიდეს ცვლილება და დეპუტატის გამოწვევა შეეძლოს ხალხს. ვფიქრობ,  ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს თითოეულ ამ ადამიანს, რომლებიც, ფაქტობრივად, მოპარული მანდატებით არიან პარლამენტში,” – ამბობს ჩიორა თაქთაქიშვილი.

მისივე აზრით, უსამართლობაა, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი მხარს პარტიის გამო გიჭერდეს და შენ ამ პარტიის წინააღმდეგ წახვიდე:

“უსამართლობაა ის, რომ ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა მხარი დაგიჭიროს იმიტომ, რომ წარმაოდგენ პარტიას და შემდეგ ისეთი განცხადებები გააკეთო, როგორიც გუშინ გაკეთდა. უსამართლობაა, ისევ გქონდეს პრეტენზია, რომ პარლამენტში იყო იმ მანდატებით, რომელიც ხალხმა იმ საქმისთვის მოგცა, რასაც დაუპირისპირდი. ეს არასამართლიანია.”

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებისა და ლიდერების უმეტესობა ახალ პოლიტიკურ ძალას ქმნიან. განცხადება ამის შესახებ, დავით ბაქრაძემ და მისმა თანამოაზრეებმა  12 იანვარს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთეს. 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.